ევსები კესარიელი და ტრინიტარული ფორმულის ავთენტურობა (მათ. 28:19)

ევსები კესარიელი და ტრინიტარული ფორმულის ავთენტურობა (მათ. 28:19)

ნათლობის ტრინიტარული ფორმულის ავთენტურობის კრიტიკის ისტორია (მათ. 28:19) 1901 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს, აღმოსავლეთმცოდნისა და ღვთისმეტყველების პროფესორის, ფრედერიკ კონიბერის (F. C. Conybeare) [1] ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელშიც მან პირველად გაამახვილა ყურადღება ხსენებული მუხლის ციტირებაზე ევსები კესარიელის ნაშრომებში.

ევსების ციტატებში მათე. 28:19 სამი სახით გვხვდება: მოკლე — „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერში ადამიანები ჩემი სახელით“ (16 ჯერ); ვრცელი (4 ჯერ) და შემოკლებული — „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერში ადამიანები“ (9 ჯერ) [2] „ჩემი სახელით“ ფრაზის გარეშე. ვრცელი ვარიანტი არის მათე. 28:19-ის ცნობილი კანონიკური ვარიანტი [3]. ვრცელი ვერსიისგან მოკლე და შემოკლებული ვერსიების პრინციპული განსხვავება მდგომარეობს „მონათლეთ ისინი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ სიტყვების არარსებობაში.

აღსანიშნავია, რომ ევსები მათე 28:19-ის მოკლე ფორმას იყენებს, როგორც წმ. წერილსა და ქრისტეს სიტყვების ზუსტ ციტატას, განიხილავს და აანალიზებს მას ეგზეგეტიკურად და ღვთისმეტყველურად (მაგ., Demonstratio Evangelica 3, 6-7, Theophania 5, 46-ში). ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს: ევსების ჰქონდა მათეს სახარების ტექსტი, რომელიც ზუსტად ასეთ ვერსიას შეიცავდა.

თუმცა, როდესაც ევსები წმინდა სამების დოგმატურ საკითხებს ეხებოდა (მაგ., მარკელ ანკირელთან კამათში), ის ცნობილ ვრცელ ვერსიას ციტირებდა (იხ. Contra Marcellum 1.1.9, 36 (GCS 3.7, 8.21), შეად. ასევე, Epistula ad Caesarienses 3 (см. Athanasius Werke, ed. Opitz, 3.1, p. 43.18-19); De eccl. theol. 3.5 (GCS 163.22); Theoph. 4.8 (GCS 177.2)). შესაბამისად, ევსებისთვის ორივე ვარიანტი წმინდა წერილი იყო.

კონიბერი ზედმეტად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ მუხლის ვრცელი ვერსიის ციტირება ევსების მხოლოდ გვიანდელ შრომებში გვხვდება, ნიკეის კრების შემდგომ პერიოდში. ამიტომ, ავტორი ავთენტურად მოკლე ვარიანტს მიიჩნევდა. დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სახარების ყველა შემონახული ხელნაწერი მხოლოდ კანონიკურ ტიპს გვაძლევს, მიიჩნევა რომ მათე. 28:19-ის ვრცელი ვარიანტი გვიანდელი დანამატია, რომელიც სამოციქულო ნათლობის თავდაპირველ პრაქტიკას ასახავს („იესო ქრისტეს სახელით“, როგორც აღწერილია მოციქულთა საქმეში) და ტრინიტარულ იერს ატარებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ მათე. 28:19-ის ვრცელი ვარიანტი ფართოდ არის დამოწმებული სხვადასხვა რეგიონების ნიკეამდელ ორტოდოქსულ და გნოსტიკურ წყაროებში (დიდაქე 7:1-3, იუსტინე ფილოსოფოსი: I აპოლოგია 61, აპოკრიფული „იოანეს საქმენი“ 47, 7 [4], კლიმენტ ალექსანდრიელის Excerpta ex Theodoto 76 [5], ტერტულიანე: ნათლობის შესახებ 13, პროთიკ პრაქსეა 26, პრესკრიფცია ერეტიკოსების წინააღმდეგ 20, წმ. კვიპრიანე კართაგენელი: წერილი იუბიანესადმი ერეტიკოსთა ნათლობის თაობაზე [6], წმ. იპოლიტ რომაელი Traditio apostolica xxi. 12-18, ორიგენე: In Joannem 3.5). სერიოზულად ვერ დავუშვებთ, რომ ევსების ამ ტიპის ტექსტს არ იცნობდა ნიკეის კრებამდე.

