როგორ გავზომოთ ბერის („სტარეცის“) სიწმინდე?

როგორ გავზომოთ ბერის („სტარეცის“) სიწმინდე?

„ბერებმა მაკურთხეს. . .“ – ასეთ დასაწყისს არც თუ იშვიათად მოსდევს ბუნდოვანი გაგრძელება: „დავწვა პასპორტი“, „წავიდე ტყეში“, „ არ ჩავიტარო აცრები“. ბერული მსახურება მადლისმიერი ნიჭია, მაგრამ „ბერული გარეგნობის ქვეშ“ არც თუ იშვიათად იმალებიან ყალთაბანდები ან კიდევ ხიბლში მყოფი ადამიანები. როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი ბერი ყალბისგან?

ცუდი ტრადიცია
პატარა პროვინციული ტაძრის მრევლი თამარა ივანოვნა რამდენიმე წლის წინ დაქალის რჩევით მორდოვიის ერთ-ერთ კაცთა მონასტერში მკურნალ ბერთან წავიდა. თამარა ივანოვნას მსგავსმა პროვინციელმა მომლოცველებმა ავტობუსით არაერთი ასი კილომეტრი გაიარეს, სანამ ადგილზე ჩააღწიეს. მონასტრის კარებთან მათ სქემარქიმანდრიტი თეოფილე დახვდათ, – სწორედ ის „ბერი“. მომლოცველები ავტობუსიდანვე სატრაპეზოში შეაცილეს, სადაც მამაკაცებს წელამდე გახდა სთხოვეს. შემდეგ სასწაულთმოქმედი მამაო სტუმრების ლიტურგიკული ლახვრით სისხლდენამდე ჩხვლეტას შეუდგა: ქალებს ტანსაცმლის გაუხდელად, კაცებს კი პირდაპირ შიშველ ზურგსა და გვერდებზე. „რადგან სინანული არ შეგიძლიათ, კიდევც უნდა მოითმინოთ!“ – ხმამაღლა წარმოსთქვამდა სიტყვებს შედარებით ახალგაზრდა მონაზონი, „ბერის“ თანაშემწე. ამ ყველაფრის შემდგომ მომლოცველებს მონასტერისთვის ფულის შეწირვა შესთავაზეს. როგორც თამარა ივანოვი ამტკიცებს ერთი ავტობუსიდან თითქმის ორი პლასტმასის ტაშტი ფული შეგროვდა. „როცა ჩვენს ჩხვლეტას შეუდგნენ, მე მაშინვე დავეჭვდი: აქ რაღაც ისე არ ხდება,“ – წუხს მომლოცველი. ასეთი „ბერისგან“ სულიერი რჩევების მიღება თამარა ივანოვნას აღარ უცდია.

მკურნალობა ცრუბერების ერთ-ერთი „სპეციალიზაციაა“. სხვათა შორის, უფრო ხშირად ისინი „რჩევების მიცემითა“ და „სულიერი ხელმძღვანელობით“ იფარგლებიან. ამგვარი „ბერების“ რჩევებით 90–იანი წლების დასაწყისში ასობით ადამიანმა ქალაქში ბინები გაყიდა და ანტიქრისტეს მალე მოსვლის მოლოდინში ტყეში გადაიხვეწა. ზოგიერთი ადგილობრივი გადმოცემის გათვალისწინებით, (რომლის მიხედვითაც სამყაროს აღსასრულის წინ მსოფლიო კატასტროფისგან მხოლოდ დივეევოს არხის წრეში შეფარებული რჩეული მართლები გადარჩებიან), დივეევოს მიმდებარე ადგილებში დასახლდა. წლების გასვლის შემდეგ ზოგიერთი ამ ესქატოლოგიურ ლტოლვილთაგან ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა, ზოგმა კი უკან არ დაიხია და დივეევოს საოცარი პეიზაჟის ნაწილად იქცა: ასეთებს მონასტერში ირონიით „არაფორმალებს“ უწოდებენ. ასეთივე სურათი დამახასიათებელია ოპტინის უდაბნოსთვისაც, სადაც 90–იანი წლების დასაწყისიდან მონასტრის ირგვლივ „მლადოსტარცებმა“ ანუ ,,ყმაწვილსტარცებმა“ დაიწყეს დასახლება, რომელთა ნაწილი სავანედან გამორიცხული ყოფილი ოპტინელი მომაზონია. ისინი ბოლო ჟამზე და ИНН–ის ცოდვაზე ქადაგებდნენ.

