პირველქმნილი ცოდვა და ადამიანური ბუნება

პირველქმნილი ცოდვა და ადამიანური ბუნება

ყოველწლიური სულიერი მოგზაურობა დიდმარხვაში და განსაკუთრებით კი ვნების კვირაში, როდესაც მაცხოვრის გაცემას, ჯვარცმას, სიკვდილსა და დაფვლას ვიხსენებთ, რომელიც უფლის აღდგომის დიდებული დღესასწაულით გვირგვინდება, კვლავ გვაძლევს საშუალებას ჩავუფიქრდეთ ღმერთის ძის განკაცებისა და ცოდვით დაცემული კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან მჭიდრო კავშირშია ადამიანური სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც ცოდვის, ტანჯვისა და სიკვდილის საშინელი რეალობის კონტექსტში მიმდინარეობს და რასაც ვერც ერთი ჩვენგანი თავს ვერ დააღწევს იმის გარეშე, რაც უფალმა ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ჩვენთვის აღასრულა.

 

პავლე მოციქული პირველი იყო, ვინც სამოთხეში ადამის ცდუნებისა და ცოდვით დაცემის მოვლენები, როგორც დაბადების მე-3 თავშია აღწერილი, იერუსალემში ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის მოვლენებს დაუკავშირა და მათ შორის ლოგიკური და პირდაპირი შინაგანი ურთიერთობა დაამყარა. როგორც ის წერს, სამოთხეში ადამის შეცოდება ის კარი აღმოჩნდა, რომლითაც ცოდვა და სიკვდილი შემოვიდნენ ქვეყანაზე: «ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.» (რომ. 5:12).

 

ამ ციტატისა და მასთან დაკავშირებული სხვა ციტატების განმარტებისას წმ. იოანე ოქროპირი წერს: «რას ნიშნავს «რომლითა ყოველთა შესცოდეს» (რომ. 5:12)? ეს ნიშნავს, რომ ადამი ერთხელ დაეცა და მათ კი, ვისაც ცნობადის ხის ნაყოფი არ უჭამია, მოკვდავობა მემკვიდრეობით მიიღეს… აქედან ცხადია, რომ არა ადამის შეცოდების, მის მიერ მცნების დარღვევის, არამედ მისი დაუმორჩილებლობის გამო დაზიანდა ყველა. რით მტკიცდება ეს? ფაქტით, რომ სჯულის მოცემამდეც ყველა კვდებოდა: «სუფევდა სიკვდილი,» წერს წმ. პავლე მოციქული, «ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთაიგი არა ეცოდა“ (რომ. 5:14). როგორ «სუფევდა»? ადამის მიერ მცნების დარღვევის გამო, ვინც არის «სახე მერმეთა მათ ჟამთაი”. ამგვარად, როდესაც იუდეველები გვეკითხებიან, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მთელი ქვეყნიერების გამოხსნა? შევძლებთ ვუპასუხოთ, რომ ისევე შეეძლო, როგორც ერთი ადამიანის, ადამის დაუმორჩილებლობამ მოუტანა ქვეყნიერებას სასჯელი» (კომენტარები რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე, X).

 

პავლე მოციქული, ქრისტეს გამომხსნელი როლის შესახებ სწავლებას კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში აჯამებს, სადაც წერს: «რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ აღდგომაი მკუდართაი. და ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ» (1 კორ. 15:2122). პავლე მოციქულის მსგავსად წმ. მამებიც გვასწავლიან, რომ საყოველთაო ცოდვილობა და მოკვდავობა არ არის ადამიანის არსებობის თავდაპირველი, ბუნებრივი მდგომარეობა და რომ ღმერთს ის ამგვარი ცხოვრებისათვის არ შეუქმნია. უბადრუკი მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა ახლა იმყოფება, ბუნებრივი შედეგია იმ ზნეობრივი დაცემისა, რომელიც სამოთხეში ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, შეემთხვათ.

 

წმ. იუსტინე მარტვილი წერს, რომ კაცობრიობის მოდგმა ,,ადამის დროიდან მოყოლებული სიკვდილსა და ცდუნებას ექვემდებარება, რადგან თითოეული ჩვენგანი საკუთარ ცოდვებს სჩადის» (Dialogue with Trypho, 88). «როდესაც ადამმა ღმერთის მიერ მიცემული მცნება დაარღვია,» გვასწავლის წმ. მეთოდი ოლიმპელი, «მან საშინელი და დამანგრეველი დაცემა განიცადა და დაყვანილ იქნა სიკვდილის მდგომარეობამდე» (Banquet of the Virgins, III).

