არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია (2)

არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია (2)

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

სამწუხაროდ, სტატიის (რომლის კრიტიკაც დავწერეთ[1]) ავტორმა [2], პროტესტანტმა ვასიკო ნებიერიძემ, სტატიის შედგენის თვალსაზრისით, როგორც პირველად, ისე მეორედ [3] გაიმეორა იგივე ელემენტარული ტაქტიკური შეცდომები: ავტორს წყაროებისა და ლიტერატურის შესახებ ცნობები არ მოჰყავს; არ იყენებს კრიტიკულ მასალას, რომლის გარეშეც სტატია მხოლოდ სუბიექტურ ხასიათს იძენს და საზოგადოებისადმი შეთავაზებულ სერიოზულ აზრად არ აღიქმება; აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ერთიანობისა და განხეთქილების საკითხის თაობაზე დასავლურ ისტორიოგრაფიას ავტორი არ იცნობს, აღნიშნულ საკითხზე კი დასავლური მეცნიერული ანალიზის გაუთვალისწინებლობას სტატია უმდაბლეს დონეზე დაჰყავს.

ამგვარად, სტატია არა უბრალოდ პოპულისტურ დონემდე მიდის, არამედ რაღაც მოთხრობს სახეს იღებს. ეს მოთხრობა საკითხის ინდივიდუალურ აღქმას ეფუძნება და ავტორიტეტულ სამეცნიერო ლიტერატურას არ ითვალისწინებს, რომლის გარეშეც ისტორიული ფაქტების სერიოზულ დონეზე გადმოცემა შეუძლებელია. ასევე, მოთხრობა, გაფორმების თვალსაზრისით ინტერნეტ-ფორუმების პოსტებს ჰგავს. ისეთი რთული საკითხი, როგორიცაა აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიის გაყოფა დიდ დროს, დასავლელი და აღმოსავლელი ისტორიკოსების გამოცდილების გათვალისწინებას, სამეცნიერო (განსაკუთრებით — კრიტიკული) ლიტერატურის დიდი ნაწილის ანალიზს მოითხოვს. მაგრამ, როგორც გაირკვა, ავტორი სტატიის დაწერას უფრო ჩქარობს, ვიდრე ეკლესიის განყოფის საკითხის საფუძვლიან შესწავლას.

