ქრისტე — ახალი ადამი

ქრისტე — ახალი ადამი

ახალი აღთქმის კეთილუწყების ცენტრში დგას ძე ღვთისას ხორცშესხმის საიდუმლო. პირველქმნილმა ადამმა ვერ შეძლო მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულება, — სულიერ-ზნეობრივი სრულყოფის გზით მიეღწია განღმრთობისაკენ და ღმერთთან მიეყვანა ხილული სამყარო. მცნების დარღვევისა და სამოთხის სიტკბოებისაკენ განვარდნის შემდგომ, მისთვის დახშული აღმოჩნდა გზა განღმრთობისაკენ. მაგრამ ყოველივე ის, რისი შესრულებაც პირველმა ადამიანმა ვერ შეძლო, მის მაგივრად აღასრულა ხორცშესხმულმა ღმერთმა-სიტყვამ, განკაცებულმა უფალმა იესო ქრისტემ.

 

მან თავად გაიარა ის გზა ადამიანისაკენ, რომელი გზითაც ადამიანს უნდა ევლო მისკენ. და თუკი ადამიანისათვის ეს გზა იყო აღმავლის გზა, ღმერთისათვის ის წარმოადგენდა- სიმდაბლით დაღმასვლის, სიგლახაკისა და განკფევის ( დაწრეტის, განლევის, истощания kenosis) გზას. პავლე მოციქულმა ქრისტეს მეორე ადამი უწოდა, დაუპირისპირა რა იგი პირველ ადამს. პირველი იგი კაცი ქუეყანისგან მიწისაი, ხოლი მეორე იგი კაცი უფალი ზეცით (1 კორ. 15, 47) ამ დაპირისპირების შესახებ საგანგებოდ მსჯელობენ წმ. მამები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ადამი იყო ქრისტეს კონტრასტული წინასახე. „ადამი არის ქრისტეს წინასახე…- ამბობს წმ. მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი.- როგორც თვითონ გახდა აკრძალული ხის ნაყოფის ჭამით შემოსული სიკვდილის მიზეზი იმათთვის, ვინც მისგან წარმოიშვა, — თუმც მათ არ უხმევიათ ხის ნაყოფი, ასევე იქცა ქრისტე გამართლების მიმნიჭებლად ჯვარცმის გზით იმათთვის, ვინც მისგან იშვა, თუმც მათ სიკეთე არ გაუკეთებიათ“. წმ. მღვდელთმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს ვნებებს ადამის ცოდვით დაცემას უდარებს: „ჩვენ თითოეული ვალისთვის გვეზღვევა განსაკუთრებულად… ამიტომ: ხე — ხისთვის; ხელისთვის- ხელები ( თავშეუკავებლად გაწვდილი ხელის ნაცვლად — გაბედულად გაშლილი ხელები); თვითნებურობისათვის — მიმსჭვალვა (ჯვარზე) ; გამოძევებული ადამისათვის — ერთად შეერთებული მსოფლიოს კიდენი. ამიტომაც: ამაღლება (ჯვარზე) — დაცემისთვის, ნაღველი- (აკრძალული ხილის) ჭამისთვის… სიკვდილი სიკვდილისთვის, დაფლა-მიწაში დაბრუნებისათვის“. არცთუ ცოტამ მიიღო მეორე ადამი ირწმუნა იგი, როდესაც ქვეყანად მოვიდა. განკაცებული, ვნებული და აღმდგარი იესო იქცა ჰურიათა სამე საცდურ და წარმართთა სისულელე (1 კორ. 1, 23). მარლთმორწმუნე იუდეველთა შეხედულებით, იესო მართლაც სკანდალური ფიგურა იყო („საცდური“- skandalon), რადგან იგი ღმერთსაცა მამად თვისა იტყოდა და თავსა თვისსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა ( იოანე 5, 18), რაც ღვთის გმობად აღიქმებოდა. როდესაც კაიაფამ იგრძნო, რომ ცრუმოწმეობა არ იყო საკმარისი ქრისტეს წინააღმდეგ, შეეკითხა მას: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაი ? — არ ჰკითხა: „ ძე ღვთისა ხარ?“, — ზედმეტად რომ არ შეეწუხებინა ღვთის სახელი. ქრისტე პასუხობს: მე ვარ. ხოლო მღდელთ- მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თვისი- ნიშნად იმისა, რომ, თითქოსდა, საშინელი ღვთისგმობა მოისმინა (მარკოზი 14, 61-63). ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოითქმოდა არამეულ ენაზე „მე ვარ“, მაგრამ ხომ არ უწოდებია მას ამით თავისთვის ღმერთის წმინდა სახელი იაჰვე (ებრ. Yahweh, როგორც ნათქვამი იყო, წარმოქმნილია სახელისგან — „ მე ვარ“), რომლის წარმოთქმის უფლება არავის ჰქონდა გარდა მღვდელთმთავრისა წელიწადში ერთხელ, როდესაც იგი წმიდათა წმიდათაში შევიდოდა? ელინებისათვის კი ქრისტიანობა სისულელე იმიტომ იყო, რომ ელინთა აზრი ყველაფერში ლოგიკურ და რაციონალურ ახსნას ეძებდა და ტანჯული და მკვდარი ღმერთის შეცნობა მათ ძალებს აღემატებოდა. ბერძნული სიბრძნე მრავალი ასწლეულის განმავლობაში უგებდა ტაძარს „უცნობ ღმერთს“ (საქ. 17, 23) და მას არ შესწევდა უნარი, გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა შეუცნობელი, უხილავი, მიუწვდომელი, ყოვლადძლიერი, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყველგანმყოფი ღმერთი მოკვდავ, ვნებულ, უძლურ ადამიანად ქცეულიყო. ღმერთი- შობილი ქალწულისაგან, ღმერთი, რომელსაც სახვევებში ახვევენ, დასაძინებლად აწვენენ, რძით ასაზრდოებენ- ყოველივე ეს ელინებს აბსურდად ეჩვენებოდათ.

 

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი