როგორ უნდა მოვექცეთ სექტანტებს.

როგორ უნდა მოვექცეთ სექტანტებს.

ბოლო დროს თანამედროვე რელიგიათმცოდნეების მიერ შეინიშნება მცდელობა, რომ მართლმადიდებლური ტერმინოლოგია ეკლესიის წიაღში შეიცვალოს საერო ტემინებით, მოხდეს საეკლესიო ქადაგებათა სტრატეგიის სეკულარიზაცია უძღებთა შორის. თანმიმდევრულად განიდევნება ეკლესიური ტრადიცია ერეტიკოსთა სამი ხარისხით განყოფისა და წინა რიგში გამოდის არამართლმადიდებლური აღმსარებლობისთვის დამახასიათებელი სოციალური, სამართლებრივი, კრიმინალური, სამედიცინო ასპექტები და კლასიფიკაციები. ისეთი ჩამოყალიბებული ცნებები, როგორიცაა “ტოტალიტარული” სექტები, “დესტრუქციული” კულტები და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ პასუხობს ცრუ აღმსარებლობების რელიგიურ და აღმსარებლობით შეფასებებს, სექტანტური ექსპანსიის პრობლემა რელიგიური სიბრტყიდან პოლიტიკურ სიბრტყეში გადაჰყავს. აქ პირველ პლანზე გამოდის სოციალური შეფასება რომელიმე ცრუ აღმსარებლობისა და ამგვარად იშლება წარმოდგენა ნებისმიერი სექტის- როგორც ამა თუ იმ ერესით შეპყრობილი ადამიანთა ჯგუფის შესახებ. უკვე დღეს მისიონერული მუშაობა რომელიმე სექტასთან ეყრდნობა არა ამ ცდომილების (ერესის) დამღუპველი შედეგების მხილებას, არამედ სოციალურ რესპექტაბელობას, ან არარესპექტაბელობას. ამგვარად, უცხოური (ძირითადად) რელიგიური ჯგუფების და სექტების დიდი ნაწილი ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის საზღვრებს მიღმა რჩება. მთელი ყურადღება გადადის მცირერიცხოვან ჯგუფებზე, რომელნიც არ არიან ფართოდ გავრცელებული რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად კათოლიკები, ლუთერანები, ბაპტისტები, ადვენტისტები და ორმოცდაათიანელები.

მსგავსი მიმართულება რუსულ მისიოლოგიაში, რუსეთის მართლამადიდებელი ეკლსიის სასულიერო სკოლებში უკვე სახელდებულია, როგორც “ტოტალიტარული თეორია”. ეჭვსგარეშეა, ჭეშმარიტებისაგან ყოველგვარი ცდომილება მართლმადიდებელი მისიონერისათვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ქარიზმატული და კრიშნაიდული მიმართულების ღვთის გარეგანი დაჯგუფებები კვლავინდებურად გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ერის ჯანმრთელობას. ნეოორმოცდაათიანელთა და ნეოინდუისტთა სექტებში ჩათრეული ახალგაზრდა ადამიანები დაკარგულნი არიან ნორმალური ცხოვრებისათვის და არა მხოლოდ მისიონერი მოძღვრისაგან, არამედ ექიმი-ფსიქიატრისაგან საჭიროებენ დახმარებას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის, ექიმის, მით უფრო პროკურატურის გამომძიებლის მისიები განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოძღვრის საქმე გამოძიება არ არის, არც გამომძიებლის საქმე არ არის სულიერების ჩხრეკა.

მაგრამ მეორე მხრივ, ცდომილთა დაყოფა “დესტრუქციულებად” და “არადესტრუქციულებად” განაპირობებს ერთთა მიმართ მეტ აქტივობას, მეორეთა მიმართ კი – სრულ ლოიალობას, მეტიც, ეკუმენისტურ რჯულთშემწყნარებლობას, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რომელიც ყველა ცდომილისთვის ხელის გაწვდენისაკენ მიგვიწოდებს. მსგავსი შემწყნარებლობა ზოგიერთი “არატოტალიტარული” სექტების მიმართ, არსობრივად წარმოადგენს შემწყნარებლობას ერესის (როგორიც არ უნდა იყოს ის) მიმართ. მართლმადიდებლური სოტერიოლოგიის თანახმად, ვნება, რომელიც ადგება უკვდავ სულს, ბევრად სახიფათოა, ვიდრე ადამიანის სხეულისადმი მიყენებული ზიანი. მამები გვასწავლიდნენ, რომ ერეტიკოსი მკვლელზე უარესია. ერეტიკოსთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების, ხოლო ერესისადმი შეუწყნარებლობის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: “ერეტიკული სწავლებანი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ აღიარებულ დოგმატებს, უნდა დავწყევლოთ, ცრუ დოგმატები უნდა ვამხილოთ, მაგრამ ადამიანები ყოველმხრივ უნდა შევიწყალოთ და ვილოცოთ მათი სულების გადარჩენისათვის.” ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.

