რწმენა ევქარისტიის რეალობისა

რწმენა ევქარისტიის რეალობისა

მოციქულების დროიდან მოყოლებული ეკლესიას სწამდა და ასწავლიდა, რომ ქრისტიანები ევქარისტიაში ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს კი არ ეზიარებიან, არამედ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?“ წერდა პავლე მოციქული კორინთელებს (1 კორ. 10, 16). ამიტომ მოციქული გვაფრთხილებდა: „ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.“ (1 კორ. 11, 27–30). მოციქულ პავლეს ევქარისტული პურისა და სასუმელისთვის ქრისტეს ხორცისა და სისხლის მნიშვნელობა რომ არ მიენიჭებინა და თავად ზიარება არ ეგულისხმა როგორც, არც მეტი და არც ნაკლები, საიდუმლო სერობის კეთილკრძალული მიბაძვა, მაშინ მისი სიტყვები „ამის გამო მრავალი თქვენგანი უძლური და სნეულია და მრავალნი კვდებიანო“, უადგილო იქნებოდა.

წმინდა მამათა ყველა ნაშრომს წითელ ზოლად გასდევს აზრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ექრისტული პური და ღვინო არის იესო ქრისტეს ხორცი და სისხლი. ამის შესახებ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი არაერთხელ წერს. „ ხრწნად საზრდელს ჩემთვის ტკბობა ვერ მოაქვს, ვერც ამ ცხოვრების სიამეებს. საღმრთო, ზეციური და სიცოცხლის პური მსურს, რომელიც ბოლო ჟამს დავითის თესლისგან შობილი ძე ღვთისას, იესო ქრისტეს, ხორცია, მსურს სასუმელი, მისი სისხლი, რომელიც უხრწნელი სიყვარულია“ 1, წერდა იგი რომაელ ქრისტიანებს. ფილადელფიელების მიმართ წერილში იგი ამბობს: „ ეცადეთ, რომ ერთი ევქარისტია გქონდეთ. რადგან ერთია უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ხორცი და ერთია ბარძიმი მის სისხლთან შესაერთებლად.“2 სმირნელებს იგი წერს, რომ მწვალებლები (ერეტიკოსები) „ ევქარისტიასა და ლოცვას გაურბიან, ვინაიდან არ სწამთ, რომ ევქარისტია ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხორცია. “ 3

წმ. იუსტინე მოწამე წერდა: „რადგან ჩვენ ამას ისე კი არ ვიღებთ, როგორც ჩვეულებრივ პურს ან ჩვეულებრივ სასმელს, არამედ როგორც ღვთის სადიდებლად განკაცებულ ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს ჩვენი ცხონებისათვის ხორციც ჰქონდა და სისხლიც, ასევე ჩვენი სწავლების მიხედვით, ეს ევქარიტიული საზრდელიც, რომლითაც გარდაქცევის მეშვეობით ჩვენი სისხლი და ხორცი საზრდოობს, მის (ქრისტეს) მიერ წარმოთქმული ლოცვის სიტყვების ძალით ამ განკაცებული იესოს ხორცი და სისხლია.“ 4 წმ. ირინეოს ლიონელი პავლე მოციქულის სიტყვების: „რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.“ (ეფ. 5, 30) განმარტებისას ამბობს: „ ეს ხორცი კი მისი მისი (ქრისტეს) იკვებება სასუმელისგან, რომელიც მისი სისხლია, და იზრდება პურისგან, რომელიც მისი ხორცია. და როგორც მიწაში დარგული ვენახი გამოიღებს ნაყოფს თავის დროზე ან მიწაზე დავარდნილი და გახრწნილი ხორბლის მარცვალი ყოვლისა მპყრობელი ღვთის სულის ძალით მრავალრიცხოვნად აღდგება და ეს კი შემდგომში ღვთის სიბრძნის წყალობით ადამინის სარგებელს ემსახურება და ღვთის სიტყვის შეწყნარებით ევქარისტიად იქცევა, რომელიც არის ქრისტეს ხორცი და სისხლი, ასევე მისით (მიწის მიერ) გამოკვებილი, მიწაში დაფლული და გახრწნილი ჩვენი სხეულები თავის დროზე აღდგება, ვინაიდან ღვთის სიტყვა ღვთისა და მამის სადიდებლად მათ აღდგომას მიანიჭებს და მამა ამ მომაკვდავს უკვდავებით მოსავს და ხრწნადს უხრწნელობას უსასყიდლოდ ანიჭებს.“5