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ავტორმა თავისი სტატია დაასათაურა — „FILIOQUE (და ძისაგან ) ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია“ — და უნდა ითქვას, რომ ამ სტატიის სათაური საეკლესიო-ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტორს სურს თქვას, რომ 1054 წელს ეკლესია ერთი სიტყვის“ — filioque-ს გამო გაიყო, მაგრამ როგორც სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე გაკეთებულმა ჩვენმა მოკლე ანალიზმა აჩვენა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არავითარი განხეთქილება არ მომხდარაგანხეთქილება რომსა და კონსტანტინოპოლს შორის მოხდა; აღმოსავლეთი მარტო კონსტანტინოპოლისგან არ შედგებოდა, აქ სხვა ადგილობრივი ეკლესიებიც იყვნენ (ავტორს არც ეს ნიუანსი არ გაუთვალისწინებია), რომლებიც რომთან კავშირს 1054 წლის შემდეგაც ინარჩუნებდნენ. თუ 1054 წლის განხეთქილებაში მხოლოდ კონსტანტინოპოლი მონაწილეობდა, დანარჩენი საპატრიარქოები კი რომთან კავშირს ინარჩუნებდნენ, მსოფლიო ეკლესიის ორ — აღმოსავლურ და დასავლურ — ნაწილად გაყოვაზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი ავტორის ისტორიული ანაქრონიზმი იმდენად უხეშია, რომ მის ხშირ კომენტრირებას არც დავიწყებთ. როდესაც ავტორი ამბობს, რომ განხეთქილება ტერმინის გამო მოხდა, ის ამით ისტორიას ამახინჯებს, მთელი შემდეგი ისტორია კი აჩვენებს, რომ განხეთქილების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მიზეზი პოლიტიკური ფაქტორი იყო — აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში (XI – XII სს) ლათინელები აღმოსავლელ ქრისტიანებს filioque-ს მიღებას არ აიძულებდნენ. აქედან ჩანს, რომ რომისთვის პრინციპული აღმოსავლელი ქრისტიანების კერძო საღვთისმეტყველო მოსაზრება კი არ იყო, არამედ პაპის (საეკლესიო-იურიდიული) ომოფორის ქვეშ ქრისტიანთა გაერთიანება (ანუ, პაპის პრიმატი). თავის მეორე სტატიაში ავტორი აზუსტებს, რომ მისი პირველი სტატია 1054 წლის განხეთქილების აღწერას ისახავდა მიზნად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის თავის თავს ეწინააღმდეგება: ერთის მხრივ (მეორე სტატიაში) ის ამბობს, რომ მიზნად ისახავს ეკლესიის XI საუკუნეში განხეთქილების აღწერას, სტატიას კი (პირველ სტატიაში) ასათაურებს, რომ filioque-მ გაყო ეკლესია ორ ნაწილად, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ ტერმინს ეკლესია ამ საუკუნეში ორად არ გაუყვია, რადგან 1054 წლის შემდეგაც აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი რომის საყდართან კავშირში იყო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საეკლესიო ურთიერთობების 1054 წლის შემდგომი ისტორიის გაუთვალისწინებლად ეკლესიაში „განხეთქილებაზე“ საუბარი უხეშ და უპატიებელ საისტორიო შეცდომას წარმოადგენს. ასე საუბარი 1054 წლის შემდგომი საეკლესიო ისტორიის, განსაკუთრებით კი მისი კრიტიკული მასალის, არცოდნას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიის აღმოსავლეთად და დასავლეთად გაყოფის 1054 წლით დათარიღება ლიტერატურისა და წყაროების არცოდნას ნიშნავს. ჩვენ მცირე მოცულობის სტატიისათვის საკმაოდ დიდი მოცულობის ლიტერატურა მოვიყვანეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ ავტორის სუბიექტური აზრი ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება.

ავტორის ამბიციურობა უსაფუძვლოა, რადგან თუ ადამიანი აცხადებს, რომ ეკლესია 1054 წელს გაიყო და აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთელ შემდგომ ერთობის ისტორიას (XIII ს. მეორე ნახ.) ვერ უარყოფს, ეს უკვე უსაფუძვლო ამბიციურობა კი არა, ისტორიული ცილისწამებაა.