 

თუმცა, წერს წმ. ათანასე ალექსანდრიელი, ცოდვით დაცემამდე ადამი და ევა სიკვდილსა და ხრწნილებას არ ექვემდებარებოდნენ, რადგან სიტყვა ღმრთისას მათთან მყოფობა იცავდა მათ ბუნებრივი ხრწნილებისაგან, როგორც ამის შესახებ სიბრძნე სოლომონისაშიც წერია: «ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი; მაგრამ ბოროტის შურის გამო სიკვდილი შემოვიდა ქვეყანაზე»(სიბრძნ. 2:23). ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს კვდომა. ხრწნილება უფლებდა ადამიანზე, რადგან ეს ის სასჯელი იყო, რომლის შესახებაც ღმერთმა გააფრთხილა ადამიანი, რომ მიეგებოდა მცნების დარღვევისათვის» (On the incarnation of the Word).

 

ამგვარად, წმ. მამების სწავლების მიხედვით, ადამიანის ამჟამინდელი მდგომარეობა მისი თავისუფალი ნების არჩევანის, ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის ბუნებრივი შედეგია, სასჯელია იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს ღმერთის გაფრთხილება, რომ კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის გასინჯვის შედეგი ნამდვილად სიკვდილი იქნებოდა. ზოგიერთს შეიძლება დაებადოს აზრი, რომ ღმერთის მხრიდან დიდი სისასტიკეა ორი ინდივიდის ცოდვის გამო მთელი კაცობრიობის მოდგმის დასჯა. მართლაც, რატომ უნდა ვზღოთ ჩვენ, ვინც საერთოდ არ ვარსებობდით ადამის მიერ მცნების დარღვევის დროს, საკმაოდ მკაცრად იმის გამო, რაც არ ჩაგვიდენია?

 

ამ ზნეობრივი პრობლემის წყარო, რა თქმა უნდა, ღმერთი არ არის, რადგან ის არ არის ბოროტებისა და სიკვდილის ავტორი. «უნდა გვესმოდეს,» წერს წმ. გრიგოლ პალამა, «რომ არც სულიერი და არც ფიზიკური სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია” (სიბრძნე 1:13), რადგან, როდესაც თავდაპირველად ადამსა და ევას მცნება მისცა, არ უთქვამს: «რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკუდილით მოჰკუდით,» არამედ თქვა: «რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკუდილით მოჰკუდეთ» (დაბად. 2:17). შემდეგ არ უთქვამს: «მიწად მიიქეც,» არამედ «მიიქცე» (დაბად. 3:19), ამით წინასწარ აუწყებდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამგვარ საქციელს» (One Hundread Fifty Chapters). ამ პრობლემის წყარო არც ბოროტისა და კეთილის ცნობადის ხეა, წერს წმ. თეოფილე ანტიოქიელი, «რადგან ხე ცნობადისაში კი არ იყო რაიმე ბოროტება, არამედ ადამიანის დაუმორჩილებლობა იყო წყარო მძიმე შრომის, მწუხარებისა და სიკვდილისა» (To Autolycus, II, 25).

 

პრობლემა ღმერთის მიერ მონიჭებული თავისუფლების ბუნებაშია, რომელიც პირდაპირ კავშირშია მემკვიდრეობისა და გენეტიკის საკითხებთან და ანალოგიურია იმისა, რასაც თანამედროვე მედიცინა უწოდებს «Fetal addiction syndrome (or Fetal AIDS syndrome)» როდესაც ჰემოფილიის გენის მატარებელი დედა ამ დაავადებას საკუთარ შვილს გადასცემს მემკვიდრეობითობის ბიოლოგიური კანონის თანახმად, მეიოზისისა და მიტოზისის პროცესების მეშვეობით, რომელთა საშუალებითაც უჯრედების ბუნებრივი დაყოფა ხდება. ხოლო ნარკომანი, ლოთი ან შიდსის ვირუსის მატარებელი დედა კი იმის გამო, რომ ნაყოფის ჩასახვის წუთიდან თავის მუცელში მყოფ ბავშვთან ზიარი სისხლი და სხეულის სხვა სითხეები აქვს, ბუნებრივად გადასცემს ბავშვს იმას, რაც მის სისხლშია. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, დედის მუცელში მყოფი ბავშვი საკუთარი ნების მოქმედების, დედის ზნეობრივ არჩევანთან თანხმობისა თუ უთანხმოების გარეშე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის მხრივ რაიმე დანაშაულის გარეშე, მონაწილეობს დედის უბედურებაში («რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან» ფს. 50:5). სწორედ ამ თვალსაზრისით განმარტავენ ეკლესიის მამები სწავლებას, რომელიც ღვთისმეტყველებაში «პირველქმნილი ცოდვის» სახელითაა ცნობილი.

