ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები

ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული  აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

 ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის , „სიონის დიდება“ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით,  „მესიანური ეკლესიის აღდგენა!“ (1), კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – „როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები“ – ეხება ჩვენი, უკვე მეორე, შენიშვნა (2).

II ნაწილი

პასტორი რობერტი წერს: „მეორე უკიდურესობა შეიმჩნეოდა რომსა და ალექსანდრიაში, სადაც ეკლესიაზე დიდ გავლენას ახდენდა ბერძნული ფილოსოფია და წარმართობა. ამ ეკლესიებმა უარყვეს საკუთარი ებრაული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი და წარმართული იდეები და ჩვეულებები შეურიეს ბიბლიურ ტრადიციებს“.

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ პატივცემულ პასტორს მხედველობიდან გამორჩა ის, თუ როგორ იყენებს მოციქულთა შორის ყველაზე განათლებული მოციქული პავლე, ქრისტიანული სწავლების უკეთ შემეცნებისთვის ანტიკური პერიოდის ბერძენ ფილოსოფოსთა ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას და საერთოდ მათ ნაშრომებს, რომლებსაც კარგად იცნობდა. ამიტომაც, ჩვენ მას ხშირად მივუბრუნდებით, როგორც იუდაურ სწავლებაშიც განსწავლულ მამას (საქ. 23, 6) (ტყუილად ხომ არ დევნიდნენ იუდეველები ამ ღვთივგანბრძნობილ მამას და მოკვლასაც უპირებდნენ (საქ. 23, 12-16), რომელიც იყო ცნობილი ფარისევლისა და რჯულის მოძღვრისა გამალიელის მოწაფე (საქ. 22, 3; 5, 34). პავლე ბრწყინვალედ ფლობდა ბერძნულს და ანტიკურ დიალექტიკას, არაერთხელ მოჰყავდა ბერძენ ფილოსოფთა და პოეტ-კლასიკოსთა ციტატები (როგორც ცნობილთა ასევე ნაკლებ ცნობილთა). მოციქული პავლე, ყველაზე კარგი მაგალითია მამისა, რომელიც სინთეზურად იყენებდა იუდაურ კანონთა ცოდნას და ბერძნულ სიბრძნეს. ეს აუცილებელი იყო მისთვის,რადგან იგი ქადაგებდა არამარტო იუდეველთათვის, არამედ მეტწილად წარმართებისთვის. პავლე თავის თავს „წარმართთა მოცქულადმოიხსენიებს (რომ. 11, 13). მოციქულ პავლეს აუდიტორია შედგებოდა, როგორც უბრალო რომის იმპერიაში მცხოვრები მდაბიო ბერძნებისაგან  და ბერძნულენოვანი მოსახლეობისაგან (ძირითადად იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებისაგან, სადაც ბერძნული ენა უპირატეს პოზიციას იკავებდა), ასევე ელიტარული განათლებული ბერძნებისაგან. სწორედ მათთვის იყო საჭირო ქრისტიანობის სიღრმეების ახსნა იმ ენობრივი  და კონცეპტუალური თავისებურებისა და ტერმინების მეშვეობით, რომელიც მათთვის მისაღები და გასაგები იყო.  ქვემოთ ჩვენ მოგიყვანთ ყველაზე ნათელ მაგალითებს პავლე მოციქულის ეპისტოლარული მემკვიდროებიდან, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ პავლეს ფართო ხედვებს და  იმ ფაქტს, რომ ის არ უჭერდა მხარს იუდეურ ჩაკეტილობასა და განსაკუთრებულობას. პავლე არ ისახავს მიზნად, თავს მოახვიოს ნეოფიტ-ქრისტიანებს (ყოფილ წარმართებს) ერთგვარი , „ებრაული ფესვები“ ან „ებრაული მემკვიდრეობა“. ის არ ხედავს ამაში აუცილებლობას, მისი ქადაგება მიმართულია ყველასადმი, მისი მიზანია გააცნოს წარმართულ სამყაროს მისი მსხნელი, რომელიც მოკვდა თანაბრად ყველასათვის: მაგრამ ქრისტე ყველასათვის მოკვდა,რათა ცოცხალნი თავისთვის კი არ ცოცხლობდნენ, არამედ მისთვის ,ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა(2 კორ. 5, 15).

ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, რომელიც ცხოვრობდა ბერძნულ კუნძულზე – კრეტაზე, პავლე მოციქული წერს კრეტელებზე: ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი; ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში; ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს (ტიტ.1,12–14). თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტიტე იყო ბერძენი და ყოფილი წარმართი, რასაც მოწმობს გალატელთა ეპისტოლე (გალ. 2, 3) და მისი სახელიც რომაულია. მოციქული ტიტე იყო პავლეს უახლოესი მოწაფე და მასთან ერთად მოგზაურობდა მის ეპისკოპოსად კურთხევამდე. ტიტესადმი ეპისტოლე ეძღვნება მთელ ბერძნულ თემს (ყოფილ წარმართებს). ზემოთ მოყვანილ მუხლებში მოციქულ პავლეს – 1) სურს რა უჩვენოს კრეტელებს თავისი დამოკიდებულება მათთადმი, მთლიანად მოჰყავს კრეტელი პოეტისა და ფილოსოფოსის ეპიმედინეს ციტატა (ქრისტეს შობამდე VII-VI ს.). ბერძნები მას თვლიდნენ წინასწარმეტყველად, რომელსაც კავშირი ჰქონდა ღმერთებთან. ეპიმენიდეს ლექსი ეხებოდა კრეტელების ერთ გამოგონებას, თითქოს ზევსი დამარხული იყო კრეტაზე. ამან გამოიწვია აღშფოთება მათი, ვინც თვლიდა, რომ ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთი უკდავია. პავლე მოციქულის ცხოვრების პერიოდში ეს აზრი არსებობდა როგორც ანდაზური ნათქვამი. პავლემ ეს გამოიყენა, რათა ეჩვენებინა კრეტელების უარყოფითი მხარე. პავლეს ეს შენიშვნა არ ვრცელდებოდა კრეტას ყველა ნეოფიტ-ქრისტიანზე, რომელთა შორის იყო ბევრი ღირსეული ადამიანი. პავლეს მხედველობაში ჰქონდა, რომ კრეტელ ცრუმოძღვრებს ახასიათებდათ ის, რაზედაც თავის დროზე წერდა ეპიმენიდე ანუ მოციქული ადასტურებს თავის მოსაზრებას ბერძენი ფილოსოფოსპოეტის სიტყვებით;2) არ უღრმავდება რა „იუდეველთა ზღაპრებს, მოციქული ამხელს ამ ზღაპრებს და დადგენილებებს, როგორც ჭეშმარიტების უარყოფას. პავლეს კიდევ მოჰყავს ეპიმენიდეს ციტატა მოციქულთა საქმეში (საქ. 17, 28): ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტირაც  შეიძლება ინახოს ეპიმენიდეს თხზულებაში „ორაკულებზე“ (დაახლ. 600 წ. ქრისტეს შობამდე), სადაც მინოსი მიმართავს ღმერთების მამას ზევსს შემდეგი სიტყვებით: „მათ აღაშენეს საფლავი შენთვის , წმინდაო და ამაღლებულო, კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი!  მაგრამ შენ არა ხარ მკვდარი; შენ აღსდექი და ცოცხალი ხარ მარად, რადგან შენში ჩვენ ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. ზემოთ მოყვანილ მუხლის იმავე ნაწილში (საქ. 17, 28) მიმართავს რა მოციქული ათენის  არეოპაგის წევრებს და მოჰყავს ბერძენი პოეტის არატ კილიკიელის (ქრისტეს შობამდე III ს.) ციტატას (მისი „ფენომენები“): როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ“. მსგავსი გამონათქვამი აქვს ბერძენ პოეტს და ფილოსოფოს–სტოიკოსს კლეანფს (ქრისტეს შობამდე III ს.) (მისი „ჰიმნი ზევს“ და „ოქროს პოემა“), რომელიც იყო ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის-სტოიკოსი ზენონ კიტიელის მოწაფე. არატ კილიკიელი და კლეანფი საკუთრივ, გულისხმობენ ზევსს, ხოლო პავლე მოციქული იყენებს მათ ციტატებს თავისი მისიონერული მიზნებისთვის, ასეთი ორატორული ხერხით მიაკუთვნებს იგი მათ ე.წ.ღვთაებას ქრისტიანულ ღმერთს. პავლე თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ვართ ღვთის შვილები, ღვთის მოდგმა, მაგრამ არა პანთეისტური გაგებით, როგორც არატი და კლეანფე გულისხმობდნენ. რა თქმა უნდა, არეოპაგში პავლეს მტკიცებულებები ეფუძნებოდა ბიბლიას, მაგრამ ეს წარმართი ავტორების გამოყენებით ხდებოდა. წმ. წერილის სხვა ადგილას (1 კორ. 15, 33) მოციქულ პავლეს მოჰყავს ათენელი კომიკოსის, პოეტ მენანდრეს ციტატა მისი ნაწარმოებიდან „ტაისი“ (ქრისტეს შობამდე IV-III ს.): ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნეჩვევებს“. როცა პავლე მოციქული ლაპარაკობს ქვეყნიერების საწყისებზე (გალ. 4, 3), ეს გვაფიქრებინებს,რომ პავლე მოციქული იცნობდა არისტოტელეს „მეტაფიზიკას“. ამრიგად, წარმართი ფილოსოფოსების სიტყვები პავლეს მიერ გადმოცემული იკურთხებიან ეკლესიის წმინდა გადმოცემის ავტორიტეტით. ამით სავსებით ნათელი ხდება, თუ რატომ იყენებდა მოციქული პავლე ბერძენ ფილოსოფოსთა გამონათქვამებს ერთ შემთხვევაში – როცა წერს კორინთელ ქრისტიანებს, და მეორე შემთხვევაში – კუნძულ კრეტაზე მცხოვრებ ბერძენ ტიტეს, ეპიმენიდეს ციტატებს. როცა პავლე მოციქული წერს ებრაელებს, მათ ესაუბრება წინასწარმეტყველთა ენით და საერთოდ ძველი აღთქმით. თავის ასეთ მეთოდიკას პავლე აფიქსირებს ძალიან ნათლად 1 კორ. 9, 20–23. ასე იქცეოდა პავლე, რათა ყველა მოეყვანა ჭეშმარიტ ღმერთთან, მისთვის ადვილი და გასაგები გზებით. თვით ღმერთმა, ხომ ვარსკლავის მეშვეობით მოიყვანა წარმართი მოგვები (μάγοι) თავისთან (მათ. 2, 1-2) ანუ იმ ხერხით, რომელიც მათვის იყო გასაგები და მიღებული. აღარ ვამბობთ, იმაზე, როცა ეფესოში ჩასულმა პავლემ წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში (საქ. 19, 9), რომელიც სავარაუდოთ იყო წარმართი.  „ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას(საქ. 19, 10). ეს მოხდა მას შემდეგ, როცა სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი დაამიტომ მან ისარგებლა ტირანუსის სკოლით. და პირველად ქრისტეს მიმდევრებს დაერქვათ „ქრისტიანები“ ელინურ ქალაქ ანტიოქიაში. მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს (საქ. 11, 20) და მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები(საქ. 11, 26). ასე ჩამოყალიბდა ელინისტურ ეთნიკურ ნიადაგზე ანტიოქიის ეკლესია,რომელსაც ქრისტეს მოციქულები თავს არ ახვევდნენ რაიმე „ებრაული ფესვების“ შენარჩუნებას და დაცვას.