ავტორი წერს „არაკეთილსინდისიერებაზე“. ავტორს არაკეთილსინდისიერების თავისებური გაგება გააჩნია, მაგრამ სტატიის ქვესათაური უფრო ყურადღებით რომ წაეკითხა, დაინახავდა, რომ სტატია აპოლოგეტიკური ცენტრის სახელით არის დაწერილი და არა კერძო პირის სახელით. მოცემულ შემთხვევაში, სიტყვა „მხოლოდ“ ავტორის თავის გამართლების მცდელობაა, რადგან სტატიის სათაური „ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია“ და მთელი სტატია დასავლეთში კერძოდ ამ ტერმინის ისტორიასა და გამყარებაზე საუბრობს და რომ ის გახდა განხეთქილების მიზეზი, ეს კი სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტორისთვის დამახასიათებელია სტატიის სათაურის ბუნდოვანება და ამავდროულად მცდელობა, თავისი თხრობა შეაფერადოს და განხეთქილების სხვა მიზეზებიც აჩვენოს (მაგ., პოლიტიკური). ავტორი იდეოლოგიურად არის განწყობილი, ხოლო სადაც არის იდეოლოგია იქ მეცნიერება მკვდარია. ავტორს არ უნდა ემართლებინა თავის სტატიაში და პირველი სტატია არ უნდა დაეზუსტებინა (სტატია ისე უნდა დაწერო, რომ მისი დაზუსტება მეორე სტატიით არ დაგჭირდეს — ეს არის სტატიის სიცხადის ნიშანი), რომ ის თითქოს სხვა მიზეზებსაც ასახელებს. ეს მიზეზები მის სტატიაში იმდენად უბადრუკად არის ნაჩვენები, რომ filioque-ს (როგორც ეკლესიის განხეთქილების მიზეზის) ფონზე ის მიზეზები იკარგება, რადგან მან თავის სტატიას იმთავითვე იდეოლოგიური ტონი მისცა, როდესაც სათაურად — „«ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია“ უწოდა. ამით მან სცადა მკითხველზე ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა, თითქოს ეკლესია ერთი სიტყვის გამო გაიყო. სტატიის პირველივე სიტყვა მკითხველის აზრს იდეოლოგიურ მიმართულებას აძლევს. ეს ძალიან მზაკვარი და უშნო ტაქტიკაა. ავტორს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული პოლიტიკური სინამდვილის მთელი ძალა უნდა ეჩვენებინა, რომელმაც ეკლესია ორად გაყო. ამის გაკეთება მოკლედაც შეიძლებოდა, წყაროებისა და ლიტერატურის მოშველიებით, მაგრამ ჩვენი ავტორი მათ არ იცნობს და ამიტომაც აღწერა ყველაფერი ასე არაობიექტურად და წარუმატებლად. ავტორს რომ სცოდნოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების მიზეზი (ფოტიუს კონსტანტინოპოლელი დროს) თავის ისტორიულ ტყუილს არ გააგრძელებდა. აღმოსავლეთმა ფოტიუსამდეც იცოდა დასავლეთში filioque -ს ადგილობრივად აღიარების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ „გაახსენდა“, როდესაც ლათინელმა მისიონერებმა ბალკანეთში დაიწყეს ქრისტიანობის გავრცელება, ანუ კონსტანტინოპოლის საზღვრებთან, რამაც ეს უკანასკნელი პოლიტიკურად გაანერვიულა. მაგრამ ავტორმა ეს არ იცის… ჯობს, მან ამ საუკუნეში, ფოტიუსის დროს, უკეთ შეისწავლოს უთანხმოებების ისტორია და აქ იპოვის იმის პასუხს, თუ რა ხდებოდა შემდგომში… ავტორი განხეთქილებასთან დაკავშირებულ წყაროებსა და ლიტერატურას არ იცნობს. დისკრედიტაციას მოითხოვს მხოლოდ ის სტატია, რომელიც ასე თუ ისე ცოტა მაინც, მაგრამ „მეცნიერულ“ დონემდე ქაჩავს, მაგრამ ავტორის თხრობა არ საჭროებს დისკრედიტაციას. საჭიროა, რომ მკითხველმა სიმართლედ არ მიიღოს ის ტყუილი, რომლის ჩვენებაც ავტორს სურს.

ავტორი წერს:

„ჩემი ნაშრომის მთავარი აზრი არის აგებული სიტყვა filioque-ს გარშემო, ის ცდილობს გამოიკვლიოს ამ სიტყვის წარმოშობა, განვითარება, გავრცელება, მოგზაურობს ამ სიტყვასთან ერთად დროში“

ასეთი „პოეტიზმი“ სამეცნიერო ისტორიოგრაფიას არ ერწყმის. ეს კიდევ ერთ დასტურია იმისა, რომ ავტორს სურს თავს მოგვახვიოს აზრი, რომ ეკლესია filioque-ს გამო გაიყო, თუმცა ობიექტურობისთვის მას ამდენადვე პოლიტიკური მიზეზებიც უნდა ეჩვენებინა: ისტორია უნდა დაეწყო წმ. ფოტის დროს ბალკანეთში ლათინელი მისიონერების მოღვაწეობის საეკლესიო-პოლიტიკური ექსკურსით, რამაც განხეთქილებას დაუდო სათავე. ჩვენს ავტორს არ ყვარებია სამეცნიერო წიგნების კითხვა, ის ნაჩქარევად გადაკითხულ ისტორიულ ბროშურებს იყენებს.

