გატეხილი ტელევიზორი

გატეხილი ტელევიზორი

ცოტა ხნის წინ ასეთი შემთხვევა მიამბეს. ერთი ხანშიშესული, ავადმყოფი და ცხოვრებისაგან ძალიან გადაღლილი ქალის სახლში, რომელსაც ერთადერთი, ფსიქიკურად ძალიან მგრძნობიარე 15 წლის ვაჟი ჰყავდა, სტუმარი მივიდა. ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი თუ მედავითნე, აგრეთვე რომელიღაც მონასტრის თითქმის მორჩილი, არა უმეტეს 22 წლისა. მივიდა, დაინახა ტელევიზორი (ის სწორედ ჩემ მიერ აღწერილ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ნაგროვები პენსიით იყიდა დიასახლისმა) და განაცხადა: ,,ეს ტელევიზორი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ აქედან. სწორედ იმიტომაც ავადმყოფობთ, რომ ეს სატანური მოწყობილობა გიდგათ სახლშიო”. თქვეს და გააკეთეს. სტუმარმა და დიასახლისის ვაჟმა ხელი სტაცეს ტელევიზორს, ქუჩაში გაიტანეს საეკლესიო გალობის მიმსგავსებული სიმღერის თანხლებით და რკინის ჯოხებით დაამტვრიეს სწორედ ისე, როგორც ფსალმუნშია ,,ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!” (ფს. 136:9). ავადმყოფი, ღარიბი, ცხოვრებისაგან დაბეჩავებული და საშინლად ნევროზიანი მასწავლებელი კი ტელევიზორის გარეშე დარჩა. მისი ვაჟი თავზარდაცემული იღვიძებს მეორე დილით, რადგან მიხვდა, რომ წინა დღეს ქრისტიანიდან სასტიკ და უზნეო წარმართად გადაიქცა.

ამ ამბავს არ მოვყვებოდი, მასში ზუსტად რომ არ იყოს ასახული, თუ რა როლს თამაშობს ეკლესია ჩვენს ცხოვრებაში. ამას წინათ მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის ეზოში წიგნებს წვავდნენ. არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვის წიგნებს და ის მიზეზი, რომ წიგნები თეოსოფიური შინაარსისა იყო, ამ ფაქტს უფრო მისაღებს არ ხდის. ადამიანების, წიგნების, ტელევიზორის და ა.შ განადგურება, ყოველთვის განადგურება იქნება. მისი დახმარებით შეუძლებელია რაიმე კარგის მიღწევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წიგნებში დადებითი არაფერი წერია და ტელევიზორში კი წესიერს არაფერს აჩვენებენ. განადგურებას არა მხოლოდ აგრესია ახლავს თან, არამედ მასში ზეობს აგრესია, ხოლო იქ კი, სადაც აგრესიაა, არ არის და ვერც იქნება ადგილი ქრისტიანობისათვის. იესო გვაძლევს მშვიდობას, ამიტომ ქრისტიანს არ შეუძლია არ იყოს მშვიდობისმყოფელი, ჩვენი სარწმუნოება გვთავაზობს ყველაზე რთული საკითხებისა და პრობლემების მშვიდობიანი და არაძალადობრივი გადაწყვეტის გზას, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც თითქოს მშვიდობიანი გზის მოძებნა შეუძლებელია.

415 წელს ალექსანდრიაში ბრბომ ხომ ნაწილ-ნაწილ დაგლიჯა იპათია, ქალი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და პედაგოგი, ანტიკური მეცნიერებისა და კულტურის უკანასკნელი წარმომადგენელი? კონსტანტინოპოლში კი ასეთივე ბრბო სიცილით, ყიჟინითა და ლიტურგიკული ჰიმნების გალობით წვავდა ანტიკური ავტორების გრაგნილებსა და კოდექსებს? იქნებ სწორედ ასე მოქცევაა საჭირო? არ გასულა ამის შემდეგ ხუთი ასწლეულიც კი და იმავე კონსტანტინოპოლში ფოტიმ, თუმცა ის არ იყო ბრბოს უსაქმური წარმომადგენელი, არამედ პატრიარქი და წმინდანი, შექმნა თავისი მირიობიბლიონი (ათასწიგნეული), ხოლო სწავლულმა ბერებმა კი სწორედ იმავე ალექსანდრიიდან, სადაც ფსევდოქრისტიანების გამხეცებულმა ბრბომ იპათია მოკლა, დაიწყეს ელინური კულტურისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შესწავლა.

20 წლის წინათ, როდესაც ვმუშაობდი დისერტაციაზე პავსანიუსისა და მისი ,,ელადის აღწერილობის” შესახებ, ყურადღება მივაქციე, რომ ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ხელნაწერი კუნძულ კრეტაზე იყო გადაწერილი ვინმე მღვდელ იოანეს მიერ, რომელიღაც ჩვენამდე მოუღწეველი ორიგინალიდან. Pპავსანიუსის ნაშრომი თანამედროვე გამოცემით ორ სქელტანიან ტომს შეადგენს და ასეთი მოცულობის ტექსტის ხელით გადაწერას დროც სჭირდებოდა და უზარმაზარი შინაგანი მოთხოვნილებაც. რადგან მამა იოანემ ასეთი სამუშაო შეასრულა, ესე იგი, არ ფიქრობდა, რომ წიგნი, რომელიც წარმართული ცივილიზაციის შესახებ მოგვითხრობს, მხოლოდ და მხოლოდ დაწვას იმსახურებდა.

სხვისი ტელევიზორი მხოლოდ ერთმა ბიჭმა დაამტვრია, ხოლო ათასობით ახალგაზრდა კი დღეს მის შეხედულებებს იზიარებს: მათ იპათიას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ უფრო ამართლებენ მის მკვლელებს, ვიდრე უარყოფენ მათ გზას. ისინი არ დადიან კონსერვატორიაში, არ უსმენენ ბახს, რადგან ის პროტესტანტი იყო, არ კითხულობენ ლევ ტოლსტოის, რადგან სინოდმა ის ანათემას გადასცა, ჩეხოვი კი უღმერთო იყო, არ კითხულობენ არც ლექსებს, არც პროზას, არამედ მხოლოდ სირიელი მამების ასკეტურ ნაშრომებსა და ოპტინის უდაბნოს გამოცემებს. აბბა დოროთეს ნაშრომებში ცუდი არაფერია, მაგრამ მათი კითხვისას ასკეტური ნაწერების სიყვარულთან ერთად რაღაცნაირად ითვისებენ კულტურის მიმართ სიძულვილს, რადგან კულტურა, როგორც მათ ეჩვენებათ, მართლმადიდებლობის ჩარჩოებში არ ჯდება. რატომ? მონაზონმა მარიამმა, რომელიც 1945 წლის 31 მარტს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკ რავენსბრიუკში მოწამეობრივად აღესრულა, ძირითადად უკვე გასცა პასუხი ამ შეკითხვას. ჩვენ თავისუფლების არარსებობის პირობებში გაზრდილები, გარდავიქმენით: თავისუფლების უქონლობა ჩვენი არსებობის ჩვეული გარემო გახდა და ამიტომ თავიუსფლების პირობებშიც კი ხელოვნურად ვქმნით გარემოს, რომელშიც არ არის თავისუფლება.

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი