„დამხრჩვალი“ ტალანტის ისტორია

„დამხრჩვალი“ ტალანტის ისტორია

რა თქმა უნდა ქრისტიანობა არ მოგვიწოდებს ტალანტების (ნიჭების) უგულებელყოფისკენ. პირიქით, თვით სახარებისეული სიტყვა- ტალანტი ნიშნავს, რომ ღვთის ნებისმიერი საჩუქარი ძვირფასი, მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენი მაცხოვნებელი არა თვით ნიჭი (როგორც არ უნდა დავხვეწოთ ის), არამედ მისი სწორედ გამოყენება, მისი მეშვეობით მოყვასზე ზრუნვაა. მის არასწორ, არამიზნობრივ გამოყენებაზე ნეტარი ფეოფილაქტე წერს: „თუ შეხვდებით ნიჭიერ და მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელიც თავის ტალანტებს პირადი  მიზნების, გამორჩენისა და ბოროტებისათვის იყენებს ჩათვალე, რომ მან თავისი ნიჭი მიწაში ჩამარხა, ანუ მიწიერ მოთხოვნილებებს შესწირა“.   

თუმცა ხანდახან ჩვენი ნიჭის გამრავლების ერთადერთი შესაძლებლობა… სწორედ მისი მიწაში დაფლვა, მის რეალიზაციაზე შეგნებულად უარის თქმაა. ამ პარადოქსზე აბსტრაქტული მსჯელობები შორს წაგვიყვანს და ამიტომ მოდით კონკრეტულ, ცხოვრებისეულ მაგალითზე შევჩერდეთ.

ერთხელ, ერთმა საბჭოთა სპორტსმენმა სამუდამოდ დატოვა დიდი სპორტი. თითქოს და არაფერი, სპორტის სამყაროში ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იმიტომ, რომ საუბარია (დასათვლელად მოემზადეთ!) 11-გზის მსოფლიო რეკორდსმენ, 17-გზის მსოფლიო ჩემპიონ, 13-გზის ევროპის და 7-გზის სსრკ-ს ჩემპიონზე. ასეთი „ნამსახურობის ნუსხის“ სპორტსმენები მთელ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია. და აი, კარიერის, დიდების და აღიარების პიკზე მყოფი პიროვნება მოულოდნელად ტოვებს დიდ სპორტს, რათა გარკვეული დროის შემდეგ მოსკოვში ფეხსაცმლის ინდკერვის პატარა სტუდია გახსნას. ამ ადამიანმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავის ტალანტი მიწაში დაფლა. უფრო სწორად ერევნის ტბის ბინძურ და გაყინულ წყალში დაახრჩო. მაგრამ ვერავინ გაბედავს მის გამტყუნებას, თვით თავგადაკლული გულშემატკივრებიც კი!

… იმ დღეს 1976 წლის 16 სექტემბერს, ერევანში დამბაზე მიმავალი ტროლეიბუსი ტბაში გადაიჩეხა. 92 მგზავრი 10 მეტრის სიღრმეზე ტბაში ცოცხლად ჩამარხული აღმოჩნდა, ისინი განწირულნი იყვნენ, რომ არა ერთი გარემოება. ზუსტად ამ დროს ტბის ნაპირზე ცურვაში მრავალგზის ჩემპიონი შავარშ კარაპეტიანი ვარჯიშობდა. შემდგომ ექსპერტები აღიარებენ, რომ ქვეყანაზე ვერავინ შეძლებდა იმას, რაც შავარშმა გააკეთა; მან ტროლეიბუსის ჩავარდნით ამღვრეულ ტბაში ჩაყვინთა, ფეხებით უკანა შუშა ჩაამტვრია და გონდაკარგული მგზავრების ამოყვანა დაიწყო.

20 წუთი გაყინულ წყალში, 20 გადარჩენილი სიცოცხლე! სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა, შავარშის ყოველ ამოყვინთვაზე დამბაზე შეგროვილი ხალხი მისი შუშის ნამსხვრევებისგან დასერილ სხეულს ხედავდა.

მერე, როცა შავარშს ჰკითხეს: რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული? -მან უპასუხა:“მე ზუსტად ვიცოდი,რომ მიუხედავად ჩემი მომზადებისა, მხოლოდ რამდენჯერმე ჩაყვინთვას შევძლებდი. ფსკერზე არაფერი ჩანდა, ამიტომ მე ვარაუდით ამომყავდა მგზავრები. ერთ-ერთ ამოყვინთვაზე მე დავინახე, რომ ადამიანის ნაცვლად ტროლეიბუსის ტყავის საზურგე მეჭირა ხელში, ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი შეცდომის საფასური- ვიღაცის სიცოცხლე იყო! მას შემდეგ ეს საზურგე ხშირად მესიზმრებოდა.“

ეს გმირობა მას ძალიან ძვირი დაუჯდა. ორმხრივი ფილტვების ანთება გართულებული სეფსისით, ამის მიზეზი კი ტბაში ჩაშვებული კანალიზაცია გახლდათ. ექიმებმა მისი გადარჩენა შესძლეს, მაგრამ სპორტში დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. შავარშ კარაპეტიანი დაინვალიდდა.