ავტორი წერს:

მაგ . დაპირისპირება პაპის პრეტენზიების გამო როცა ის პირველობისთვის იბრძოდა, ის არ ჯერდებოდა სიმბოლურ ფორმულირებას »პირველს თანასწორთა შორის», არამედ მას სურდა, რომ ეს გადაეყვანა პოლიტიკურ ძალაუფლებაში და დაემორჩილებინა აღმოსავლური ავტოკეფალური ეკლესიები და ჩარეულიყო დანარჩენ ოთხ საპატრიარქოს შიდა საქმეებში. თუმცა ამ ყველაფერს ნაშრომი ზოგადად მიმოიხილავს, არა იმიტომ, რომ არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ასპექტების კვლევა დაგვაცილებდა ნაშრომის მთავარ აზრს, ის რომ ეკლესიის განხეთქილების მრავალთაგან უმთავრესი მიზეზი იყო სიტყვა filioque, და მას ეყრდნობოდნენ, ამაზე ყველა დამეთანხმება ვინც ასე თუ ისე გარკვეულია ამ საკითხებში

მზა წყაროებზე დაყრდნობით ყველაფრის მოკლედ თქმა შეიძლებოდა, ეს ავტორის სტატიის მთავარ აზრს არ დაგვაშორებდა, მაგრამ ავტორს ეს არ აწყობს, რადგან მან თავის სტატიას იმთავითვე იდეოლოგიური ტონი შესძინა, მრავალი პოლიტიკური ფაქტორის აღწერა კი ჩვენი ავტორის იდეოლოგიისთვის არახელსაყრელი იქნებოდა. კიდევ ერთხელ ვხსნით, რომ filioque განხეთქილების მთავარი ფაქტორი არ ყოფილა არც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში (XI-XII სს), არც 1054 წელს, როდესაც ლათინელმა ეპისკოპოსმა გუმბერტმა კონსტანტინოპოლის წმ. ტაძარში რომის პაპ ლეონის 11 პუნქტიანი პრეტენზიების ბულა დადო. აღსანიშნავია, რომ 11 პუნქტიდან მხოლოდ ერთი, №9, ეხებოდა filioque-ს, დანარჩენი ათი კი წესებისა და დისციპლინარულ საკითხებს ეხებოდა, რამაც რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება გამოიწვია. ასე რომ, filioque-ზე, როგორც განხეთქილების მთავარ მიზეზზე საუბარი ანტიისტორიულია. ეს საკითხი, შემდგომში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაშორებაში მხოლოდ ერთგვარ ხერხად იქნა გამოყენებული. 1054 წლის განხეთქილებამდე მხარეები პოლიტიკური მოტივებითა და უთანხმოებებით მივიდნენ, რაზე პირდაპირ მეტყველებს პატრიარქ მიქაელ კერულარისადმი პაპ ლეონის პრეტენზიების პირველი პუნქტი, რომელშიც პაპი წერდა: „კონსტანტინოპოლის ეკლესია რომის წმინდა ეკლესიას პირველ სამოციქულო კათედრად არ აღიარებს, რომელსაც, როგორც თავს, ყველა ეკლესიაზე მზრუნველობა ეკუთვნის“. ამგვარად, რომის საყდრის საეკლესიო-პოლიტიკური პრეტენზია პირველი პუნქტშია მონიშნული და ეს იყო 1054 წლის განხეთქილების უმნიშვნელოვანესი მიზეზი, filioque-ს კი პაპი პრეტენზიების სიის ბოლოს ახსენებს. ლათინელების პრეტენზიების ტონი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა პირველივე პუქტში, რომელიც მათთვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ავტორი ამას არ წარმოაჩენს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია იდეოლოგია. საზოგადეობამ, რომელსაც ავტორი მიმართავს, სიმართლე უნდა იცოდეს და არა ტყუილი.