 

წმ. კირილე ალექსანდრიელი წერს: რადგან ადამმა წარმოშვა შვილები უკვე დაცემის შემდგომ მდგომარეობაში, ჩვენ, მის შთამომავლებს, ხრწნილი ბუნება გვაქვს, როგორც ხრწნილი წყაროდან გამომავლებს. სწორედ ამ აზრით ვართ ადამის წყევის მემკვიდრეები. დასჯილები კი არა ვართ იმიტომ, რომ მასთან ერთად არ დავემორჩილეთ ღმერთის მცნებას, არამედ იმიტომ, რომ ის გახდა მოკვდავი და მოკვდავობის წყევა გადაეცა მის შთამომავლებს, რომლებიც მოკვდავი წყაროსაგან იშვნენ. . . ამგვარად, ხრწნილება და სიკვდილი ადამის შეცოდების უნივერსალური მემკვიდრეობაა» (Doctrinal questions and answers, 6). სხვაგან პავლე მოციქულის სწავლებაზე კომენტარის გაკეთებისას ის წერს: «ადამიანური ბუნება ცოდვით დაავადდა. ერთი ადამიანის (ანუ ადამის) დაუმორჩილებლობის გამო, მრავალი გახდა ცოდვილი; არა იმიტომ, რომ მათ შესცოდეს ადამთან ერთად (რადგან ისინი იმ დროს იქ არ იყვნენ), არამედ იმიტომ, რომ ისინი იმის ბუნებისანი არიან, ვისზეც ცოდვა გაბატონდა. . . ადამის შეცოდებით ადამიანური ბუნება დაავადდა, ხრწნილებას დაექვემდებარა და გამსჭვალა ადამიანის ვნებები» (On Romans 5:18).

 

ბერძენი ღვთისმეტყველი იოანე კარმირისი აჯამებს ამ პატრისტიკულ სწავლებას და წერს, რომ «პირველი ადამიანის ცოდვა, თავის შედეგებსა და სასჯელებთან ერთად, ბუნებრივი მემკვიდრეობით გადაეცემა კაცობრიობის მთელ მოდგმას. რადგან ყოველი ადამიანი პირველი ადამიანის შთამომავალია, «არც ერთი ჩვენგანი არ არის თავისუფალი ცოდვის ლაქისაგან, თუნდაც რომ მოახერხოს და სრულიად უცოდველად გაატაროს დღე.»… პირველქმნილი ცოდვა არა მხოლოდ სულის «უბედური შემთხვევაა», არამედ მისი შედეგები, თავის სასჯელებთან ერთად ბუნებრივი მემკვიდრეობით გადაინერგება მომავალ თაობებში… ამგვარად, პირველშობილი ადამიანის პირველი ცოდვის ერთი ისტორიული მოვლენიდან მომდინარეობს ახლანდელი მდგომარეობა, როდესაც ცოდვა, მისგან მომდინარე შედეგებთან ერთად, ადამის ყველა შთამომავალს გადაეცემა.» (A synopsis of the dogmatic theology of the Orthodox Catholic Church, Scranton, Pa.: Christian Orthodox Edition, 1973).

 

«პირველქმნილი» ცოდვის შესახებ საღვთისმეტყველო მოძღვრებას, რომელიც როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ეკლესიის მამებისათვის მართლმადიდებლურ სწავლებას წარმოადგენს, როგორც რუსი ღვთისმეტყველი, მამა მიქაელ პომაზანსკი წერს: «ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას ემყარება მთელი წყება სხვა დოგმატებისა.» (Protopresbyter Michael Pomazansky, Orthodox Dogmatic Theology, Platina, Calif.:1994) თუმცა, როგორც ქრისტიანული ღვთისმეტყველების ცალკე მოძღვრება, ის პირველად მეხუთე საუკუნეში განსაზღვრა და წარმოგვიდგინა ნეტარმა ავგუსტინემ, ჰიპოს ეპისკოპოსმა ჩრდილოეთ აფრიკაში.