ყველა ეს მაგალითი ახასიათებს მოციქულ პავლეს ადამიანად, რომელიც კარგად იცნობს ბერძნულ ფილოსოფიას და ბერძნული ენის თავისებურებებს, ზოგ შემთხვევაში შედის რა მათთან პოლემიკაშიც (საქ. 17, 18); ის იყენებს მათ ნააზრევს, წარმართებთან ურთიერთობისას, საკუთარი მისიის ხარისხის გაძლიერებისთვის და ეს ცხადად ადასტურებს, როგორც ვთქვით ზემოთ, პავლეს ფართო ხედვებს, და  იმას, რომ ის არ უჭერდა მხარს იუდეურ ჩაკეტილობასა და განსაკუთრებულობას. აქედან გამომდინარე, პავლე გვევლინება, როგორც გონებამახვილი მისიონერი, რომელიც ყოფილი წარმართების წარმართულ  მემკვიდრეობას ბრძნულად იყენებს ახალმოქცეული ქრისტიანების მიმართ.. ახალმოქცეულ ქრისტიანს წარმოადგენდა საკმაოდ განათლებული დიონისე არეოპაგელიც. ათენში ყოფნისას მოციქულის სული, ერთი მხრივ  აღშფოთდა, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე (საქ. 17, 16) და მეორე მხრივ კი ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით (საქ. 17, 23). აქ მოციქული პავლე ყურადღებას ამახვილებს არა სამსხვერპლოზე, არამედ იმაზე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მათთვის შეუცნობელია.