მაგრამ მეგობრებო ჩემს ნაშრომში არსად არ ფიქსირდება აზრი იმის შესახებ რომ
589 წელს ტოლედოს საეკლესიო კრებაზე მრწამსში ჩამატებული »filioque » საერთო დასავლური ეკლესია ოფიციალურად ასწავლიდა

როგორ არა? აი, ავტორის სიტყვები: დასავლური ღვთისმეტყველება სულიწმიდის შესახებ ასწავლიდა რომ სულიწმინდა გამოვალს »მამისაგან და ძისაგან“ — აქ ავტორი ამბობს, რომ „დასავლური ღვთისმეტყველებაასე ასწავლიდა. კი, მაგრამ, როგორ შეიძლებოდა, დასავლურ ღვთისმეტყველებას ასე ესწავლებინა, თუ რომი ამ სწავლებას ოფიციალურად არ აღიარებდა? სახეზეა ავტორის საკუთარ თავთან წინააღმდეგობა. შემდეგ ავტორი წერს: „თუმცა დასავლური მოსაზრების ფორმულება და დოკუმენტურად გაფორმება პირველად მოხდა ამ დონეზე, საეკლესიო კრების დონეზე და არც მეტი და არც ნაკლები ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!“ ისევ უზუსტობა და წინააღმდეგობა: როგორ შეიძლებოდა filioque ყოფილიყო „დასავლური მოსაზრების ფორმულება“ თუ ოფიციალური რომის (დასავლური) საყდარი ამ ღვთისმეტყველებას არ აღიარებდა? ავტორს არ აქვს უფლება, საკუთარი სურვილები სინამდვილედ გაასაღოს. ადექვატური იქნებოდა ეთქვა, რომ ეს არა „დასავლური ღვთისმეტყველება“, არამედ „დასავლეთის ზოგიერთი ავტორიტეტული მამის კერძო საღვთისმეტყველო მოსაზრება“ იყო. როდესაც ავტორი წერს, ეს მოსაზრება კრების დონეზე დაფიქსირდა, მას უნდა დაეზუსტებინა, რომ ეს არ იყო რომის კრება, რადგან შემდეგ ავტორი წერს რომელიღაც „ეკლესიაზე“: „ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!“ მაგრამ დასავლეთის ეკლესიისთვის უზენაეს კრებას რომის კრება წარმოადგენს. როგორ იქნებოდა ტოლედოს ადგილობრივი კრება „უზენაესი ავტორიტეტი“, როდესაც რომმა (დასავლეთის ყველაზე ავტორიტეტულმა საყდარმა) ეს სწავლება არ აღიარა? ისევ გაუგებრობა და ავტორის ურთიერთწინააღმდეგობა.

„ამით ყველაფერია ნათქვამი ის რომ ტოლედოში გამართული კრება ადგილობრივი იყო და არა საერთო ეკლესიური ამას ნაშრომი ცხადად უსვავს ხაზს ნარომში ისიც წერია, რომ ტოლედოს კრების გადაწყვეტილება გავრცელდა მხოლოდ პირენეის ნახევარკუძულზე არსებულ ეკლესიებში“

ასეთი სიტყვებით სპეკულაცია სტატიას ღირსებას არ ჰმატებს, რადგან ზემოთ ის აცხადებს „დასავლური მოსაზრების ფორმულება“ და „ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!“. ეს სინამდვილეს არ შეეფერება და განვმარტეთ, რატომ. შემდეგ ის უკვე აფერადებს და აკონკრეტებს, რომ ეს იყო ტოლედოსა და აახენის ადგილობრივი კრებები, მაგრამ თავისი სიტყვები — «დასავლური მოსაზრების ფორმულება» და «ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!», — უკან არ მიაქვს. ავტორს სიცხადე და სიზუსტე არ ჰყოფნის. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის თავიდანვე იდეოლოგიურ მიზნებს ისახავს და ასეთ ავტორს ვერც ვერაფერს მოსთხოვ, რადგან მას უკვე იმთავითვე აქვს დასახული ამოცანა.