ადრექრისტიანული ძეგლის, დიდაქეს, (II საუკუნის დასაწყისი) ნათლობის პრაქტიკის (რომელსაც იუსტინე ფილოსოფოსი II საუკუნის შუახანებში აღწერს) და გნოსტიკური აპოკრიფების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათე. 28:19 ვრცელი ვარიანტი მათეს სახარების ბერძნული ვერსიის ნაწილს წარმოადგენდა იმთავითვე.

მაშასადამე, უნდა ვეძიოთ სხვა, უფრო სარწმუნო მიზეზები იმისა, თუ რატომ იყენებდა ევსები ორ სხვადასხვა ტექსტურ ტრადიციას მათე. 28:19. გარდა ამისა, უნდა დავსვათ კითხვა: საერთოდ, ამ ტექსტის ორი ტიპი ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ, თუ არა?

აღსანიშნავია, რომ ევსების მოწმობა არ არის ერთადერთი მაგალითი მათე. 28:19 ტექსტის მოკლე და შემოკლებული ვერსიის არსებობისა. ასე, მაგალითად, ქალწულ მარიამზე ქადაგების კოპტური ტექსტი (რომელსაც კირილე იერუსალიმელს მიაწერენ [7]) წმ. კირილესა და ერთ-ერთ ბერის საუბარს აღწერს. ამ საუბარში მათე. 28:19 შემდეგი სახით გვხვდება: „მოიარეთ მსოფლიო და ყველგან ასწავლეთ ყველა ერს ჩემი სახელით“ [8].

მათეს სახარების XIV ს-ის ივრითული გამოცემა, რომელიც ეკუთვნის იუდეველ პოლემისტს შემ თოვ ბენ იცხაკ იბნ შაფრუთი, ასეთ ვერსიას გვთავაზობს: „წადით და დაიმარხეთ ისინი და დაიცავით ყველა ის სიტყვა, რომელიც საუკუნოდ დაგიდეთ მცნებად“ [9].

მაშ, საიდან აიღო ევსები კესარიელმა მათე. 28:19-ის მოკლე ფორმულირება? ყველაზე აშკარა პასუხი ასეთია: იერონიმე სტრიდონელის მიერ ნახსენები ებრაული მათეს სახარება, რომელიც ცნობილ კესარიულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რომელთანაც უშუალო შეხება ჰქონდა ევსების. ეს კარგად ასახავს ამ ტრადიციის თვითმყოფადობასა და იზოლირებას მოწმობათა რიგში. ბერძნულენოვანი გადამწერები არ იყვნენ დაინტერესებულნი მათეს სახარების ებრაული ტექსტით და ამიტომაც ამ ვერსიამ შემდგომი განვრცობა ვერ ჰპოვა. მოგვიანებით, კესარიის ბიბლიოთეკა ებრაულ სახარებასთან ერთად არაბებმა გაანადგურეს.

პაპიუსის მოწმობით, რომელსაც ევსები გადმოგვცემს (ეკლესიის ისტორია 3, 39, 16) და იერონიმეს მოწმობით (De vir. illustr. 3), ებრაული მათეს სახარების ბერძნულ ენაზე მთარგმნელი უცნობი იყო. მაგრამ, კლიმენტ რომაელი (I საუკუნის ბოლოს) და ეგნატე ანტიოქიელი (II საუკუნის დასაწყისი) მათეს სახარებას ბერძნულად ციტირებენ.

მათეს სახარების გარშემო მრავალი კითხვა არსებობს. საეკლესიო ისტორია ბერძნულ კანონიკურ მათეს სახარებაში ებრაული მათეს სახარების თარგმანს ხედავს. სამეცნიერო ბიბლეისტიკა ბერძნულ მათეს სახარებას (ებრაულ ვერსიასთან მიმართებაში) დამოუკიდებელ დოკუმენტად მიიჩნევს, რომელიც სულაც არ გავს ებრაული ორიგინალიდან თარგმანს [10]. ებრაული სახარების ციტატები, რომლებსაც მამებთან ვხვდებით, ცნობილ მათეს სახარებასთან შესაბამისობაში არ მოდის.