მრავალმნიშვნელოვანი ბერძნული ტერმინი „πστασις“ – „ჰიპოსტასი“ იხმარებოდა, როგორც აღმოსავლურ ქრისტიანულ პატრისტიკულ ლიტერატურაში, ასევე ქრისტიანობამდე ბერძნულ ფილოსოფიაში. ტერმინის საერთო მნიშვნელობაა: წყარო, არსი, ფუძე, ბუნება, ყოფიერება, რეალობა, ცალკე არსება და ასე შემდეგ. ეს ტერმინი გამოიყენა პლატონმა და სხვა ბერძენმა ფილოსოფოსებმა. მას იყენებდა არისტოტელეც, მისთვის „ჰიპოსტასი“ – ეს რეალური ყოფიერებაა.

ახალ აღთქმაში ტერმინი ჰიპოსტასი გვხვდება ხუთჯერ, კერძოდ პავლე მოციქულის ეპისტოლეებში. საღვთისმეტყველო მნიშვნელობით გვხვდება ერთხელ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც ძე ღვთისას ეწოდა ბრწყინვალება დიდებისა და მისი  (ანუ მამისა) არსების აღნაბეჭდი“  (ებრ. 1, 3). ამ ნაწყვეტის ზუსტი თარგმანია რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და ბწკარედი მისი არსისა (χαρακτρ τς ποστσεως)“, სადაც ბწკარედი“ – „χαρακτρ“ – არის ამოკაწრული გამოსახულება, „Χαράζω“ – სგან – „ხაზვა“, მაგალითად ხეზე ამოკაწვრა. ტერმინი ჰიპოსტასი გვხვდება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში კიდევ ებრ. 11, 1, სადაც რწმენა სახელდებულია λπιζομνων πστασις ანუ რაღაც რეალური, მყარი რასაც ენდობიან. ეს ტერმინი ანთროპოლოგიური მნიშვნელობით გვხვდება იმავე ეპისტოლეში: რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისსν ρχν τς ποστσεως) ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ (ებრ. 3, 14).

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ბერძნულ ფილოსოფიური ტერმინი „ლოგოსი“ – „λόγος“ ,რომელიც გამოიყენა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა „ἐν ἀρχη̨̃ ἠ̃ν ὁ λόγος καὶ ὁ λόγος ἠ̃ν πρòς τòν θεόν καὶ θεòς ἠ̃ν ὁ λόγος(იოან. 1, 1) და ასევე „καὶ ὁ λόγος σὰρξ ἐγένετο“ (იოან. 1, 14). მოციქული იოანე ამ ტერმინით განსაზღვრავს ძე ღვთისას, როგორც არსებულს უწინარეს ყოვლისა (იოან. 1, 1-3). ბერძნულიდან „ლოგოსი“ ნიშნავს – მეტყველს, სიტყვას, გამოთქმას, საყრდენს და სხვა მრავალს.