მიზეზი იყო შემდეგი: საუკუნეები იყო უკვე რაც ბიზანტიას სამხრეთ იტალიაში რამოდენიმე ოლქი ეკავა, ეს ოლქები ემორჩილებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ეწოდებოდა ე.წ პატრიარქის ოლქები. აღსანიშნავია, რომ ეს ოლქები თავდაპირველად რომის ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ პაპზე განაწყენებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ოლქები წაართვა რომის ეკლესიას და როგორც აღვნიშნეთ კონსტანტინეპოლის ეკლესიას მიუერთა ხოლო იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ ლათინურენოვანი მსახურებები აკრძალა საუკუნეების განმავლობაში. რომი ითხოვდა ამ ოლქების დაბრუნებას. მე-11 საუკუნეში ამ ოლქებს ნორმანი დამყრობლები მიადგნენ!// სასაცილოა მეგობრებო თქვენთვის მომინდვია რასთან გვაქვს საქმე არის თუ არა ეს მართლაცდა »მოკოჭლება » უფალო შეგვიწყალე

ავტორი ძალზედ ყურადღებიანია თავისი აზრების მიმართ, მაგრამ თავისი ოპონენტების აზრს არ კითხულობს. კიდევ ერთხელ და გასაგებად ვიტყვით: პრობლემები იმის გამო დაიწყო, რომ სამხრეთ იტალიური ქალაქები და ეპარქიები არ იყვნენ ვალდებულნი, ლათინური სწავლება მიეღოთ მრწამსში და არც იღებდნენ, რადგან კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იყვნენ, ავტორი კი ამბობს: „ამიერიდან იტალიაში არსებული ეკლესიებიც ვალდებულნი იყვნენ მრწამსი ფილოიქვეს ჩამატებით წარმოეთქვათ პირენეის ნახევარ კუნძულის!“ — არ იყვნენ ვალდებულნი, რადგან სხვა იურისდიქციაში იყვნენ. ავტორს საეკლესიო იურისდიქციის საკითხი არ ესმის და ურიგო არ იქნებოდა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმძღვანელოებს წაიკითხავდა. რომაელებმა ლათინური მრწამსის დამკვიდრება ზუსტად სამხრეთ იტალიურ ქალაქებში დაიწყეს, რამაც პატრიარქ მიქაელ კერულარის პროტესტი გამოიწვია. ჩვენმა ავტორმა არც კი იცოდა, რომ კონსტანტინოპოლში პაპს 1009 წლიდან აღარ იხსენიებდნენ, ეს კი უკვე რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილების წანამძღვარი იყო.

ავტორის ერთადერთი სიმართლე აქ ის არის რომ პაპი ბენედიქტე მეშვიდე კი არა მერვე იყო ეს არის მცირეოდენი მექანიკური შეცდომა რის გამოც შენდობას ვთხოვთ მკითხველს

ძალიან ადვილია „მექანიკურ შეცდომებს“ ამოაფარო თავი, რომ საკუთარი არსებითი შეცდომები და ეკლესიის ისტორიის მცდარი გადმოცემა არ აღიარო. ავტორის იდეოლოგიური ამბიცია ზღვარს ცდება, როდესაც სურს აჩვენოს, რომ ეს ორთოდოქსები ბნელი ხალხი იყვნენ, რომ ეკლესიაში „ერთი სიტყვის“ გამო მოაწყვეს განხეთქილება — საკუთარ სტატიასაც ხომ შემთხვევით არ მისცა ასეთი სათაური.

„ჩაკვირვებოდი ნაშრომს საფუძვლიანად, იქნებ სრულიად გეღიარებინა სიმართლე“

იდეოლოგი ავტორისგან სამართლიან ანალიზს არც ველით, თუმცა ვაღიარებთ, რომ რაღაცაში ის მაინც მართალია, მაგრამ განხეთქილების პოლიტიკური ასპექტი მეტად, ხარისხიანად და ობიექტურად უნდა ეჩვენებინა იმის ნაცვლად, რომ სათაურში ტერმინ filioque-ს გაგებისა და გავრცელების ისტორია გამოეტანა, რაც ისტორიული თვალსაზრისით სუბიექტური მიდგომაა.