ეკლესიის რწმენა ევქარისტული ძღვენის მნიშვნელობისა როგორც ქრისტეს ხორცისა და სისხლისა ამა თუ იმ ფორმით ყველა ანაფორაშია გამოხატული მწვალებლების ნესტორის, სევირიუსისა და დიოსკორეს ანაფორების ჩათვლით.

წმ. იოანე ოქროპირმა ევქარისტიის საეკლესიო გაგებას რამდენიმე ჰომილია მიუძღვნა. მათეს სახარებაზე 82–ე ჰომილიაში ის ამბობს: „ ქრისტეს გრძნობისმიერი (ხილული) არაფერი გადმოუცია, არამედ ყველაფერი სულიერი მოგვცა, ოღონდ ხილული საგნებით. ასე მაგალითად, ნათლობისას ხილული საგნის წყლის მეშვეობით ნიჭი მოგვეცემა, სულიერი მოქმედება კი შობასა და აღორძინებაში ანუ განახლებაში მდგომარეობს. უსხეულო რომ ყოფილიყავი ქრისტე ნიჭებს უსხეულოდ მოგცემდა, მაგრამ ვინაიდან შენი სული სხეულთანაა შეერთებული, ამიტომ სულიერს ხილულის მეშვეობით განიჭებს. ამჟამად რამდენი ამბობს: ვისურვებდი, რომ ქრისტეს სახე, სამოსელი და ფეხსაცმელი მენახაო! აი, შენ ხედავ, ეხები და გემოს უსინჯავ მას. შენ მისი სამოსლის ხილვა გსურს, ის კი საკუთარი თავის არამარტო ხილვის, არამედ შეხების, გემოსხილვისა და შიგნით მიღების უფლებას გაძლევს. ასე რომ უკრძალველად და სულსწრაფვით ნურავინ მიეახლება, არამედ ყველა მგზნებარე სიყვარულით, მხურვალე მოშურნეობითა და ფხიზელი სულით უნდა მიეახლოს. რადგან თუკი იუდეველები ტარიგს მზადყოფნი ჭამდნენ ფეხზე მდგომნი, ფეხსაცმელშემოსილნი და ხელში კვერთხით, მაშინ გაცილებით მეტი სიფხიზლე გმართებს, ვინაიდან ისინი პალესტინაში წასასვლელედ ემზადებოდნენ და მოგზაურთა გარეგნობაც ამიტომ ჰქონდათ, შენ კი ზეცაში ზეცაში წასასვლელად ემზადები. “6