„ლოგოსი“ – ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების გაგებით, განსაზღვრავს გონიერ პრინციპს, რომელიც მართავს სამყაროს და აღნიშნავს ძე ღვთისას ე. ი. ქრისტეს, როგორც შუამავალს მამა-ღმერთსა და სამყაროს შორის (1 ტიმ. 2, 5). ეს ტერმინი,  როგორც ფილოსოფიური გაგება გვხვდება ჰერაკლიტესთან (ქრისტეს შობამდე VI-V ს.). „ლოგოსი“ გამოიყენა თავის დიალექტიკაში ფილოსოფოსმა პლატონმა. მას აჩენს განსხვავებულობის ინსტრუმენტად, სახეობათა დადგენის მიზნით, გვართა დიქოტომიური კვეთის მეშვეობით. პლატონი, ასევე უპირისპირებს ერთმანეთს „ლოგოსსა“ და „მითს“,  როგორც ჭეშმარიტების გამოხატვის ორ ხერხს. არისტოტელე ხშირად იყენებს ტერმინს „ლოგოს“ „განსაზღვრების“ მნიშვნელობით ან „საერთოდ გონიერის“. ელინისტურ ეპოქაში „ლოგოსის“ მნიშვნელობა, განსაკუთრებით იზიდავდა ცნობილ მოაზროვნეებს, რომლებიც ცდილობდნენ ელინისტური ფილოსოფიური აზრის სინკრეტიზირებას იუდეურ ტრადიციასთან. ამ ძიებათა შორის ყველაზე ცნობილი, იყო იუდეველ ელინისტის, ფილონ ალექსანდრიელის მოსაზრება (I ს. ქრისტეს შობამდე-I ს. ქრისტეს შობის მერე). ფილონის მიხედვით, მაგალითად, ღმერთი თავის თავში შეიცავს საკუთარ შინაგან ლოგოსს, როგორც სამყაროს გონს და ზრახვას, და ასხივებს ლოგოსს გარეთ, მისით ქმნის და ასულიერებს სამყაროს. ეს ძველაღთქმისეული ღმერთის ხატებაა, რომელიც ქმნის სამყაროს სიტყვით. ფილონისთვის „ლოგოსი“ ასევე არის, ერთგვარი შუამავალი მთავარანგელოზის სახით. ფილონის მოსაზრებები გარკვეულწილად იქცნენ „ქრისტიანული თეიზმის წინამოსამზადებელ ნიადაგად“. თუმცაღა, ფილონ ალექსანდრიელის და იოანე ღვთისმეტყველის (რომლის „ლოგოსი“ ღვთაებრივ–ჰიპოსტასურია) სწავლების მსგავსება, მხოლოდ გარეგნულია, რაც კარგად დაგვანახა ცნობილმა მეცნიერმა და ღვთისმეტყველების დოქტორმა ..მურეტოვმა: იოანესეული იდეა ღვთის თვითგამოცხადებისა თავისივე ლოგოსშია ფილონისთვის კი გადადის ლოგოსის პანეისტურსტოიკურ გაგებაში საყოველთაო სუბსტანციის თვითგანვითარებით, … ლოგოსის პირვნება მას ესმის, როგორც ქმნილი — მომსახურე სული, დაშორებული ღვთაებისაგან“.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ პირველი ქრისტიანული გაერთიანებები (პირველი ეკლესია) არ ცდილობდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა შეექმნა ნორმატიული სახარება არამეულ ენაზე (მაგალითად, მოციქულ მათესი). ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაპირველად იესო ქრისტეს ქადაგების გავრცელება ბერძნული ენით დაიწყო, რაც ძალზე ნიშანდობლივია. ამგვარად, ქრისტეს მოციქულები ქრისტიანებისთვის გასაგებ ენაზე და რაც მთავარია მიზანმიმართულად ბერძნულ-ფილოსოფიური ხერხების და წარმართი ავტორების ტერმინების გამოყენებით, მისაწვდომად ახსნეს ჭეშმარიტება, ლოგოსის განხორციელება, მისი დამოკიდებულება მამასთან და ქრისტიანული მორალის სწორედ გაგება.