„მლადოსტარჩესტვო“ თავის დაგმობას მხოლოდ 2000 წელს მოესწრო, როცა რუსული ეკლესიის მღვდელთმთავართა საიუბილეო კრებაზე კრიტიკის ობიექტად იქცა. ამ დროისთვის „ტრადიციამ“ საეკლესიო და განსაუთრებით კი მაღალი სამღვდელო ხელმძღვანელობის თვალთაგან დაფარულმა ფესვის გადგმა მოასწრო. ცოტა მოგვიანებით „მლადოსტარჩესტვო“ პენზელი „მსხდომარეებისა“ და ეპოსკოპოს დიომიდეს სახით თავის ნაყოფს გამოიღებს.

„რამდენი ხანიც არსებობს ბერობა, იმდენივე ხანი არსებობს ცრუბერობის ფენომენიც, – წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, რუსეთის წამყვანი სექტათმცოდნე ალექსანდრე დვორკინი სულაც არ ემხრობა იმ აზრსს, რომ ცრუბერობაში მხოლოდ „პერესტროიკის“ ან „ავბედითი ოთხმოცდაათიანების გადმონაშთი“ დაინახოს. უბრალოდ ნამდვილი მოღვაწეების სახელები ისტორიას შემორჩება, ყალთაბანდების კი არა. თუკი დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებს“ გავიხსენებთ, იქ ორ მაგალითს დავინახავთ: ერთის მხრივ ბერი ზოსიმას და მეორეს მხრივ კი ცრუბერს თერაპონტეს. ყველა მოვლენას თავისი მეორე მხარეც, მის პარალელურად არსებული ერთგვარი პაროდიაც აქვს. ცრუბერობის ერთგვარ ისტორიულ პრეცენდენტად შეიძლება ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ერეტიკოსის, ალექსანდრიელი მღვდელის, არიოზის ისტორია ჩავთვალოთ.ის, მართლაც, გავლენიანი ქარიზმატული ლიდერი იყო, რომელიც საეკლკესიო იერარქიას დაუპირისპირდა. იგი კლასიკური ცრუბერი იყო და მას გარს მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი, ქვრივი და მონაზონიც კი ტყუილუბრალოდ როდი ეხვია.“