სექტებისადმი მსგავსი არამართლმადიდებლური მიდგომა ამერიკული რელიგიური სკოლებისა და მიმართულებების გავლენით წარმოიქმნა. ამ სეკულარული გორგლის განეიტრალება აღადგენს ბიბლიურ და წმინდა მამებისეულ დამოკიდებულებას სექტანტების, ერეტიკოსებისა და ცდომილთა მიმართ.

მეორე მხრივ, ცდომილთა შორის მისიონერულ მოღვაწეობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს შეუწყნარებლობის და მტრული დამოკიდებულების ფორმა, რაც ეჭვსგარეშეა, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულსა და სახარებისმიერი სათნოების სულს. სექტანტებთან სხვადასხვა ფორმის მისიონერული მოღვაწეობის სეკულარიზაციას შემოაქვს სწორედ ზოგიერთი ვაი-მისიონერის შემეცნებაში ცდომილთა მიმართ საერო შეუწყნარებლობის აგრესიული სულისკვეთება. განდგომილთა მიმართ ამგვარი შეუწყნარებლობით ძირითადად შეპყრობილნი არიან ნეოფიტები. ეკლესიის წიაღში მყოფნი, ისინი ჯერაც ვერ განთავისუფლებულან “ოპოზიციონერებთან” ბრძოლის პოსტკომუნისტური, ველური, უსულგულო მეთოდებისაგან. მთელი მათი “მისიონერული” მოღვაწეობა შემოიფარგლება განდგომილთა შესახებ კომპრომატების მოძიების, მათი სასამართლო ორგანოების და პრესის მხრიდან დევნის ორგანიზებით, უშიშროებისა და საკანონმდებლო ორგანოების ჩარევით.

წმ. იოანე ოქროპირი მართლმადიდებლებსა და სექტანტებზე მსჯელობისას ამტკიცებს: “ნუ მეუბნები ასეთ უგულო სიტყვებს: “რისთვის ვიზრუნო? არაფერი მაქვს მასთან საერთო”. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მხოლოდ ეშმაკთან, ხოლო ყველა ადამიანთან სწორედაც რომ ბევრი საერთო გვაქვს. მათ ჩვენნაირი ბუნება აქვთ, იმავე დედამიწაზე ცხოვრობენ, რომელზეც ჩვენ, იმავე საკვებით იკვებებიან, ჰყავთ იგივე მეუფე, მიიღეს იგივე კანონები, იმავე სიკეთისთვის არიან მოწოდებულნი, როგორისთვისაც ჩვენ. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ მათთან საერთო არაფერი გვაქვს, რადგან ეს არის სატანის ხმა, ეშმაკისეული არაადამიანობა. ნუ ვიტყვით და სათანადო მზრუნველობა გამოვიჩინოთ ამგვარი ძმებისადმი. მე კი სრული დარწმუნებით გპირდებით თქვენ ყველას, რომ თუ თქვენ ისურვებთ გაინაწილოთ ერთმანეთში ზრუნვა ქალაქის მცხოვრებთა გადასარჩენად, უკანასკნელიც მალე გამოსწორდება.. გავინაწილოთ ერთმანეთში ზრუნვა ჩვენი ძმების გადასარჩენად. საკმარისია ერთი კაციც კი, რომელიც ანთებული იქნება გულმოდგინებით, თავგამოდებით, რომ მთელი ხალხი გამოასწოროს. და როცა სახეზეა არა ერთი და ორი, არამედ ასეთი სიმრავლე ადამიანებისა, რომლებსაც შესწევთ ძალა თავის თავზე აიღონ ზრუნვა, მაშინ სხვა რა მიზეზია გარდა ჩვენი უზრუნველობისა და არა სისუსტის გამო, ბევრი რომ იღუპება და სულით ეცემა. მართლაც განუსჯელობა არ არის, რომ როდესაც ვხედავთ ჩხუბს მოედანზე,—რას ვამბობ—ჩხუბს? თუ დავინახავთ, რომ სახედარი დაგვივარდა, ყველა ხელს ვუწვდით გადასარჩენად, რომ ფეხზე წამოვაყენოთ; ხოლო დასაღუპავად განწირულ მოყვასზე კი არ ვზრუნავთ? წმინდა სარწმუნოების მგმობელი იგივე დავარდნილი სახედარია; მიუახლოვდი, წამოაყენე იგი სიტყვით, საქმით და თავმდაბლობით და ძალით [ძალისხმევით]; იყოს წამალი მრავალფეროვანი. და თუ ჩვენ ასე მოვაწყობთ ჩვენს საქმეებს, თუ გადარჩენას ვეძიებთ… მოყვასისთვისაც , მალე გავხდებით სასურველი და საყვარელი იმათთვისაც, ვინც გამოსწორებას ცდილობს.