პასტორს სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს შეუნარჩუნოს ღვთის ეკლესიას „ებრაული ფესვები“, რითაც ფაქტიურად უარყოფს ჭეშმარიტების უნივერსალურობას. იგი ხომ გამოხატულია ნებისმიერი ენით, სხვადასხვა კულტურაში და მათ შორის ისეთ ღრმა კულტურაშიც როგორიცაა ბერძნული კულტურა. პასტორი თავისი წინდაუხედაობით, ერთგვარად თითქოსდა ზღუდავს ჭეშმარიტებას, ჩარჩოებში აქცევს მას, რაღაც მიწიერი კატეგორიებით -„ებრაული ფესვებით“ გამოდის, რომ ჭეშმარიტების დანახვა შეიძლება მხოლოდ „ებრაულ ფესვებში“ ან იუდაიზმში, რაც ეწინააღმდეგება როგორც სულს, ასევე ახალი აღთქმის სიტყვას და საერთოდ, მოციქულთა გადმოცემა. პასტორი საზღვრებს უდებს ღმრთის ჭეშმარიტების უნივერსალურ გამოხატვას. იგი მოწმობს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, აჩენს რა მას უუნაროს, მოკლებულს სრულყოფილებისგან.

აქ დიდი აუცილებლობაა აღინიშნოს, რომ ადრეული ეკლესია წავიდა იმავე გზით, რომლითაც ქრისტიანობამდე  ძველმა იუდეველებმა იარეს – ბერძნული  სეპტუაგენტას შემქნელებმა (მთარგმნელებმა). სწორედ ეს თარგმანი არის პირველი ნაბიჯი საღვთო გამოცხადების გადატანისა ელინისტური აზროვნების სამყაროში. სეპტუაგინტა, არსობრივად არის თანახის ინტერპრეტაცია და მრავალ ასპექტში გამოხატავს სემიტური აზროვნების გადაცემას ელინისტურ საზოგადოებაში. სეპტუაგინტა გახდა საფუძველი, რომელზეც წარმოიშვა ელინისტური იუდაიზმი. უნდა აღინიშნოს, რომ ამაში იუდაური ტრადიცია ხედავს უძველესი წინასწარმეტყველების  აღსრულებას: და განავრცოს ღმერთმა იაფეტი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური (დაბ. 9, 27). იაფეტი არის  იავანის, ბერძნული ცივილიზაციის მამის წინაპარი. ეს წინასწარმეტყველება (დაბ. 9, 27)  თალმუდში ასეა განმარტებული: იაფეტის სილამაზე დამკვიდრდება სემის კარვებში (თალმუდი, ტრაქტატი „მეგილა“ 9ბ). რაშის განმარტების მიხედვით თალმუდისა: იაფეტის სილამაზე ბერძნული ენაა („მეგილა“ 9ბ). სეპტუანგენტაში, როგორც ახალ აღთქმაში, გამოყენებულია ელინისტური ფილოსოფიის ტერმინოლოგია, რაც აბსოლუტურად გასაგებია.  მაგალითად, იგივე ტერმინი „ჰიპოსტასი“ არაერთხელ გვხდება ფს. 138, 15 „οὐκ ἐκρύβη τὸ ὀστου̃ν μου ἀπὸ σου̃ ὁ ἐποίησας ἐν κρυφη̨̃ καὶ ἡ ὑπόστασίς μου ἐν τοι̃ς κατωτάτοις τη̃ς γη̃ς“;  ფს. 38, 6 „ἰδοὺ παλαιστὰς ἔθου τὰς ἡμέρας μου καὶ ἡ ὑπόστασίς μου ὡσεὶ οὐθὲν ἐνώπιόν σου πλὴν τὰ σύμπαντα ματαιότης πα̃ς ἄνθρωπος ζω̃ν διάψαλμα“; ან სიბრძნე სოლომონისა 16, 21 „ἡ μὲν γὰρ ὑπόστασίς σου τὴν σὴν πρὸς τέκνα ἐνεφάνιζεν γλυκύτητα τη̨̃ δὲ του̃ προσφερομένου ἐπιθυμία̨ ὑπηρετω̃ν πρὸς ὅ τις ἐβούλετο μετεκιρνα̃το“ და სხვ.  პასტორს ყურადღება რომ მიექცია სეპტუაგენტას ტექსტისთვის (ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი) არ დაადანაშაულებდა ღვთის ეკლესიას იმაში, რომ თითქოს რომმა და ალექსანდრიამ „უარყვეს საკუთარი ებრაული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი და წარმართული იდეები და ჩვეულებები შეურიეს ბიბლიურ ტრადიციებს“. თავისი ბრალდება პასტორმა სეპტუაგენტას მთარგმნელების მისამართით უნდა გამოთქვას, რომლებმაც  ქრისტესშობამდე სამი საუკუნით ადრე, იმავე ალექსანდრიაში (რომელი ქალაქის ეკლესიასაც ადანაშაულებს პასტორი) განახორციელეს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი (ბერძნული ფილოსოფიის ტერმინოლოგიის გამოყენებით) და გააცნეს იგი ელინისტურ სამყაროს ისე, როგორც ბერძნებისთვის გასაგები იქნებოდა.