მართლმადიდებლური გურუიზმი
ნეოფიტისთვის (ახალმოქცეულისთვის) ისევე როგორც ნაკლებად ეკლესიური ადამიანისთვის ცრუბერის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. როცა მას მორიგი კეთილისმყოფელი მოსალოცად ეპატიჟება, მაშინ მოგზაურობის პერსპექტივას, როგორც წესი, ნათელ ფერებში უღწერს: „ მამაო სულ ერთხელ შემოგხედავს თვალებში და შენზე ყველაფერს გეტყვის.“ მაგრამ გულწრფელი ნეოფიტები ცრუბერის ხელმძღვანელობას ნორმალურად მხოლოდ იმის გამო იღებენ, რომ სხვა ეკლესიური ცხოვრება ჯერ კიდევ არ იციან.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თუკი „ბერთან“ გაემგზავრეთ? „ცხადია, რომ ნამდვილი ბერი არავის თავის ნებას თავს არასოდეს ახვევს, ადამიანს არჩევნის თავისუფლებას არ ართმევს, – გვაფრთხილებს ალექსანდრე დვორკინი. – ცრუბერი ყოველთვის ყველაზე მეტად გურუს ჰგავს და საკუთარი თავისადმი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. პრინციპში გურუიზმი ,,მლადოსტარჩესტვოს“ სინონიმია. ნების ნამდვილი უარყოფა, რომლის შესახებაც წმინდა ბერები წერენ, განსაკუთრებული მონასტრული პრაქტიკაა, რომელიც მხოლოდდამხოლოდ მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი. ახალგაზრდა მონაზონს ხელმძღვანელად მონასტრის ბინადართაგან გამოცდილს უნიშნავენ, რომელიც დამწყებს ასკეტური ბრძოლის სიბრძნეებს ასწავლის და მორჩილი ვალდებულია, რომ მისი რჩევები უსიტყვოდ შეასრულოს, მაგრამ ერთი გამონაკლისით: თუკი ბერი ცოდვის ან მწვალებლობის ქადაგებას დაუწყებს, მოწაფე ვალდებულია ამხილოს ასეთი ბერი და წავიდეს მისგან. ანუ ნების უარყოფის შემთხვევაშიც კი ჩვენ შეგნებულ მორჩილებაზე ვსაუბრობთ და არა სექტანტურ ბრმა მორჩილებაზე. ცრუბერობას სწორედ რომ ეს უკანასკნელი ახასიათებს.“

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სტალინის, ივანე მრისხანესა და რასპუტინის არაკანონიკურ ხატებს. „ ეს ერთმნიშვნელოვანი სიგნალია!“ –თვლის ალექსანდრე დვორკინი. – მცირედეკლესიური ადამიანისთვის რთულია დოგმატური ცდომილებების იმ ხარისხის შეფასება, რომელთა გაზიარებაც ცრუბერის კრებულს შეუძლია. მაგრამ ზოგიერთი ნიშანთვისების შემჩნევა რთული არაა. თუკი მოცემული ჯგუფი სამღვდელო ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, თუკი ბერი ბრძანებლობს, თუკი ბერის მოძღვრებაში მთელი საერო კულტურის არა რაღაც ნაწილის, არამედ მისი როგორც „სატანურის“, „უწმინდურის“პრინციპული უარყოფაა, – ეს ყველაფერი არის ნიშანთვისებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიაში ,,მლადოსტარცული“ იდეები არამარტო „მარჯვნიდან“ აღწევენ, – აგრძელებს პროფესორი. – ფრიად ლიბერალური საკრებულოებიცაა ცნობილი მათი მეთაურისადმი მლადოსტარცობისთვის დამახასითებელი დამოკიდებულებით. მთვარი ხომ თავად იდეები არაა, დამოკიდებულება მღვდლისადმი, როგორც ერთადერთი შეუბღალავი ავტორიტეტისადმი, რომლის თვითოეული სიტყვა კანონია. ხოლო თუ რას ქადაგებს ის: ცარებოჟესტვოს ან იმას, რომ ეკლესიაში წევრობის ორგვარი ინსტიტუტია („სრული წევრობა“ და „არასრული“) – ეს უკვე კერძო შემთხვევებია.“

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუკი ამგვარი სულიერი ლიდერის თაყვანისმცემლები იმის თქმას დაგიწყებენ, რომ მათი საკრებულო განსაკუთრებულია, რომ ნამდვილად მართლმადიდებლურია, განსხვავებით მთელი (ან თითქმის მთელი) დანარჩენი ეკლესიისა, რომ ჭეშმარიტი ტრადიცია მხოლოდ მათთანაა შენარჩუნებული, რომელსაც სხვებმა ზურგი შეაქციეს, – ფრთხილად იყავით!