იოანეს სახარებაზე 46–ე ჰომილიაში იოანე ოქროპირი ამბობს: „მაშასადამე, იმისთვის რომ (ქრისტეს სხეულის ნაწილებად) არამარტო სიყვარულით ვიქცეთ, არამედ საქმითაც, ამ ხორცს უნდა შევუერთდეთ. ეს კი იმ საზრდელის მეშვეობით ხდება, რომელიც (ქრისტემ) მოგვანიჭა, რადგან ჩვენთვის იმ სიყვარულის ჩვენება სურდა, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს. საკუთარი თავი ჩვენთან იმისთვის შეურია და თავისი ხორცი ჩვენში იმისთვის განაზავა, რომ თავთან შეერთებული სხეულის მსგავსად ერთგვარი ერთიანობა შეგვედგინა.საკუთარ თავთან დიდ თანამეგობრობაში შეყვანითა და ჩვენთვის თავისი სიყვარულის ჩვენებით, მან მსურველებს არამარტო მისი ხილვა, არამედ მისი შეხება, ჭამა , მის ხორცში კბილების ჩარჭობა, მასთან შეერთება და ყოველგვარი სურვილის ასრულება წარმოუდგინა. ხშირად მშობლები შვილებს გამოსაკვებად სხვებს აძლევენ. „მეო – ამბობს (მაცხოვარი), – ასეთი კი არ ვარო, საკუთარი ხორცით გასაზრდოვებთო და საკუთარ თავს გთავაზობთო, რადგან მსურსო, რომ ყველანი კეთილშობილნი იყოთო და მომავლის კეთილი სასოება მოგანიჭოთო.“ რადგან ვინც საკუთარი თავი აქ მოგანიჭათ, იქ , მომავალში, მით უფრო გააკეთებს. მე თქვენი ძმობა მოვინდომეო; მე თქვენი გულისთვის ხორცსა და სისხლს ვეზიარეო და ამ ხორცსა და სისხლს, რომელთა მეშვეობითაც თქვენს თანამოსისხლედ ვიქეციო, კვლავ თქვენ გადმოგცემთო.“ 7

იოანეს სახარებაზე 47–ე ჰომილიაში, იოანე ოქროპირი იესო ქრისტეს სიტყვების: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.“ (ინ. 6, 55) მნიშვნელობის განმარტებისას ამბობს: „რას ნიშნავს ეს სიტყვები? ამ სიტყვებით მას (უფალს) ან იმის თქმა უნდა, რომ მისი ხორცი სულის მაცხოვნებელი ჭეშმარიტი საზრდელია, ან კიდევ მის ნათქვამში დასარწმუნებლად, რათა მისი სიტყვები გამოცანად ან იგავად არ ჩათვალონ და იცოდნენ, რომ მისი ხორცი აუცილებლად უნდა შეჭამონ. შემდეგ ამბობს: „ჩემი ხორცის მჭამელი ჩემთან იმყოფებაო და ამით გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანი მას უერთდება.“ 8 შემდეგ ოქროპირი სვამს კითხვას: „ განა მისი ხორცი ხორცი არაა? უეჭველად ხორცია. მაშ როგორღა თქვა: ხორცი უსარგებლოაო? ეს თავის ხორცზე კი არ უთქვამს, სრულებითაც არა, არამედ იმათზე, რომლებსაც მისი სიტყვები გრძნობისმიერად (ხილულად) ესმით. მაინც რას ნიშნავს გრძნობისმიერი (ხილული) გაგება? საგნების უბრალოდ ცქერას და არაფრის წარმოდგენას; აი, რას ნიშნავს ხილულად გაგება. მაგრამ დანახულზე ამგვარი მსჯელობა არ შეიძლება, მისი (ქრისტეს) საიდუმლოებანი ყველაფერში შინაგანი თვალებით უნდა განვჭვრიტოთ, აი, რას ნიშნავს სულიერი გაგება (გულისხმისყოფა). ვინც მის ხორცს არ ჭამს და მის სისხლს არ სვამს, მას შინაგანი ცხოვრება არ გააჩნია. ხორცი ყოვლად უსარგებლო რანაირადაა, როცა მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია? ნუთუ ვერ ხედავ, რომ სიტყვები: „ჴორცნი არად სარგებელ არიან“ (ინ. 6, 63) მის ხორცზე კი არაა ნათქვამი, არამედ ხორციელ სმენაზე.“ 9