 

ნეტარმა ავგუსტინემ თავისი მოძღვრება მწვალებელ პელაგიუსთან საკმაოდ მწვავე პოლემიკის კონტექსტში განავითარა. მას შემდეგ, რაც 410 წელს დასავლეთ გოთების ბელადმა ალარიკმა რომი ააოხრა, პელაგიუსმა ეს ქალაქი დატოვა და თავის ზოგიერთ მიმდევართან ერთად აფრიკაში დასახლდა. აქ მისი ქადაგება ჰიპოს ეპისკოპოსის ინტენსიური დაკვირვებისა და გამოძიების ქვეშ მოექცა. პელაგიუსი ღვთისმეტყველი კი არ იყო, არამედ მოხეტიალე ასკეტი მქადაგებელი და მორალისტი, ვისი უმთავრესი მიზანიც თანამედროვე ქრისტიანების რწმენისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოსწორება იყო. მისთვის საუბედუროდ, მან ნება დართო ადგილობრივ იურისტს, ცელესტიუსს, რომელსაც სამღვდელო ხელდასხმის მიღება სურდა, გამხდარიყო მისი მოწაფე და შეხედულებების განმარტებელი. პელაგიანელების თვალსაზრისით, მწვავე ზნეობრივი დეგრადაციის მიზეზი იყო არა მხოლოდ ინდივიდუალური ზნეობრივი პასუხისმგებლობის უარყოფა ადამის ცოდვის შედეგების შესახებ სწავლებაში, არამედ იმაშიც, რომ ეკლესიაში სამღვდელოება ელიტარულ ჯგუფს წარმოადგენდა, რამაც, მათი აზრით, გამოიწვია ერისკაცების მიერ საკუთარი ზნეობრივი პასუხისმგებლობის უარყოფა და ქრისტიანული ცხოვრების ძალიან დაბალი სტანდარტების მიღება. პელაგიუსის პალესტინაში წასვლიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ცელესტიუსმა და მისმა მიმდევრებმა თავიანთი მასწავლებლის შეხედულებების გავრცელება და განვითარება დაიწყეს. ამ პროცესში მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩვილების ნათლობა, განკაცების ძალა, ქრისტეს გამომხსნელი სიკვდილი ჯვარზე და უარყვეს ადამის ცოდვის მემკვიდრეობითობა. ისინი ასწავლიდნენ, რომ ადამიანი სცოდავს მხოლოდ ადამის მიბაძვით და არა თავისი ბუნების ენდემური, შთამომავლობით მიღებული დაზიანებით. მიუხედავად ცოდვისა და სიკვდილის არსებობისა, ადამიანის ბუნება მაინც რჩება ისეთი, როგორიც ის თავდაპირველად შეიქმნა, უმანკო და წმინდა, როგორიც პირველშობილი ადამი იყო. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, ავადმყოფობა და სიკვდილი პირველქმნილი ცოდვის შედეგები კი არ არის, არამედ ადამიანის ბუნებისათვის მისი შექმნიდანვეა დამახასიათებელი.

 

ნეტარმა ავგუსტინემ ძალიან მართებულად აღნიშნა, თუ რაოდენ საშიში იყო ამგვარი მსჯელობა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის. უარყოფა ადამისაგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვის, რომელიც ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ სფეროს მოიცავს და მის ბუნებაში გენეტიკური მემკვიდრეობის ძალით არსებობს, შედეგად მოიტანს არა მხოლოდ ღმერთისაგან დამოუკიდებლად ადამიანის ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობის გადაჭარბებულად შეფასებას, არამედ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნის მთელი საღმრთო განგებულება ისეთი არსებითი ქრისტიანული დოგმატების უგულებელყოფით, როგორებიცაა განკაცება და გამოხსნა.

 

პელაგიანური პოლემიკა ძირითადად დასავლური, უფრო კონკრეტულად კი ჩრდილო აფრიკული პოლემიკა იყო, რომელშიც მხოლოდ შემთხვევით ჩაერთნენ პალესტინა და აღმოსავლეთი. პელაგიუსის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისი სწავლება 416 წლის კართაგენისა და 418 წლის აფრიკის ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა დაგმეს, ამ საღვთისმეტყველო პოლემიკამ ძლიერად იმოქმედა ცოდვის, მადლისა და თავისუფალი ნების შესახებ სწავლების ჩამოყალიბებაზე. დროთა განმავლობაში ამ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით გაჩაღებულ საღვთისმეტყველო დებატებში, ნეტარი ავგუსტინესა და ნეტარი იერონიმეს გარდა, პირდაპირ თუ ირიბად ჩაებნენ ასევე ნეტარი ავგუსტინეს მოწაფეები ცეზარ არლელი და პროსპერ აქვიტანელი, ასევე იოანე კასიანე, ვინსენტ ლერინელი, გენადი მარსელელი, ფაუსტუს რიზელი და არნობი უმცროსი, ასევე გვიანი ხანის «ავგუსტიანელები» და სქოლასტიკოსები და დროთა განმავლობაში კი პროტესტანტი რეფორმისტებიც.