განსაზღვრება რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა “ფსევდოქრისტიანული სექტების, ახალი [ახლებური] წარმართობისა და ოკულტიზმის შესახებ (1994 წლის დეკემბერი), კერძოდ, აზუსტებს: “ამავე დროს სამღვდელმთავრო ეკლესია მოუწოდებს რუსული ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს ფართოდ იქადაგოს ჩვენი ღმერთის იესო ქრისტეს სახარება, შექმნას კატეხიზმოს სკოლები, განუმარტოს ხალხს ცრუსწავლებათა მავნებლობა, დაეხმაროს მათ, ვინც დროებით წაიბორძიკა, რადგან სექტანტთა მქადაგებლების პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. მაგრამ მცდარ შეხედულებათა წინ აღდგომას თან არ უნდა სდევდეს შეუწყნარებელი მიდგომა [მიმართება] თავად იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სწავლება ქრისტიანობასთან შეუთავსებადია. “ჩვენ ეკლესიის ყველა წევრს მოვუწოდებთ ილოცონ ცრუსწავლებით შეპყრობილი ხალხის განათლებისთვის და მტკიცედ დაიცვან ის, რაც გადმოგვეცა..”

წმინდა პეტრე მოციქული თავისი ღვთაებრივი მასწავლებლის შესახებ წერდა: ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტემ … დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.”( I პეტ. 2, 21).

კვლევა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ძე ღვთისას მისი დროის სექტანტებთან, შეგვაძლებინებს გავარჩიოთ (გამოვაცალკევოთ) საღვთისმეტყველო ღვარძლი რუსული აპოსტოლატის ყანაში მართლმადიდებლური სახარებისეული კეთილი მარცვლისაგან.

ბიბლიური სწავლება სამარიტელთა შესახებ (ზემოაღნიშნულ პრობლემათა გათვალისწინებით) ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამარიტელები ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფია, იუდაიზმის წიაღში არსებული კლასიკური სექტა. მოცემული ეთნიკური ჯგუფი წარმოიშვა ჩრდილო (ისრაელის) სახელმწიფოში მცხოვრებ ებრაელთა და ასურეთის იმპერიის სხვადასხვა ოლქებიდან გადმოსახლებულ ებრაელთა შერევის შედეგად (4მეფ.17,24; 1 ეზრა4,9-10), რომლებიც დასახლდნენ გაუკაცრიელებულ (ბაბილონში ებრაელთა განდევნის შემდეგ) ქალაქ სამარიაში. სამარიტელნი სულიერ საზრდოს თავდაპირველად იუდეველი ღვთისმსახურებისგან ღებულობდნენ (ლევიტელების მიერ – 4მეფ. 17,27), მოგვიანებით მათ იუდაიზმის ალტერნატიული საკუთარი მღვდელთმსახურება შემოიღეს. მათ აქვთ თორის (მოსეს ხუთწიგნეული) საკუთარი, ალტერნატიული ტექსტი, ცნობილი “სამარიტული ხუთწიგნეულის” სახელით. ეს ტექსტი განსხვავებულია ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულის მასორეთული (ებრაული) ტექსტისაგან. ასე, მაგალითად, “ღებალის” მთა (მეორ.27,4) სახელდებულია “გარიზიმის” მთად და ა.შ. – დაფიქსირებულია დაახლოებით 6000 განსხვავება. სამარიტელები ლევიტელთა წიგნში დაწესებულ პასექის და სხვა დღესასწაულებს ყოველწლიურად აღნიშნავენ “გარიზიმის” მთაზე.