კორინთელთა პირველ ეპისტოლეზე 24–ე ჰომილიაში მოციქულ პავლეს სიტყვებთან: „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა?“ (1კორ. 10, 16) დაკავშირებით ამბობს: „ მან (მოციქულმა) ფრიად სწორი და საშინელი სიტყვები წარმოთქვა, რომელთა მნიშვნელობაც შემდეგია: ბარძიმში სწორედ ისაა, რაც უფლის გვერდიდან გადმოიღვარა და რასაც ვეზიარებით „ სასუმელი კურთხევისა იმიტომ უწოდა, რომ როცა იგი ხელში გვიჭირავს, მას (ქრისტეს) ვადიდებთ, გაკვირვებულნი და განცვიფრებულნი ვართ ამ გამოუთქმელი ნიჭის გამო და ვაკურთხევთ იმისთვის, რომ მან (ქრისტემ) იგი (სისხლი) ცთომილებისგან ჩვენს გამოსახსნელად დაღვარა და არამარტო დაღვარა, არამედ ჩვენ ყველას დაგვიტოვა. ასე რომ თუ სისხლი გსურსო, პირუტყვთა სისხლის დაქცევით კერპთა სამსხვერპლოს კი ნუ შეღებავო მეწამულად, არამედ ჩემი სამსხვერპლოსო ჩემი სისხლით.“10

სინანულის შესახებ მე–9 საუბარში წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ ნუ გგონია, რომ ეს პურია და ნუ ჩათვლი, რომ ეს ღვინოა, ვინაიდან საკვების სხვა სახეობებივით ადამიანისგან არ გამოდიან. არა, ნუ იმსჯელებ ასე. ისევე როგორც ცეცხლთან შეხებისას ცვილი არც არაფერს კარგავს და არც არაფერს იღებს, აქაც ზუსტად ასევე გულისხმაჰყავ, რომ საიდულოებანი ხორცის არსებასთან განეზავება. ამიტომ მიახლებისას ნუ იფიქრებთ, რომ საღმრთო ხორცს ადამიანისგან იღებთ, არამედ წარმოიდგინეთ, რომ საღმრთო ხორცს იღებთ როგორც ერთგვარ ცეცხლს თავად იმ სერაფიმთა მაშებიდან, რომლებიც ესაიამ იხილა, მაცხოვნებელი სისხლი კი ისე მივიღოთ, თითქოს ბაგეებით ღვთაებრივ და ყოვლადწმინდა გვერდს ვეხებოდეთ.“ 46–ე ფსასლმუნის განმარტებისას კი ამბობობს: „ მანანას კი არ ვჭამთ, არამედ უფლის ხორცს ვღებულობთ, წყალს კი არ ვსვამთ ქვიდან, არამედ – სისხლს ქრისტეს გვერდიდან.“ 11 123–ე ფსალმუნის განმარტებისას კი ამბობს, რომ ქრისტე „ თავისი ხორცით გასაზრდოვებს, თავისი სისხლით კი გარწყულებს.“ 12

ყველა შემთხვევაში წმ. იოანე ოქროპირი არა ორაზროვნად, არამედ გადაჭრით ამტკიცებს, რომ ევქარისტული პურისა და ღვინის მიმღებნი უფლის ჭეშმარიტ და რეალურ ხორცსა და სისხლს იღებენ და ამ ზიარების მეშვეობით თავად იესო ქრისტეს უერთდებიან, რომელიც მათში საკუთარ ხორცს „განაზავებს“, მათ ძმად იქცევა, ისინი კი მისი „თანამოსისხლეები“ და ამით მარადიული ცხოვრების მემკვიდრეები ხდებიან. წმ. იოანე როგორც მჭერმეტყველი, ოქროპირი ორატორი ზოგიერთ შემთხვევაში ნატურალიზმს უშვებს, მაგალითად, როცა ამბობს, რომ ქრისტემ „მსურველებს არამარტო მისი ხილვა, არამედ მისი შეხება, ჭამა , მის ხორცში კბილების ჩარჭობა“ შესთავაზა ან კიდევ როცა ბარძიმიდან ზიარებას მაცხოვრის ყოვლადღირსი გვერდის ბაგეებით შეხებას და ამ გვერდიდან მისი სისხლის „შესმას“ უწოდებს. ეს მხოლოდ ორატორული მჭერმეტყველების ხერხია და აქედან არ უნდა დავასკვნათ არც ის, რომ ევქარისტული საიდუმლო ოქროპირს ნატურალისტურად ესმის,(როგორც ეს დასავლეთში ბენედიქტელი რადბერტ პასხაზის (785–860) სწავლების გავლენით წარმოიშვა) და არც სპირიტუალისტურად და აბსტრაქტულად. ნიშანდობლივია, რომ უმრავლეს შემთხვევაში როცა იოანე ოქროპირი ევქარისტულ პურზე ლაპარაკობს, როგორც ქრისტეს სეულზე, იყენებს ტერმინს η σαρκς და არა το σωμα–ს. ერთი შეხედვით ეს ორი ერთნაირი მნიშვნელობის მქონე სიტყვებია, მაგრამ წმინდა წერილში ეს ერთი და იგივე არ არის.