 

ტექნიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, აღმოსავლელი მამები და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები არ იყენებენ ლათინურ ტერმინს, რომელიც ნეტარმა ავგუსტინემ შემოიტანა თავის ნაშრომში «De Peccato originali,» და მის მაგივრად პირველქმნილი ცოდვა თარგმნეს ორი ურთიერთდაკავშირებული ტერმინის საშუალებით, როგორც ბერძნულად, ასევე რუსულად, სახელდობრ, (progoniki amartia (=pervorodnyi grekh რუსულად) და propatorikon amartia (=praroditelskii grekh) რომლის შესაბამისი თარგმანია «მემკვიდრეობითი ცოდვა.» ეს ტერმინები საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად გავერკვეთ ამ ლათინური ტერმინის მრავალფეროვან შინაარსში.

 

აღმოსავლეთში, პირველქმნილი ცოდვა მამა მიქაელ პომაზანსკის განსაზღვრების თანახმად ნიშნავს: «ადამის ცოდვას, რომელიც მის შთამომავლებს გადაეცემათ და სიმძიმედ აწვებათ.» ან როგორც იოანე კარმირისი წერს, პირველქმნილი ცოდვა «ცოდვაავადმყოფობა», ადამიანური ბუნების ცოდვილი მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს საღმრთო მადლს განაშორებს, სიკვდილს, საღმრთო სიცოცხლისაგან განშორებას უქვემდებარებს და პირველქმნილი ცოდვის შედეგებსა და ნაყოფებთან ერთად ბუნებრივი მემკვიდრეობის გზით გადაეცემა პირველი ადამიანის ყველა შთამომავალს.” მართლაც, კარმირისი შეგვახსენებს: «ამის გამო დააწესა პირველი საუკუნეების ეკლესიამ ჩვილების ნათლობა, კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ჩვილებს მოსცილდეთ წინაპრების ცოდვის ლაქა, თუმცა მათ «საკუთარი ცოდვის» არავითარი დანაშაული არა აქვთ.»

 

დასავლეთში პირველქმნილი ცოდვის ცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული და ხშირად არეულიც კი «პირველქმნილი დანაშაულის» დასავლურ გაგებასთან. არასწორი შედეგები, რაც ამ დასავლურ საღვთისმეტყველო გაურკვევლობას მოაქვს, თრგუნავს და აბუნდოვანებს ადამიანში ღმრთაებრივ პოტენციალს. პირველქმნილი ცოდვის შესახებ სწავლების განმარტებისას სწორედ დანაშაულისა და სასჯელის, ზოგადად ადამიანური ბუნებისა და პირველქმნილი ცოდვის თაობიდან თაობაზე გადაცემის სპეციფიკური სახის შესახებ ვარაუდებშია ისტორიული და საღვთისმეტყველო განსხვავებები. ამ ვარაუდებთან დაკავშირებით არსებობს ორი განსხვავებული, შეიძლება ითქვას, დაპირისპირებული მიმდინარეობა.

 

მაგალითად, წმ. ათანასე სინელი წერს: «უნდა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ გადმოგვცა ჩვენმა პირველშობილმა მამამ თავისი შეცოდება. მას უთხრეს «მიწა ხარ და მიწად მიიქეც» და მისი უხრწნელება ხრწნილებით შეიცვალა, ის სიკვდილს დაექვემდებარა. რადგან ადამი შვილების მამა მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ გახდა, მისი ხრწნილება მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ღმერთის მიერ მიცემული მცნებისადმი ადამის დაუმორჩილებლობის გამო კი არ ვისჯებით, არამედ როდესაც ის მოკვდავი გახდა, ცოდვა შევიდა მის თესლში. მოკვდავებას მისგან ვიღებთ… ადამის შეცოდებისათვის საყოველთაო სასჯელი ხრწნილება და სიკვდილია» (Questions and Answers on Various Chapters, 143). წმ. კიპრიანე კართაგენელის აზრითაც, იცავს რა აზრს ჩვილების ნათლობის საჭიროების შესახებ, რადგან «არავინ არის განყენებული ნათლობისა და მადლისაგან, …(ამიტომ) ჩვილებსაც არ უნდა აეკრძალოთ ეს, ისინი ახალშობილები არიან, არაფერი შეუცოდავთ და მოკვდავობა მხოლოდ მემკვიდრეობით გადაეცემათ» (Letter to Fidus, LVIII,2). მეორე მხრივ, ნეტარი ავგუსტინე მათზე, რომლებსაც მისი აზრით, ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა მარადიული სიკვდილი, წერს, რომ «ისინი ისჯებიან არა საკუთარი ნებით ჩადენილი ცოდვების გამო, არამედ პირველქმნილი ცოდვის გამო, ჩვილების შემთხვევაშიც კი, რომელთაც საკუთარი ცოდვა არ მიუმატებიათ პირველქმნილი ცოდვისათვის» (On the Soul and its Origin, IV, 16).