უნდა ითქვას, რომ ძველი ეკლესიის წმიდა მამები, არ განიცდიდნენ არანაირ პიეტეტს და თაყვანისცემას ბერძნული ფილოსოფიის მიმართ ზუსტად ისევე, როგორც მოციქულები. ისინი იაზრებდნენ ანტიკური ფილოსოფიის მავნეობასა და შეზღუდულობას, რის გამოც იყენებდნენ მის  აღქმით-ლოგიკურ აპარატს, ვინაიდან ეკლესიური ცნობიერებისათვის – ფილოსოფია ღვთისმეტყველების მსახურია“, როგორც თქვა წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელმა (+ 215 წ.). წმინდა გრიგოლ პალამა (+1359 წ.) წერდა: რაც შეეხება მამებს, ისინი საუბრობდნენ გარეგან სიბრძნეზე დაყრდნობით, მაგრამ მხოლოდ მეტყველებასთან მიმართებით, მაგრამ აგრეთვე ხშირად გაგებასთან მიმართებითაც. აზრი კი, როგორც პავლეც ამბობს, ქრისტესი ჰქონდათ, მაგრამ არ ლაპარაკობდნენ ადამიანური განსჯით“. წმ. გრიგოლ პალამა ეყრდნობა მოციქულ პავლეს, რომელიც ნამდვილად ასე იხსენიებს ფილოსოფიას და ადამიანურ განსჯას, იგი იყენებდა ფილოსოფიასაც და განსჯასაც ოღონდ ქრისტეს  მიხედვით „: ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით (კოლ. 2, 8). თუმცა აქ ლაპარაკია გნოსტიკური ხასიათის ფილოსოფიაზე, შემდეგ ნაწილში იგი პირდაპირ ამბობს, რომ სისავსე (პლერომა – „πλήρωμα“) მხოლოდ ქრისტეშია: რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება“  (კოლ. 2. 9). ეპიკურელები და სტოიკოსები კი კამათობდნენ პავლესთან (საქ. 17, 18), რადგან ის თავისი ქადაგებით შეეხო მათ მთავარ პოსტულატებს. ის უარყოფდა ამ ფილოსოფოსთა მონიზმს და ამბობდა, რომ ღმერთი არის „სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი“ (საქ. 17, 24), ასეთი მტკიცება კი უარყობდა ეპიკურელთა მატერიალიზმს და სტოიკოსთა პანთეიზმს. პავლე აცხადებს ტრანსცენდენტურ ღმერთს და ამით აკრიტიკებს როგორც ნატურალისტურ წარმოდგენას სამყაროზე, ასევე პანთეისტურ წარმოდგენას ღმერთზე. პავლეს რწმენა მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა, რომელიც არავისგან არ არის შორს, შემუსრა სტოიკოსთა ამპარტავნება, რომლებიც საკუთარ თავს აღიქვამდნენ იმ ელიტად, ვინც იყო ერთადერთი, მიმღები ღვთაებრივი ცოდნისა (საქ. 17, 27). პავლე ფილოსოფოსებსაც მოუწოდებს სინანულისკენ (საქ. 17, 30). პავლე მოციქულის დაპირისპირების საკითხი ეპიკურისტული და სტოიცისტური სისტემების წინააღმდეგ შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ეს არის სხვა განხილვის თემა. მართლმადიდებლობის კვირის სინოდიკონის ერთ-ერთ ანათემაში ეკლესიიდან განიდევნებიან ისინი, ვინც შეისწავლის პლატონსა და არისტოტელეს, როგორც მსოფლმხედველობის მოძღვრებს. მათი კითხვა შეიძლება მხოლოდ გონების ვარჯიშისთვის. ასეთი ფორმულირება გულისხმობს, რომ მათი შესწავლა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ დახვეწო აზროვნების დისციპლინა  და აითვისო ფორმალური ლოგიკა.