ევქარისტიის საიდუმლოს დასაწესებლად უფალს შეეძლო ნებისმიერი საკვები და პროდუქტი გამოეყენებინა, „რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.“ (1 ტიმ. 4, 4–5). მაგრამ ქრისტემ ამისთვის პური და ღვინო აირჩია, ვინაიდან ებრაულ სამღვდელო სიმბოლიკაში ამ პროდუქტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პური სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამ სიმბოლოთი ქრისტეც სარგებლობდა, როცა იუდეველებს საკუთარ თავზე ელაპარაკებოდა: „არა მოსემ მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა. . . მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე.“ (ინ. 6; 32, 51). ყურძნის ვენახი ღვთის რჩეული ერის სიმბოლოა. (ეს. 5, 1–6). „ რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაელისა არს და კაცი იუდაჲსი – ახალნერგი შეყვარებული“ (ეს. 5, 7). ახალ აღთქმაში თავად უფალია ჭეშმარიტი ვენახი, მამა ღმერთი – მევენახე, ქრისტესთან მყოფი ყველა ადამიანი კი ამ ვენახის ყლორტები. (ინ. 15, 1–6). ღვინის სასმისი უპირველეს ყოვლისა ცხონების სიმბოლოა. „სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო სახელსა უფლისასა ვხადო.“ (ფს. 115, 4) ,მაგრამ ამასთან ერთად იგი ტანჯვის სიმბოლოცაა. „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად?“ – უთხრა იესომ ზებედეს ძეთა დედას (მათ. 20, 22). უფალი თავის საკუთარ ტანჯვა-წამებასაც სასუმელს უწოდებს: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე;მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე. . . მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.“ (მათ. 26, 39–42; შედ. მარკ. 14, 36 და ლუკ. 22, 42). ერთად აღებული პური და ღვინო ესაა ებრ. basher-bisra, basher-bisra, ბერძნ. η σαρξ και το αιμα, რაც სლავურ „ плоть и кровь”- ს (ხორცსა და სისხლს) შეესაბამება და ადამიანის ფსიქოფიზიკურ ბუნებას ნიშნავს იმის გამოკლებით, რასაც წმინდა წერილი უწოდებს ადამიანში ღვთის ხატსა და მსგავსებას („ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. . . და შექმნა ღმერთმან კაცი . ხატებად ღმრთისა შექმნა იგი“–შეს. 1, 26–27) ან სულს (გამოვიდის სული მისი და მიაქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.“ – ფს. 145, 4) და ასევე იმის გამოკლებით, რაც საღვთისმეტყველო – ფილოსოფიურ ენაზე გამოიხატება ტერმინებით η υποστασις, substantia, ქართულად – პირი (პიროვნება).