 

პირველქმნილი ცოდვის ზედმეტად ზუსტად განსაზღვრის დასავლურმა მცდელობებმა შედეგად მოიტანა გაზვიადებები და გადამეტებები მის განსაზღვრებაშიც და მასზე რეაგირებაშიც. რადგან ნეტარი ავგუსტინე და მისი მოწაფეების არგუმენტები პელაგიანური პოლემიკის კონტექსტით შემოიფარგლებოდა, ისინი მიდრეკილები იყვნენ ადამიანური ბუნების ცოდვილობისა და მანკიერების გაზვიადებისაკენ და მათი სწავლება განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ცოდვით დაცემის შედეგების «დამსჯელობით ასპექტს», რასაც თავის მხრივ თავისუფალი ნების შესახებ საკითხის გაზვიადებისა და გადამეტებისაკენ მივყავართ. საკმაოდ საინტერესოა, რომ პირველქმნილი ცოდვის საკითხის დასავლური ინტერპრეტაციის ორივე უკიდურესი ტენდენციის საფუძველი ნეტარი ავგუსტინეს ნაწერებშია: პირველი, რომ ადამიანი სიკვდილს ექვემდებარება, რადგან დამნაშავეა ადამის ცოდვის გამო, და მეორე, ადამიანის ბუნება ისეთი დაზიანებულია, რომ აღარა აქვს თავისუფალი ნების გამოყენების უნარი, როდესაც ცხოვნებისათვის იღწვის (მოძღვრება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ).

 

ისტორიულად, ეს ორი უკიდურესი დასავლური ტენდეცია კათოლიკური და პროტესტანტული მიმართულებით განვითარდა. კათოლიკური სწავლებით, როგორც ეს ავგუსტინიანელმა სქოლასტიკოსებმა განსაზღვრეს, პირველქმნილი ცოდვა ადამიანისადმი მიმართული ღმერთის რისხვაა, რადგან ის დამნაშავეა სულიერი პრინციპის ხორციელისადმი დაქვემდებარებაში. ეეს ღმერთის შეურაცხყოფაა და შედეგად მოსდევს «ზებუნებრივი» მადლის დაკარგვა და გამოსყიდვის, ანუ «სატისფაქციის» საჭიროება სისხლის დაღვრით, შუა საუკუნეების ფეოდალი რაინდების კოდექსის მსგავსად. ეეს შეხედულება უარყოფს ადამიანის მხრიდან თავისუფალი ნებით გაკეთებული არჩევანის ძალას საკუთარი ცხოვნების მისაღწევად და ჩრდილავს ფაქტს, რომ პირველქმნილი ცოდვა შეიცავს არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერი სახის ცოდვებსაც.

 

კათოლიკური განმარტების საპასუხოდ პროტესტანტულმა რეფორმაციამაც წარმოშვა ამ საკითხის შესახებ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება. ერთი მხრივ, ის ავითარებს ნეტარი ავგუსტინეს სწავლებას წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ, გულისხმობს რა, რომ ადამიანის ბუნება საფუძველშივე სრულიად დაზიანებული და დამახინჯებული იყო (ამ თვალსაზრისით კალვინი უფრო სასტიკია, ლუთერი კი ნაკლებად). მეორე მხრივ კი, ზოგიერთი თანამედროვე პროტესტანტული დენომინაცია სრულიად უარყოფს მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვის არსებობას, რაც, შეიძლება ითქვას, რომ პელაგიანიზმში დაბრუნებაა.