ერთი მხრივ, ღვთის ეკლესიაზე წარმართული წესებისა და იდეების გავლენას, და მეორე მხრივ, წმინდა ეკლესიაზე ბიბლიური ტრადიციებისა და ბერძნულ (წარმართულ) ფილოსოფიის გავლენას პასტორი რომსა და ალექსანდრიას კი არ უნდა აბრალებდეს, არამედ თვით ქრისტეს მოციქულებს იოანესა და პავლეს, და ყველზე უფრო მართებული იქნებოდა თვით ღმერთსაც კი. თავად ღმერთმა არ მოიყვანა განა ვარსკვლავის მეშვეობით წარმართი -მოგვები ქრისტეს ბაგასთან, მაგრამ რატომღაც პასტორი ყურად არ იღებს ამ მნიშვნელოვან ნიუანსებს და ადანაშაულებს ქრისტეს ეკლესიას „ებრაული ფესვებისგან“ მოწყვეტაში. მაშინ, როცა მოციქულები სრულყოფდნენ თავიანთ ქადაგებებს განხორციელებულ ლოგოსზე ე.ი. ქრისტეზე მათთვის მისაწვდომი ბერძნული ფილოსოფიითა და ბერძნული ტერმინოლოგიით, რაც დამკვიდრდა ეკლესიის წიაღში. გამომდინარე აქედან ღვთის ეკლესია ეყრდნობა მოციქულთა მაგალითებს და აგრძელებს მათ ტრადიციებს. წმ. იუსტინე მოწამემ (+165 წ.) გააგრძელა ბიბლიური მოწმობებისა და მოციქულთა გადმოცემის გააზრება ელინისტური ფილოსოფიის კატეგორიებში. ამგვარად, აბსოლუტურად გასაგები ხდება მოციქულთა მისიონერობის განხორციელების საშუალება და მეთოდოლოგია. ისინი არ გადმოსცემენ აზრს ვიწროდ, არამედ ფართო ფორმატს ირჩევენ. ეს მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს – ჭეშმარიტება გარეგნულად  უნდა „შეიცვალოს“, გამოვიდეს არსებული კონტექსტიდან იმისთვის, რომ ნაყოფი გამოიღოს. ამას გააჩნია ფასი, რომელიც უნდა იყოს გადახდილი მეტი შედეგის მიღწევისთვის. პრინციპი: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს (იოან. 12, 24) და სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის (იოან. 1, 14) — ეს სიტყვები ყველაზე კარგად ადასტურებენ ღვთის ძის შობისა (ლოგოსის განკაცებას) და მისი აღდგომის ჭეშმარიტებას. სწორედ ქრისტეს შობისა და აღდგომის ჭეშმარიტებით ჩვენ ვიცვლებით  რათა დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი: ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას; აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით“  (1 კორ. 15, 50-51).

 

 

 

(1) იხ. მისი რუსული თარგმანი: http://www.orhaolam.org/2012-11-28-16-16-30/79-2012-11-21-21-12-01/192-2012-12-14-15-59-46 და შემდგომი ქართული http://icej.ge/?p=10279

 

(2) პირველი ჩვენი შენიშვნა შეგიძლიათ იხ. აქ.: http://www.faith.ge/?p=820