ქრისტე სამარიტელებს ისრაელის ჭეშმარიტი რწმენიდან განდგომილებად მიიჩნევდა. საქადაგებლად გამწესებულ მოწაფეებს იგი ეუბნებოდა: “…წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში“. (მათ.10,5) ერეტიკოსი სამარიტელების უწმინდურ წარმართებთან გაიგივება ნათლად გვიჩვენებს სამარიტელთა ცდომილების სიღრმეს. სამარიტელ ქალთან საუბრისას, კითხვას, რომელი რწმენაა ჭეშმარიტი (სამარიტელთა თუ იუდაიზმი), მაცხოვარმა სრულიად კონკრეტული პასუხი გასცა: “თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის”. (იოანე 4,22); სიტყვებით, “ჩვენ ვიცით” იგი აიგივებს თავის თავს ძველი აღთქმის რწმენასთან და უპირისპირდება სამარიტელთა ცდომილებას. ამასთან, თვით სამარიტელები აგრესიას ამჟღავნებდნენ ძე ღვთისას მიმართ, რადგან მასში მხოლოდ ჭეშმარიტ იუდეველს ხედავდნენ. ნათქვამია: ” მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.”(ლუკა.9.53). ეს უკანასკნელი ისტორია ჩვენს განსაკუთრეებულ ყურადღებას იპყრობს.

სამარიტელებს არ სურდათ თავიანთ ქალაქში[დასახლებაში] მიეღოთ ქრისტე, რადგან იგი “ჰგავდა იერუსალიმში მიმავალ მოგზაურს”. ამ საქციელმა იაკობ და იოანე მოციქულების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. ამ “ჭექა-ქუხილის ვაჟებმა” მოითხოვეს ცეცხლის ალი დასტყდომოდა თავზე სამარიას. “უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.” (ლუკ.9. 54-55). ხანდახან ჩვენ, ქრისტიანებს, გვავიწყდება რა დროში ვცხოვრობთ და რა სულისანი ვართ. ლოპუხინის მართლმადიდებლური ბიბლია განმარტავს: “ზებედეს შვილთა (რომელთაც უფალმა ჭექა-ქუხილის ვაჟები შეარქვა) მრისხანე განცხადება, რომ, ილია წინასწარმეტყველივის მსგავსად, ცეცხლით გასწორებოდნენ გონებაარეულ სამარიტელებს, უფალმა უპასუხა, რომ მათ აშკარად ვერ გაუგიათ, რომ ქრისტეს მოწაფეები უკვე ახალ აღთქმაში ცხოვრობენ და არა ძველ აღთქმაში, როგორც ილია წინასწარმეტყველი. მათ არ უნდა მიმართონ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მკაცრ და სასტიკ მეთოდებს, რათა ჭეშმარიტება შეასმინონ სხვებს. ილიასაც ჰქონდა ღვთიური ძალა, მაგრამ ეს სული სხვაფრივ მჟღავნდებოდა, ვიდრე სული, რომელიც ზემოქმედებს ქრისტეს მოწაფეებზე”.

უფალმა გაურკვევლობაში არ დატოვა “ჭექა-ქუხილის ვაჟები” და შემდეგი სიტყვებით დამოძღვრა ისინი: “რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად” (ლუკა 9.56) წმინდა მამები ამ ადგილს განმარტავენ: “ღმერთმა იმის ჩვენებით, რომ მისი კანონი ბევრად აღემატება ელიას სიცოცხლეს, აუკრძალა და შეუცვალა მათ აზრთა მდინარება, რათა პირიქით, მორჩილად აიტანონ ყოველგვარი წყენა.”

ძე ღვთისას სამარიტელ ქალთან საუბარმა უფრო მეტი შედეგი მოიტანა. ნათქვამია: “და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.”(იოანე 4. 39-41).

იგავი კეთილ სამარიტელზე სხვა არაფერია, თუ არა იგავი “კეთილ ერეტიკოსზე სექტანტზე”. სწორედ ასე ესმოდათ იგი მაცხოვრის თანამედროვეებს. უფალი ზნეობის თვალსაზრისით სექტანტ სამარიტელს მართლმორწმუნე მოძღვარზე და მართლმორწმუნე ლევიტელზე უფრო მაღლა აყენებს. სწორედ “კეთილმა სამარიტელმა” გაუწია ყაჩაღებისაგან დაზარალებულს ჭეშმარიტი თანადგომა. სწორედაც რომ ასეა! ჩვენს დროშიც მრავალი სექტანტი ღვთისმეტყველ მოწინააღმდეგეებზე ბევრად მაღლა დგას მორალური თვალსაზრისით. იმ ბრალდებათაგან, რომლებსაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები იყენებენ სექტანტებთან პოლემიკაში, ხშირ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული.