 

ამ შეხედულების საპირისპიროდ, რომელიც დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში ფართოდაა გავრცელებული, მართლმადიდებელი საეკლესიო მამები და ღვთისმეტყველები უფრო ფრთხილობენ და არ ცდილობენ დააზუსტონ ყველა დეტალი ადამის ცოდვის კონკრეტული ბუნების შესახებ. იმის ნაცვლად, რომ აქცენტი გააკეთონ პირველქმნილი ცოდვის მრავალ შესაძლო მეორეხარისხოვან და ხორციელ ასპექტებზე, მართლმადიდებლები მის განხილვას უპირველესად სულიერი თვალსაზრისით ამჯობინებენ და მიიჩნევენ, რომ მისი ფესვები სულიერ სიამაყესა და დაუმორჩილებლობაშია. «პირველქმნილი ცოდვა,» წერს კარმირისი, «იყო ჩვენი პირველი მშობლების თავისუფალი ნებით შეცოდება, გამომდინარე მათი ეგოიზმისა და სიამაყისაგან. ამგვარად, სატანის შურის გამო, რომელიც ადამისა და ევას წინააღმდეგ იყო მიმართული, «შემოხდა ცოდვა და მცნების დარღვევა,» და ჩვენმა პირველმა მშობლებმა ღმერთის მცნება დაარღვიეს, აღძრული იყვნენ რა ღმერთთან გატოლების სურვილით, ან როგორც წმ. იოანე ოქროპირი წერს, «მოლოდინით, რომ გახდებოდნენ ღმერთი»; ადამიანს სურდა ღმერთისაგან დამოუკიდებელი გამხდარიყო, იპოვნიდა რა ცოდვის მეშვეობით ღმრთაებრივ ცოდნას, ნეტარებასა და სრულყოფილებას.»

 

ასეთივე აზრს გვაწვდის მამა მიქაელ პომაზანსკიც: «ხილის ჭამა ზნეობრივი გადახრის მხოლოდ დასაწყისი, პირველი ბიძგი იყო, მაგრამ ისეთი მომწამვლელი და დამანგრეველი, რომ უკვე შეუძლებელი იყო პირველყოფილ სიწმინდესა და სიმართლესთან დაბრუნება; პირიქით, გამოვლინდა მიდრეკილება, რომ სულ უფრო მეტად დაშორებოდნენ ღმერთს. ნეტარი ავგუსტინე წერს: «ეს იყო სიამაყე, რადგან ადამიანმა მოისურვა დამორჩილებოდა უფრო მეტად საკუთარ ძალაუფლებას, ვიდრე ღმერთისას; დაცინვა ყოველივე იმისა, რაც წმინდაა, რადგან მან არ იწამა ღმერთის; მკვლელობა, რადგან საკუთარი თავი სიკვდილს დაუქვემდებარა; სულიერი მრუშობა, რადგან ადამიანის სულის უბიწოება გველის ჩაგონებით შეიბილწა; პარვა, რადგან იხმიეს აკრძალული ხის ნაყოფი და მომხვეჭელობა, რადგან მოინდომა იმაზე მეტი, ვიდრე მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის იყო საჭირო.» ამგვარად, მცნების დარღვევით «ცოდვის კანონი» (monos tis amartias) დაუყოვნებლივ შევიდა ადამიანში, გამსჭვალა ადამიანის ბუნება და სწრაფად დაიწყო მასში ფესვის გადგმა და განვითარება… ცოდვითი მიდრეკილებები გაბატონდა ადამიანში და ის ცოდვის მსახური გახდა (რომ. 6:7)… ცოდვასთან ერთად სიკვდილი შეიჭრა კაცობრიობის მოდგმაში. ადამიანი უკვდავი სულით იყო შექმნილი და შეეძლო სხეულითაც უკვდავი დარჩენილიყო, ღმერთს რომ არ დაშორებოდა…. ადამიანის სხეული, როგორც ნეტარი ავგუსტინე წერს, არ ფლობს «სიკვდილის შეუძლებლობას,» მაგრამ ფლობს «შესაძლებლობას, რომ არ მოკვდეს,» რაც მას ახლა დაკარგული აქვს.» მემკვიდრეობით ადამის პიროვნული ცოდვის დანაშაული კი არ მიგვიღია, არამედ რადგან მისი ცოდვა ისეთი ბუნებისაა, რომ საზოგადოდ დამახასიათებელია ადამიანთა მოდგმისათვის და მთელი კაცობრივი მოდგმა განუყოფელ ონტოლოგიურ ერთობაშია, მასში ვმონაწილეობთ იმიტომ, რომ კაცობრივი მოდგმის ნაწილი ვართ.