ამ ებრაულ ხატოვან გამოთქმას მოციქული პავლე რამდენჯერმე იყენებს. მას იგი იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას უწოდებს: „რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე“ (ებრ. 2, 14) იგი (პავლე მოციქული) ხორცსა და სისხლს იერუსალიმში მცხოვრებ იესო ქრისტეს ნათესავებსა და მოციქულებს უწოდებს, და ამით მათ მიერ მიღებული საღვთო გამოცხადებით განასხვავებს. „ხოლო როცა ღმერთმა, რომელმაც დედის საშოდანვე გამომირჩია და თავის მადლით მომიწოდა, კეთილინება, რომ ჩემთვის თავისი ძე განეცხადებინა, რათა მე იგი (ქრისტე) წარმართებისთვის მეხარებინა, მაშინ აღარ დავიწყე ჩემს სისხლთან და ხორცთან მოთათბირება და აღარ წავედი ჩემს წინამორბედ მოციქულებთან იერუსალიმში. “ (გალ. 1, 15–17). იგი ამ გამოთქმას მაშინ იყენებს, როცა ამ ბუნების დროებით თვისებაზე მიუთითებს სულის მარადიული ბუნებისგან განსხვავებით. „ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳიდრებად ვერ ძალ–უც“ (1 კორ. 15, 50). და ბოლოს, პავლე მოციქულმა იგი ამ ბუნების უძლურებისა და ბოროტი ძალების მოქმედების გასამიჯნავად გამოიყენა „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.“ (ეფ. 6, 12).

ევანგელისტ–სინოპტიკოსთა მიერ უფლისგან ევქარისტიის საიდუმლოების დაწესების აღწერისას η σαρξ (ხორცი) –ის მაგივრად გამოყენებულია το σωμα (სხეული) (იგივეა საიდუმლო სერობის აღწერისასაც კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში, 11, 24), რასაც კრებსით „ხორცთან და სისხლთან“ შედარებით რამდენადმე სხვა ელფერი აქვს. ძნელია იმის თქმა, ეს ებრაული კულტურის ელინიზაციის შედეგს წარმოადგენს თუ ეს მათი ტექსტები მოციქულების შემდგომი,გვიანდელი თარგმანია.მაგრამ წმ. იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც სახარება სინოპტიკოსებზე და პავლე მოციქულზე გაცილებით გვიან დაწერა, იყენებს გამოთქმას „ხორცი და სისხლი“. შეგვიძლია მრავალმნიშვნელოვანი ვუწოდოთ იმასაც, რომ σαρξ და αιμα მას მოჰყავს უფლის საუბარში იუდეველებთან ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ, როგორც თავად მის (ქრისტეს) მიერ ნათქვამი: „ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ დალევთ მის სისხლს, ცხოვრებაში ადგილი არ გექნებათ. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს მარადიული ცხოვრება აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. . .რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტად საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტად სასმელია; ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემთან იმყოფება და მე მასში.“ (ინ. 6, 53–56).

თუკი ადამიანებთან მიმართებაში „ხორცი და სისხლი“ მათ ფსიქოფიზიკურ, არასულიერ ბუნებას გამოხატავს, იესო ქრისტესთან მიმართებაში ისინი მისი, როგორც ღმერთკაცის (რომლის ძალითაც მას შიოდა, სწყუროდა, მაგრამ პურის მცირე რაოდენობით მრავალ ათას ადამიანს აპურებდა; იღლებოდა, წუხდა, ავდმყოფობდა, მაგრამ სნეულებსა და ბოროტი სულით შეპყრობილებს კურნავდა; ჯვარზე მოკვდა, საფლავიდან აღსდგა) დიფიზიას (ორბუნებოვნებას) აღნიშნავენ, მაგრამ მის მარადიულ საღმრთო ყოფნასა და იპოსტასურ თვისებებს არ გამოხატავენ.