მე ვამბობ რომ პატრიარქ კერულარიუსის დროს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა და ნაშრომში განხილულია ეს პოლიტიკური მიზეზები, მაგრამ უთანხმოება შეიფუთა დოგმატური საკითხით » filioque». ყოველივე ეს მკაფიოდ არის მოყვანილი ნაშრომში

ისევ კარდინალ გუმბერტისა მიქაელ კერულარის დროს განხეთქილების ისტორიულ აღწერასთან შეუსაბამობა. პაპ ლეონის ბულაში filioque არც პირველ ხარისხოვან და არც მეორეხარისხოვან როლს არ თამაშობდა — ის მეცხრე საკითხი იყო. პაპის ბულიდან ჩანს, რომ მისთვის პირველადი მნიშვნელობის საკითხი მისი, როგორც პაპის, ავტორიტეტის საეკლესიო-პოლიტიკური ასპექტი იყო — ზუსტად ასეთი იყო ვითარება 1054 წელს და ავტორს ამაზე უნდა გამეახვილებინა ყურადღება თავის სტატიაში, ის კი არ დაეწერა, რომ ეკლესია „ერთი სიტყვის გამო“ გაიყო.

მეგობრებო ჩემი სტატიაში აღწერილია დროის მონაკვეთი როცა filioque პირველად იქნა დოკუმენტალურად დაფიქსირებული და მიჰყვება მას 1054 წლამდე. თარიღამდე რომელიც მიჩნეულია ეკლესიის გაყოფად რაც არ უნდა ამტკიცონ რომ ეს თარიღი პირობითია. კი ბატონო იყოს პირობითი მაგრამ ჯერჯერობით თუნდაც პირობითად 1054 წელი მიჩნეულია ეკლესიის გაყოფის თარიღად

ეს თარიღი მხოლოდ ჩვენი ავტორის მსგავსი ავტორებისა და გასული საუკუნის ზოგი ავტორებისთვის არის მისაღები, რომლებიც წყაროებს, განსაკუთრებით ქართულს (ჩვენს ავტორის შემთხვევაში), ორიგინალის ენაზე არ კითხულობდნენ. ისეთი ცნობილი ქართველი ისტორიკოსების, როგორებიც არიან მ. თამარაშვიილი ან მ. თარხნიშვილი, თავის ნაშრომებში ნათლად აჩვენებენ, რომ ქართველი ქრისტიანები კიდევ დიდხანს იყვნენ რომთან კავშირში, ჰქონდათ პაპთან მიმოწერა, მისგან კურთხვეას იღებდნენ და ტაძრულ ეპიგრაფიკას პაპის სახელის ხსენებით ასრულებდნენ. საეკლესიო კავშირები მე-13 საუკუნემდე შენარჩუნდა. როგორც საქართველოს ქრისტიანები, ისე ქართული საბერ-მონაზვნო თემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლათინელებთან აღნიშნულ პერიოდში კავშირს ინარჩუნებდნენ. ავტორმა თავი უნდა შეიწუხოს და აღნიშნული ავტორების ნაშრომები წაიკითხოს (რის გარეშეც შეუძლებელია რომისა და მცხეთის საეკლესიო ურთიერთობების წარმოდგენა) ნაცვლა 1054 წლის განხეთქილების შესახებ ფანტასტიური თეორიებით გატაცებისა. თუ ეს არის ეკლესიის „განხეთქილების“ თარიღი, მაშ როგორღა ინარჩუნებდნენ აღმოსავლეთის — ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, საქართველოს — პატრიარქები რომთან კავშირს 1054 წლის შემდეგაც? როგორ დაესწრებოდა ალექსანდრიის წარმომადგენელი რომში 1215 წელს გამართულ ლატერანის კრებას და მის სხდომებში როგორ მიიღებდა მონაწილეობას, თუ მათ შორის განხეთქილება იყო? როგორ აზიარებდნენ ლათინელებს ალექსანდრიაში, თუ განხეთქილება იყო? როგორ დაასხამდა ხელს ანტიოქიის პატრიარქი იოანე ოქსიტი ლათინელ სასულიერო პირს პეტრე ნარბონელს ეპისკოპოსად 1098 წელს, თუ მათ შორის განხეთქილება იყო? როგორ იყვნენ იერუსალიმის საბერ-მონაზვნო თემები იერუსალიმის ლათინელ პატრიარქთან განხეთქილებაში, თუ ისინი ჯვაროსნებთან ევქარისტიულ კავშირში იყვნენ და ჯვაროსნებსა და ტამპლიერებს იხსენიებდნენ მონასტრებში? თუ ავტორი ხსენებულ საპატრიარქოებს აღმოსავლეთის ნაწილად არ თვლის, ეს უკვე მისი პირადი არაადექვატური წარმოდგენებია, რასაც ნამდვილ ისტორიასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ რაც ახლა ჩამოვთვალეთ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიისა, რომელიც წყაროებმა შემოგვინახეს, დასავლელმა და აღმოსავლელმა მეცნიერებმა კი კარგად გაანალიზეს. ამიტომ, ჩვენი სტატიის ბოლოს, ჩვენი დამწყები ავტორისთვის, სამეცნიერო ლიტერატურის სიას მოვიყვანთ, რათა შემდგომში მან თავისი დასკვნები არა მოთხრობებზე, არამედ ცნობილი მეცნიერების კვლევებზე დააფუძნოს.