ხშირად ცრუბერებს გარს ეგზალტირებული თაყვანისმცემლების მთელი გვარდია აკრავს. სხვათა შორის, მათი არსებობა გადამწყვეტი კრიტერიუმი ვერ იქნება. XX საუკუნის დასაწყისის ცნობილ რუს მოღვაწეს წმინდა მართალ იოანე კრონშტანტელსაც ასევე გარს ეხვივნენ ეკზალტირებული თაყვანისმცემლები მრევლიდან. წმინდანი ყველანაირად ცდილობდა მათ ჩამოცილებას, ამხილებდა, მაგრამ არაფერი შველოდა. მთავარია ბერის დამოკიდებულება ასეთი ადამიანებისადმი. თუკი იგი საკუთრი პერსონის თაყვანისცემას ახალისებს, ამან აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სიფრთხილე.

სიწმინდე როგორც პირობა
„ნამდვილი ბერის ნიშან–თვისება თავმდაბლობაა, – ამბობს მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კუზნეცაში, რუსეთის უმსხვილესი მართლმადიდებლური უმაღლესი სასწავლებლის რექტორი დეკანოზი ვლადიმერ ვორობიოვი. – ჭეშმარიტი ბერი ქებას, განდიდებასა და სახელგანთქმულობას გაურბის“. 20 წლის განმავლობაში მამა ვლადიმერი რეგულარულად აკითხავდა არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინს – XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე ცნობილ რუს ბერს. მის მიერ დაარსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (დღეს კი მართლმადიდებლური უნივერსიტეტი) მამა იოანეს ლოცვა–კურთხევით იქმნებოდა.
„ვინ არის ბერი და რით განსხვავდება იგი სულილერი მოძღვრისგან?“ – ვეკითხებით მამა ვლადიმერს.

„სულიერი მოძღვარი არის სულიერი ხელმძღვანელი, მღვდელი, რომელთანაც სულიერ შვილს მუდმივი კონტაქტი აქვს. იგი თვალყურს ადევნებს, რჩევებს აძლევს და ცხოვრების არსს განუმარტავს. ბერი წმინდა ადამიანია, ბერობა კი მადლისმიერი ნიჭია. თვითოეულ წმინდანს ღვთისგან თავისი სასწაულთმოქმედი ნიჭი აქვს. ბერობის ნიჭი ერთ-ერთი მათგანია. ბერს არ აქვს ყველასთან ურთიერთობისა და ცხოვრებისეულ პერიპეტიებში წვდომის საშუალება, ამიტომაც ბერთან მიდიან არა როგორც სულიერ მოძღვართან, არამედ როგორც დაფარულთმცნობელთან, რომელსაც როგორც სული წმიდის მიერ დამოძღვრილს შეუძლია სარწმუნო პასუხის მოცემა. აი, რატომ არაინ ბერები ასე პოპულარულები. ადამიანებს წმინდანთა ხილვა სურთ და ყოველთვის ეძიებენ მათთან შეხვედრას.“

მამა ვლადიმერს მრავალი ბერის ხილვა ხვდა წილად: წმინდანთა შორის შერაცხილის სქემარქიმანდრიტი სერაფიმესიც (რომანცევის), რომელიც სამოციან წლებში სოხუმში ცხოვრობდა, სადაც გადასვლა მას გლინის უდაბნოს დაკეტვის შემდგომ მოუწია და სახელგანთქმული მამა ტავრიონისაც (ბატოზსკის), რომელიც ლატვიაში ცხოვრობდა. „ მასთან შესახვედრად რიგამდე მატარებლით ჩავედით, ელგავამდე – ავტობუსით, შემდეგ კი ტყე–ტყე ფეხით მოგვიწია სიარულმა, – იხსენებს მამა ვლადიმერი. – იქ უამრავი ადამიანი ჩადიოდა ხოლმე: სტუდენტები, პროფესორები, გლეხები. ის საოცარი პიროვნება იყო, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მამა ტავრიონს ვკითხე: „ მამაო, მართალია, რომ KGB–ში გამოგიძახეს?“ მან მიპასუხა: დიახ. მე შევეკითხე, რომ ჩემი ციხეში ჩასმა გინდათ? მშვენიერია!“. მამა ტავრიონი ბანაკებში ნაჯდომი იყო და უკვე არაფრის ეშინოდა. ჩეკისტები მაშინ მიხვდნენ, რომ უძლურები არიან უბრალოდ გაუშვეს იგი.“ მამა ვლადიმერი მღვდელ ნიკოლოზ გოლუბცოვთანაც იყო ნამყოფი და მამა სერაფიმე ტიაპოჩკინთანაც. მიმოწერა ჰქონდა მამა პავლესთნაც (ტროიცკისთან).