სახარებაში უფლისადმი მადლიერებას სხვებზე მეტად სწორედ სამარიტელები ავლენენ. ათი განწმენდილი კეთროვანიდან, მხოლოდ ერთი მიბრუნდება უფალთან და “იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი”. (ლუკ.17.16)

უფლისა და სამარიტელთა სახარებისეული ისტორია წარმოადგენს სექტანტების (ერეტიკოსების) შესახებ სახარებისეულ სწავლებას. არავითარ შემთხვევაში არ დაუთმო რა მათ რწმენაში პირველობა, ძე უფლისა მათ მაგალითს წარმოუდგენს მართლმორწმუნეებს და თავის მისიონერულ ღვაწლს სექტანტებთან შეუდგება როგორც ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე მოძღვარი. შესაძლებელია, სამარიტელებთან ამგვარმა ზნეობრივმა მიდგომამ ზოგიერთ იუდეველში აღძრა შთაბეჭდილება, რომ თვით ქრისტეც “სამარიტელივით” გამოიყურება. თქმულა:” იუდეველებმა უპასუხეს და უთხრეს მას: მართალია, რომ შენ სამარიტელი ხარ?..(ინ. 8. 48)

მისიონერი მხოლოდ მაშინ მიაღწევს წარმატებას თავის ქადაგებაში, როდესაც შეძლებისდაგვარად ბოლომდე გააიგივებს თავის თავს ქადაგების ობიექტთან. ქრისტემ ეს ბოლომდე შეძლო. თქმულა: „თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.” (ფილ.2. 6,7).

მხოლოდ იმგვარი ქადაგება გამოიღებს ნაყოფს, რომელშიც ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, თვით უმცირესი სუბიექტური თვისებებიც, რომელიც ქადაგების ობიექტს ეხება. თქმულა: ” ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის — როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. ურჯულოთათვის — ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. უძლურთათვის — უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.”(1კორ.9.19-22). პავლე მოციქული ღვთიური საქმისათვის საკუთარ თავს ფარისეველებთან აიგივებდა (ქრისტესა და ქრისტეანობის თანმიმდევრული მტრები); ერთხელ, მან (პეტრე მოციქულმა) საკუთარ თავზე დაწერა: “მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი” (ფილ.3.5.) ჩვენთვის ძნელია გავაცნობიეროთ პავლე მოციქულის მიერ ცდუნებულებთან თავის გაიგივების აღმატებული მნიშვნელობა. ხანდახან ეს ქრისტესგან თვითგანდგომამდეც მიდიოდა, როცა პავლე მოციქული წერს: ვისურევებდი მე ვყოფილიყავი ქრისტესაგან განდგომილი, ჩემი სისხლისმიერი ძმების მაგიერ…”(რომ.9.3). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვით მზად იყო ჯოჯოხეთში ყუფილიყო, ოღონდ სცოდნოდა, რომ მისი სისხლისმიერი ძმები სამოთხეში მოხვდნენ. თავად ძე ღვთისა ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა საკუთარ თავზე აეღო ყველას ცოდვები და “სულებთან ერთად დილეგში გამომწყვდეული, ქადაგებდა”(1პეტ,3.19). გზადაბნეულთა მიმართ ქადაგებას საკუთარი თავის ზვარაკად დადება სჭირდება, როგორც ეს ქრისტემ გააკეთა, როგორც ეს პავლე მოციქულმა შეძლო, რომელმაც თქვა: “ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ“ (I კორ. 4,16)

მახარებელთა სწავლების მიხედვით, „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე“ (ტიტ. 3,10). პირველისა და მეორეს შემდეგ, -ანუ აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა. მახარებლები არ გვირჩევენ გადაჭარბებული მტრობას განდგომილთა მიმართ: “თუკი ვინმე არ შეისმენს ეპისტოლეში გაცხადებულ ჩვენს სიტყვას, ის მხედველობაში გყავდეთ და არ ეცადოთ მასთან ურთიერთობას გაკიცხვის მიზნით. არ ჩათვალოთ იგი მტრად, არამედ ჩააგონეთ როგორც ძმას. (2 თეს. 3, 14-15). ასევე პავლე მოციქული გვირჩევს გულმოწყალება გამოვიჩინოთ მათ მიმართაც, ვინც დისციპლინურ (კანონიკური) აკრძალვას ექვემდებარება: “ასეთი ადამიანისთვის საკმარისია მრავალთაგან ეს სასჯელი, ასე რომ, ჯობს მიუტევოთ მას და დააწყნაროთ, რათა ის არ დაითრგუნოს მეტისმეტი მწუხარებისგან. და ამიტომ გთხოვთ სიყვარულით მოეპყროთ მას” (2 კორ. 2,6). წინასწარ მისი სხეულის “.. სატანისთვის მიცემა ხორცის დაუძლურებისთვის, რათა სული გადარჩეს ჩვენი ღმერთის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს” (1 კორ. 5,5).