უსაფუძვლოა სტატიის მიზანი არ ყოფილა 1054 წლის იქით წასულიყო ძიება
თუ ჩაითვლება საჭიროდ შეიძლება დაიწეროს კიდეც 1054 წლის შემდეგ გაგრძელება

შეუძლებელია 1054 წლის განხეთქილებაზე წერდე და ამბობდე, რომ ეკლესია ამ წელს „გაიყო“. საჭიროა, თუნდაც ერთი აბზაცი მივუძღვნათ რომისა და აღმოსავლეთის შემდგომ ურთიერთობებს, რათა ვაჩვენოთ, რომ 1054 წლის განხეთქილება იყო არა მთელი ეკლესიის განხეთქილება, არამედ მხოლოდ ხსენებულ ორ პატრიარქს ეხებოდა. ჩვენ გვესმის, რომ ავტრომა შემდგომი ისტორია არ იცის, ახლა კი მისი კვლევით გვემუქრება. დაე, იკვლიოს, განსაკუთრებით, ანტიოქიის, ანუ „აღმოსავლეთის“ საპატრიარქოს ისტორია, და განსაკუთრებულად ლათინურ წყაროებზე დაყრდნობით.

1054 წლის შემდეგ მოჰყავს »ვიღაც ავტორს » მტკიცებულებები რომ დასავლეთ ეკლესიას თანაზიარება და ურთიერთობა ქონდა ზოგიერთ ერთეულ ეკლესიებთან
და არა აღმოსავლეთის ყველა ეკლესიასთან თუმცა მე ვალდებულად არ ვთვლი თავს გავცდე ჩემს სტატიას იმის იქით სადაც ის მთავრდება

ზოგიერთ ეკლესიებთან კი არა, მთელ აღმოსავლეთთან, საქართველოს ჩათვლით, რასაც ქართული საისტორიო წყაროები, ტაძრების ეპიგრაფიკა და ქართველი მეცნიერები მოწმობენ. ავტორი, შეიძლება, არ თვლიდეს თავს ვალდებულად, რომ ამის შესახებ წერდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მის თხრობას ავნებს და ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველაფერი რაც მან დაწერა — მისი ფანტაზიებია, რომლებსაც სამეცნიერო ისტორიასთან არაფერი აქვს საერთო.

სამეცნიერო ლიტერატურის მცირე სია ჩვენი ავტორისთვის:

Papadakis A., Mayendorff J. The Christian East and the rise of the papacy. The Church 1071-1453 A.D. Crestwood, NY. 1994.

Hamilton, B., The Latin Church in the Crusader States. The Secular Church, London 1980.

Hamilton B. Latins and Georgians and the Crusader Kingdom // Al-Masaq: Islam and the Medieval Mediterranean, Vol. 23, 2011.

Röhricht, R., Geschichte des Königreichs Jerusalem (1100-1291),  Innsbruck 1898.

თამარაშვილი, მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბილისი 1902.

თამარაშვილი, მ. საქართველოს ეკლესიის ისტორია, თბილისი, 1995. 

_ _ _

[1] იხ. http://blog.holybible.ge/ka/post/142.html

[2] იხ.: http://www.faith.ge/?p=1561

[3] იხ. http://blog.holybible.ge/ka/post/247.html