ოქროპირის სწავლებით, ევქარისტიაში თავად განკაცებული ძე ღვთისა გვთავაზობს იმ ხორცსა და სისხლს, რომელთა წყალობითაც იგი ჩვენი მონათესავე გახდა: „ მე მოვისურვე, რომ თქვენი ძმა გავმხდარიყავი; მე თქვენთვის ხორცსა და სისხლს ვეზიარე. და ამ ხორცსა და სისხლს, რომელთა მეშვეობითაც დაგინათესავდით, კვლავ თქვენ გადმოგცემთ. “ 13 ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტე „თავადვე გვასმევს თავის სისხლს“14 და „ ჩვენ (მასთან (ქრისტესთან).–ნ. უსპენსკი) ერთ ხორცში ქრისტეს ერთ ქრისტეს ერთი სხეული ვხდებით.(ქრისტეს სხეულში ჩვენ მისი ერთხორც ვხდებით). “15 და ამ ხორცით ქრისტე ზეცად ამაღლდა. „ ელიამო, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, თავის მოწაფეს ხალენი დაუტოვა, ძე ღვთისამ კი, როცა ამაღლდა, თავისი ხორცი დაგვიტოვა. ელია თვითონ ხალენის გარეშე დარჩა, ქრისტემ კი თავისი ხორცი დაგვიტოვა და მისით კი ამაღლდა.“ 16 სწავლება მკაცრად მართლმადიდებლურია, რომელიც ევქარისტულ პურსა და ღვინოში უფლის ხორცისა და სისხლის რეალურ მყოფობას აღიარებს და შორს დგას შუასაუკუნეობრივისგან, რომელმაც ქრისტეს სხეულის თაყვანისცემის კულტი გამოიწვია. ამიტომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდა ზიარების მიცემისას მღვდელი ამბობს: „ეზიარება მონა ღვთისა (სახელი) პატიოსანსა და წმინდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა და ღვთისა და მაცხოვარის ჩვენისა იესო ქრიტესსა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ “ და არა „ ეზიარება მონა ღვთისა (სახელი) უფალსა და ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა. . . “

ჩვენ დავალებულნი ვართ წმ. იოანე ოქროპირისგან, რადგან როგორც მან განმარტა მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრება ევქარისტიის შესახებ, ასე ეკლესიის არცერთ მამას არ განუმარტავს. თუმცა სხვა მამებთანაც გვხვდება გამონათქვამები, რომლებიც ამ საკითხში ეკლესიის საერთო რწმენას გამოხატავს. წმ. ათანასე დიდი წერდა: „მართალია, ერთ წერილში წერია ძის ღვთაებრიობაზე და მარიამისგან (მიღებულ) სხეულზე, რომელიც ძემ ჩვენი გულისთვის იტვირთა, მაგრამ ჩვენც, როგორც ერთი ჭეშმარიტი მოძღვრის მოწაფეები, წერილის ყოველ გამონათქვამს გულისხმავჰყოფთ. ამიტომ ყველა დამამცირებელი გამოთქმა და საქმე გულისხმაჰყავ, რომ იესოს სხეულზეა დაწერილი, ყველა განმადიდებელი გამოთქმა კი სიტყვის ღვთაებრიობაზე. . . მის (ქრისტეს) სხეულზე დავითი მამის პირით წინასწარმეტყველურად ამბობს: „დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი წინაშე ფერხთა შენთა. . . “ სწორედ ამ სხეულის მეშვეობით იგი იქმნა და ეწოდა უფალი, განმანათლებელი და მოვლინებული საიდუმლოში, რომელიც მოგვცა და თქვა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, და სისხლი “ არა ძველის, არამედ ახალი აღთქმის „თქუენთვის დანთხეული“. ღმრთეებას არც ხორცი აქვს და არც სისხლი, ამის მიზეზი გახდა ადამიანი (შობილი) მარიამისგან, რომელიც ღმრთეებამ თავს–იდვა. “ 17 ( აქ საუბარია განკაცებაზე–მთარგმნ.) „ სიტყვა ხორციელ–იქმნა და ქალწულ მარიამისგან იშვა ადამიანი მსგავსებისაებრ ჩვენისა . . . ჩვენ კი განვიღმრთობით არა ვიღაც ადამიანის ხორცის ზიარებით, არამედ თავად სიტყვის ხორცის მიღებით.“ 18