რელიგიური საუბრების საერთო ტონი (მამხილებელი ხასიათისაც კი) არ უნდა გადადიოდეს უხეშ ფორმებში. ნათქვამია: „არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.”(1 პეტ. 3,15). მაგრამ მსგავსი, გარეგნულად რბილი მიმართება ერეტიკოსებთან მოციქულთა სწავლებებში არ გადადიოდა დაშვებულ ზღვარს.

სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ქადაგებდა: „ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. „(2 ინ.1,10-11). იუდა მოციქული მოუწოდებდა: გვეთაკილებოდეს სამოსიც კი, რომელიც შებღალულია ხორციელებით. რა თქმა უნდა, აქ მგმობელები იგულისხმება, “.. რომელნიც თავიანთი უხამსი ახირებით მოქმედებენ. [თავს ნებას აძლევენ უხამსი ახირებები დაიკმაყოფილონ]. მაგრამ იუდა მოციქულის მკაცრი ტონიც კი ვერ გაექცა მოწოდებას განდგომილთა მიმართ მოწყალების გამოჩენისადმი: “მათ მიმართაც იყავით გულმოწყალენი, დაკვირვებით და ყურადღებით..” (იუდ. 1,22)

ნათელ მაგალითად განსხვავებისა “ტოტალიტარული თეორიის” ქადაგებისეული ხედვისა გზააბნეულებთან მიმართებით გამოდგება ასევე თხრობა ძველი პატერიკიდან, რომლითაც მინდა დავასრულო მოცემული მოხსენება: “საუბარი იყო წმინდა მაკარი მეგვიპტელზე, რომ ერთხელ, სავანედან ნიტრიის მთისკენ მიმავალმა, ადგილთან მიახლოებისას უთხრა თავის მოწაფეს: “მცირე მანძილით დაწინაურდი!” და როცა მოწაფემ ცოტათი წინ გაუსწრო, ის შეხვდა ელინს [ბერძენს]- ეს იყო პედალის ქურუმი, რომელსაც მოჰქონდა დასაწვავი შეშის დიდი შეკვრა და გარბოდა. და ყვირილით დაუძახა მას: “შე დემონო, სად გარბიხარ?” დაბრუნებული ქურუმი მიეჭრა ძმას, ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანა და მიატოვა. შემდეგ აიღო შეშა და ისევ გაიქცა. ცოტა მანძილი რომ გაიარა, ამბა მაკარი შეხვდა და უთხრა: “გამარჯობა, გამარჯობა, შრომისმოყვარევ!” და გაოცებული ქურუმი მივიდა მასთან და ჰკითხა: “რა ნახე ჩემში სასიკეთო, რომ მომესალმე?” ბერმა მიუგო: “მე დავინახე, რომ შენ ირჯები; მაგრამ იცი თუ არა, რომ შენი შრომა ამაოა? მან უპასუხა: “მე გული ამიჩუყა შენმა მოსალმებამ და გავიგე, რომ დიდი ღმერთის მსახური ხარ; მაგრამ მეორე ავმა მონაზონმა, რომელიც შემხვდა, შეურაცხყოფა მომაყენა და ცემით სიკვდილის პირამდე მივიყვანე.” და ბერი მიხვდა, რომ ეს მისი მოწაფე იყო. ქურუმი ფეხებზე მოეხვია ბერს და უთხრა: “არ გაგიშვებ, თუ ბერად არ აღმკვეცავ.” და ისინი გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც ძმა იმყოფებოდა, მიიყვანეს ის მთის ეკლესიაში; როცა იქ ქურუმი იხილეს, ძალიან გაუკვირდათ. მათ ის მონათლეს, ბერად აღკვეცეს და უამრავი ელინი [ბერძენი] გაქრისტიანდა მის კვალზე. ამბა მაკარი ამბობდა: “ავი სიტყვა კეთილს ბოროტად აქცევს; ასევე კეთილი სიტყვაც ბოროტს კეთილად გადააქცევს”.

დეკანოზი ოლეგ სტენიაევი