„ხშირად წმინდა ბერებად თავს ასაღებენ ყოველგვარ სიწმინდესთან შორს მდგომი პერსონაჟები, –გვაფრთხილებს იგი. – ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშისგან სიყალბის გარჩევა მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, განსაკუთრებით მაშინ თუკი ეს სიყალბე საკმაოდ დახვეწილია, ბერის ყალთაბანდისგან გარჩევაც ზოგჯერ არცთუ ისე იოლია, ამას გამოცდილი ადამიანი სჭირდება.“

ფხიზელი მიდგომა
,,მლადოსტარცობის“ პრობლემა მარტო რუსეთში კი არ არსებობს, არამედ ბერძნებსაც აქვთ და სერბებსაც. ხშირად ცრუბერების თაყვანისმცემლები ათონზე აპელირებენ. „ ათონი საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა, განსაკუთრებით, თუ ფეხით შემოვივლით,“ – ამბობს ალექსანდრე დვორკინი. მისი „ათონური მოთხრობები“ რომელიც ორი სტამბური და ერთი აუდიო სახით გამოიცა, დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ქარიზმატიკოსები, სქიზმატი ფსევდობერები ამ მოთხრობერბშიც გვხვდება. „ნახევარკუნძულის ყველაზე მთაგორიანი დაბოლოება ჩრდილოეთითაა, სადაც უამრავი განდეგილი ცხოვრობს, რომლებიც არცერთ მონასტერს არ ემორჩილებიან. ჩვეულებრივ ესენი უმართავი ზილოტები არიან, რომლებიც საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურებიან. მათ დიდი თეთრი წვერები და გახუნებული კაბები აქვთ, რასაც ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. თავიანთი სიტყვებით ახლადმოსულ მომლოცველებს აშფოთებენ. სხვა საქმეა, რომ ეს ზილოტები სინამდვილეში ათონელი მონაზვნები არ არიან, ისინი ათონზე უკანონოდ იმყოფებიან, მაწანწალობენ, სხვადახვა ეკზოტიკურ სწავლებას ავრცელებენ, – გვიხსნის ალექსანდრე დვორკინი. – ბოლოდროს იქ მსგავსი ტიპის რუსი „ბერებიც“ გამოოჩნდნენ, რომლებიც მომლოცველების ვიზით რუსთიდან მოფრინდნენ და აქ არალეგალურად რჩებიან.“

„ბერობის“ ბოლო კრიტერიუმს მამა ვლადიმერ ვორობიოვი ცალკე აღნიშნავს: „ ბერი ფხიზლად უნდა აზროვნებდეს, ეს აუცილებელი პირობაა. თუკი „ბერი“ რაღაც აბსურდულ, უაზრო და საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგო იდეებს გამოთქვამს, – ასეთ ბერს არ უნდა მივმართოთ. მის რჩევებს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.“

როცა ქრისტიანი „ბერთან“ მიდის, ამ საქციელს ქრისტიანი საკუთარ სინდისს ანდობს და თავად უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დგას მის წინაშე: წმინდა მოღვაწე, რომელსაც ბერობის ნიჭი აქვს, თუ ყალთაბანდი. აქ ვერც გარანტია იქნება და ვერც „ხარისხის ნიშანი“. „თუკი ეჭვი გეპარებათ, – მცოდნე ადამიანს, სულიერ მოძღვარს ჰკითხეთ,“ – გვირჩევს მამა ვლადიმერი.