როგორც არ უნდა იყოს, ისტორიული რეკონსტუქცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სიტყვები βαπτίζοντες ατος ες τ νομα το πατρς κα το υο κα το γίου πνεύματος (მონათლეთ ისინი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა) სახარების ბერძნული ტექსტის ნაწილი იყო თავიდანვე, რომელიც I საუკუნეში დაიწერა. ვარაუდების გარდა არ არსებობს არც ერთი რეალური მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს სიტყვები სახარების ბერძნულ ტექსტში მოგვიანებით ჩაამატეს.

ამგვარად, ტრინიტარული ფორმულის ნამდვილობის საკითხი დადებითად წყდება: მათე. 28:19-ის ვრცელი ფორმა მათეს სახარების ბერძნულ კანონიკურ ტექსტში ნამდვილია ისევე, როგორც მათე. 28:19-ის მოკლე ფორმა ნამდვილია კესარიის ბიბლიოთეკის ებრაულ სახარებისთვის.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რომელი ფორმაა ნამდვილი არა პირვანდელი ტექსტის თვალსაზრისით, არამედ თავად ქრისტეს საუბრის თვალსაზრისით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ეს რწმენის საკითხია. მაგრამ მაინც ჩანს, რომ მათე. 28:19-ის მოკლე ვერსია მათეს სახარებაში უფრო შეესაბამება „ჩემი სახელით“ გამოთქმის ლექსიკასა და გამოყენებას. მეორეს მხრივ, თუ მათე. 28:19 ვრცელ ფორმას უფრო გვიანდელ ტრინიტარულ ელფერს არ მივცემთ, „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ გამოთქმა სავსებით შესაძლებელია ქრისტეს ეკუთვნოდეს ან მათეს იუდეო-ქრისტიანული ბერძნულენოვანი თემის (სავარაუდოთ სირიის, რომელშიც ბერძნული სახარების ტექსტი იქმნებოდა, ისევე როგორც „დიდიაქე“) ნათლობის პრაქტიკის რეალური ასახვაა.

ავტორი: არტემ გრიგორიანი

— — — — —

[1] F. C. Conybeare, “The Eusebian Form of the Text Matth. 28, 19,” ZNW 2 (1901): 275-288.

[2] B. H. Green, “Matthew 28:19, Eusebius, and the lex orandi” in The Making of Orthodoxy (ed., Rowan Williams; Cambridge: CUP, 2002), 124-141.

[3] ანტიტრინიტარულ წრეებში გავრცელებულია ცდომილება, რომ ევსები კესარიელი მათე. 28:19-ს ჩვეული სახით საერთოდ არ ციტირებს.

[4] “Acta apostolorum apocrypha, vol. 2.1”, Ed. Bonnet, M. Leipzig: Mendelssohn, 1898, Repr. 1972.

[5] ნიშანდობლივია, რომ კლიმენტ ალექსანდრიელი აქ თეოდოტე გნოსტიკოსს ციტირებს, რომელიც მათე. 28:19-ზე უთითებს.

[6] ამ წერილში კიპრიანე ამბობს, რომ აუცილებელია წმინდა სამების სახელით იმ ერეტიკოსების მონათვლა, რომლებიც „იესო ქრისტეს სახელით“ მოინათლნენ. მაგრამ რომის პაპმა, სტეფანემ, ასეთ ნათლობას ძალადაკარგულად თვლიდა.

[7] Orlandi T. Coptic Texts Relating to the Virgin Mary: An Overview. R., 2008. P. 59-61

[8] E. Budge, Miscellaneous Coptic Texts, 1915, pp. 58 ff., 628 and 636.

[9] Манукян А.С.  «Евангелие от Матфея на иврите в издании  Шем-Това ибн-Шапрута (с параллельным русским переводом)».  Днепропетровск, 2015 г.

[10] J. R. Edwards, The Hebrew Gospel and the Development of the Synoptic Tradition (Grand Rapids: Eerdmans, 2009), 252-258.