შავარშმა სამუდამოდ დამარხა დიდი მოცურავის ნიჭი, მაგრამ იმ საზარელი 20 წუთის განმავლობაში მან ღვთისგან ადამიანებისადმი უხვად ნაბოძები სიყვარული გაამრავლა.

ურწმუნო ადამიანისთვის ეს ისტორია სუფთა წყლის შემთხვევითობა, მოვლენების ამოუხსნელი თავშეყრაა. ქრისტიანული თვალსაზრისით კი ეს სულ სხვაგვარად გამოიყურება: უფალმა შავარშ კარაპეტიანს საოცარი, იშვიათი ნიჭი უბოძა, რომელიც მან თავდაუზოგავი შრომით განავითარა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოცურავე გახდა. მაგრამ ეს არ იყო ოქროს მედლების, ტიტულებისა და ოვაციებისათვის. ღმერთი წლები ამზადებდა შავარშს იმ საბედისწერო წუთისთვის, როცა მის თვალწინ ხალხით სავსე ტროლეიბუსი ტბაში გადავარდა; ამ წუთისთვის ებოძა მას ნიჭი და სწორედ ამ წუთისთვის მიიყვანა ის სრულყოფილებამდე. მაგრამ იქ-დამბაზე ბოლო არჩევანი მისი გასაკეთებელი იყო. შავარშს შეეძლო ნაპირზე დარჩენილიყო, ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა და არც გუნდისთვის ეღალატა, ახალი რეკორდები დაემყარებინა და კიდევ უფრო სწრაფად ეცურა. ან გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა! მოცურავის ნიჭი მან უფლისგან მიიიღო, მაგრამ გადაწყვეტილება, ადამიანების გადასარჩენად გადამხდარიყო ბინძურ და გაყინულ წყალში მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სწორედ ეს იყო მისთვის  მიმადლებული ნიჭის სარგებელი.

რა თქმა უნდა შავარშ კარაპეტიანის გმირობა ისეთივე უნიკალურია, როგორც მისი ტალანტი. შემთხვევით არ არის ნათქვამი სახარებაში, რომ ადამიანს ნიჭი თავისი შესაძლებლობების მიხედვით მიეცემა. ნებისმიერ ადამიანს მრავალი, თუნდაც პატარა, მაგრამ ჭეშმარიტი ნიჭი გააჩნია, ყველა მათგანი, ისევე როგორც თვით ჩვენი სიცოცხლე ღმეთის საჩუქარია და ის ჩვენი სურვილისამებრ უნდა გამოვიყენოთ. თითოეულ ჩვენგანს გვქონია ჩვენი პატარა „ტროლეიბუსი დამბაზე“, მთავარია ყოველდღიურობაში მათი დანახვა ვისწავლოთ და სხვის უბედურებას გვერდი გულგრილად არ აუაროთ. ამისთვის აუცილებელი არაა მსოფლიო ჩემპიონი იყო, საკმარისია საკუთარი ეგოიზმის დაძლევა შესძლო და სხვა ადამიანითვის გააკეთო ის, რისი ძალაც შეგწევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოხუცი, რომელსაც მეტროში ადგილი დაუთმე, უცნობი ავადმყოფი -რომელსაც შენ ჩაბარებულ სისხლს გადაუსხამენ, თუ შენი მეუღლე, რომელსაც ოჯახური კამათის დროს გაუღიმებ და ეტყვი -მაპატიე.

მთავარი კი ისაა, რომ სახარებისეული ტალანტები (ნიჭები) მხოლოდ ერთ შემთხვევაში მრავლდება: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რაც კი გაუკეთეთ ერთს, ამ ჩემს მცირე ძმათაგან, მე გამიკეთეთ“ (მათ.25:40).

მოყვასისადმი ამ ქმედითი სიყვარულის გარეშე თქვენი თუნდაც უდიდესი ნიჭები უფლის წინაშე ნაჩუქარი, გამოუყენებელი და მიწაში დაფლული ვერცხლის ტოლფასი იქნება.

ეს ისტორია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ღმერთმა სპეციალურად „ჩაძირა ტროლეიბუსი“ შავარშის გმირობის სარეალიზაციოდ. თითქმის ყოველთვის ნებისმიერი გმირობა -ვიღაცის გულგრილობისა და დაუდევრობის საპირისპირო მხარეა.

როგორც შემდგომში მგზავრები იხსენებდნენ, ავარია მძღოლთან ვიღაც ნაძირალას შეკამათებამ გამოიწვია. ეს ადამიანი, ისევე როგორც შავარში, წლები მიდიოდა ამ წუთისკენ და ისიც აბსოლუტურად თავისუფალი იყო არჩევანში. იქ, ერევნის ტბის დამბაზე ამ ორმა ადამიანმა ზნეობრივი არჩევანი გააკეთა: ერთმა -72 ადამიანის დაღუპვის, მეორემ -მათი გადარჩენის. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ეს თავისუფალი გადაწყვეტილება ღმერთის ნებით, ხოლო მეორემ მის საწინააღმდეგოდ მიიღო. იმ ხულიგანს რომ თავი შეეკავებინა, ტროლეიბუსი მშვიდად დაასრულებდა მარშრუტს. შავარში კი ვარჯიშს გააგრძელებდა და ვერც კი გაიგებდა, თუ რა საზარელმა გამოცდამ აუარა გვერდი.

 

ავტორი: ა. ტკაჩენკო