ქრისტეს სიტყვების: „ ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს და ნუ დაუფენთ თქვენს მარგალიტებს ღორებს,“ წმ. ათანასე ამბობს: „ ჩვენს მარგალიტებს , წმინდა საიდუმლოებებს, ღორების მსგავს ადამიანებს ნუ დავუფენთ. შენ ამბობ, სიწმინდეების ზიარება მათაც სურთო; მაგრამ ისინი გემოთმოყვარეობაში მგორავი უსირცხვილო ძაღლები და ღორები არიან. ამიტომ ნუ მისცემ მათ. რადგან ავადმყოფებსაც სურთ წყალი, მაგრამ ექიმები დალევის უფლებას არ აძლევენ, ძალაუფლების მიმტაცებლებსაც სურთ სამეფო პორფირი, მაგრამ მისი მცველები, რომლების ხიფათს წინასწარ ჭვრეტენ, არ უთმობენ მას. მაშ, ყური მიგდე დიაკვანო: „უღირსებს ყოვლადპატიოსანი სხეულის პორფირს ნუ მისცემ, რათა პასუხისგება არ მოგიწიოს, არა რომაული კანონებით, არამედ მეუფის სიტყვისამებრ. “ 19

ეს შეეძლო მხოლოდ იმ ეპისკოპოსს ეთქვა, რომელიც ევქარისტულ ძღვენებში „უხრწნელი ხორცის“ რეალური მყოფობის საზოგადო რწმენას იზიარებს.

წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობდა: „ მთელი რწმენით ვეზიაროთ მას, როგორც ქრისტეს ხორცს და როგორც ქრისტეს სისხლს, ვინაიდან პურის სახით გეძლევა ხორცი და ღვინის სახით გეძლევა სისხლი, ქრისტეს ხორცისა და ქრისტეს სისხლის ზიარებით ქრისტეს თანამეხორცედ და თანამოსისხლედ იქცე. ასეთნაირად ქრისტეს მატარებლებად (ქრისტეშემოსილებად) ვიქცევით, რადგან ქრისტეს ხორცი და სისხლი ჩვენი სხეულის ასოებს შეუერთდა. . . ამიტომ ნუ შეხედავ როგორც უბრალო პურსა და ღვინოს, რადგან მეუფის სიტყვებით, ისინი ქრისტეს ხორცი და სისხლია. მართალია გრძნობა პურსა და ღვინოს წარმოგიდგენს, მაგრამ დაე, მტკიცე იყოს შენი რწმენა. . . საგანზე გემოთი კი ნუ იმსჯელებ, არამედ რწმენით ირწმუნე, რომ ქრისტეს ხორცისა და სისხლის ღირსი შეიქმენი“. 20

წმ. ეფრემ ასური კი ამის შესახებ წერდა: „გწამს, საყვარელო, რომ მხოლოდშობილი იესო ქრისტე ხორცით ამქვეყნად შენი გულისთვის იშვა? მაშ რაღას ცნობისმოყვარეობ? ხოლო თუ ცნობისმოყვარეობ, მორწმუნე კი არ უნდა გიწოდონ, არამედ ცნობისმოყვარე. გულწრფელი მორწმუნე იყავი, მთელი რწმენით ეზიარე მეუფის ყოვლადპატიოსან ხორცს და მთლიანად იყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჭეშმარიტად თავად ტარიგს ჭამ. ამიტომ ცნობისმოყვარე ნუღა იქნები, რათა საიდუმლოებათა ზიარებამ არ დაგწვას. პატრიარქმა ზეციურ ანგელოზებს მიწიერი საჭმელები შესთავაზა და მათ ჭამეს. ჭეშმარიტად დიდი სასწაულია იხილო, თუ როგორ ჭამენ უსხეულონი ამქვეყნად შეთავაზებულ ხორცის საზრდელს. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ჩვენმა მაცხოვარმა, მხოლოდშობილმა იესო ქრისტემ გააკეთა, ყოველგვარ გონებასა და სიტყვასს აღემატება: ცეცხლი და სული მოგვანიჭა ჩვენ, ხორციელებს, საჭმელად და სასმელად, ე.ი. თვისი ხორცი, ასევე სისხლიც.“ 21

ავტორი: ნიკოლოზ უსპენსკი