 

«ბუნებრივი მემკვიდრეობის საშუალებით პირველქმნილ ცოდვაში მონაწილეობა ადამიანური ბუნების ერთობისა და ყველა ადამიანის ,,ერთარსებრივობის» (homooisiotitos) თვალსაზრისით უნდა გავიგოთ. ბუნებით ურთიერთდაკავშირებულნი ერთ მისტიკურ მთლიანობას შეადგენენ. რამდენადაც ადამიანური ბუნება მართლაც უნიკალური და უცვლელია, პირველი ადამიანიდან, მისგან წარმოშობილ მთელ კაცობრიობის მოდგმაზე ცოდვის გადაცემა შეგვიძლია შემდეგნაირად ავხსნათ: «როგორც ხის ფესვიდან წამოსული ავადმყოფობა მის დანარჩენ ნაწილზეც გადადის, ასევე ადამიც ფესვი იყო, რომელიც ხრწნილებას დაექვემდებარა’ (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

 

დაცემული ადამიანური ბუნების შესახებ მართლმადიდებლური თვალსაზრისი შესამჩნევად ზომიერი და გაწონასწორებულია და არ იხრება არც პელაგიანური თვალსაზრისის უსაფუძვლო ოპტიმიზმისაკენ, რომლისთვისაც ადამიანის ბუნება კვლავ თავდაპირველ შეურყვნელ უმანკოებასა და სიკეთეს ინარჩუნებს და არც წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში არსებული უსაფუძვლო პესიმიზმისაკენ, რომლისთვისაც ადამიანური ბუნება უიმედოდ დაზიანებული და დამახინჯებულია. «ადამიანი გაუაზრებლად, წინასწარი განზრახვის გარეშე დაეცა; ის მოატყუეს და აცდუნეს,» წერს XIX საუკუნის რუსი ეპისკოპოსი და ასკეტი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. «ამის გამო იყო, რომ მისი ბუნებითი სიკეთე კი არ მოისპო, არამედ შეერია დაცემული ანგელოზების ბოროტებას. მაგრამ ბოროტებასთან შერეული და მისით მოშხამული ბუნებითი სიკეთე, უსარგებლო და შეუსაბამო გახდა და აღარ იყო ღირსი ღმერთისა, ვინც სრულყოფილი და უწმინდესი სიკეთეა. ადამიანი უმეტესწილად ბოროტებას სჩადის, თუმცა ფიქრობს, რომ სიკეთეს აკეთებს და ვერ ხედავს სიკეთის ნიღაბაფარებულ ბოროტებას, რადგან გონება და ცნობიერება დაბნელებული აქვს.»

 

პირველქმნილი ცოდვის შესახებ მართლმადიდებლური შეხედულება ღრმად არის დაკავშირებული თეოზისის, განღმრთობის იდეასთან, რომელიც თითქმის სრულიად დაიკარგა დასავლურ გაგებაში. პომაზანსკი წერს, რომ თუმცა ცოდვით დაცემის გამო ადამიანში ფიზიკური, გონებრივი და ემოციური სფეროები დაზიანდა, მისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი სამოთხის ნეტარებისა და მარადიული ცხოვრების დაკარგვა იყო.

 

თეოზისი, ანუ როგორც წმ. სერაფიმ საროველი განსაზღვრავს მას, «სულიწმინდის მადლის მოხვეჭა,» შესაძლებლობაცაა და რეალობაც, მიზანიცაა და ნიჭიც, პირველქმნილი ცოდვის ლაქის წარხოცვაცაა და ხელახალი მოპოვება იმისა, რაც მის გამო დავკარგეთ. ის ქრისტიანული ცხოვრების ერთადერთი მთავარი მიზანია. მიუხედავად მოკვდავობისა, რომლითაც კაცობრივი მოდგმა შეიმოსა სამოთხეში ადამის დაცემის გამო, ქრისტიანები ცხოვრობენ იმედით, რომ კვლავ «ამაღლდებიან თავიანთი პირვანდელი მშვენიერებისაკენ» მეორე ადამის ტანჯვის, სიკვდილისა და მესამე დღეს აღდგომის გამომხსნელი ძალით. დავდივართ რა იმედსა და სასოწარკვეთილებას შორის, ვინანიებთ ცოდვებს და ვცხოვრობთ ქრისტიანული ბრძოლით, მოველით წმ. პავლე მოციქულის დაპირების შესრულებას ისე, რომ პირველ ადამთან ერთად შევძლოთ ვიმღეროთ გამარჯვების სიმღერა: «ხოლო რაჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაი და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაი, მაშინ აღესრულოს სიტყუაი იგი წერილისაი: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?» (1 კორ. 15:5455).

 

ვტორი: დეკანოზი ალექსანდრე გოლუბოვი

ჟურნალიდან «Alive in Christ», Volume XII, №1, Spring, 1996

თარგმნა ნანა ბაღათურიამ

ჟურნალი «არჩევანი», №3, 2007 წ.