კოლია და ანტიქრისტე

კოლია და ანტიქრისტე

ანტიქრისტეზე სხვადასხვა ავტორების ბევრი ნაშრომი წამიკითხავს. მაგრამ ამის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება მე პროვინციალური კულტურის სახლის საქვაბეში მივიღე, სადაც ჩემი მეგობარი ლიოშკა მუშაობდა.

ეს 90-იანებში მოხდა. ამ პატარა ქალაქის გაზიფიცირება ახალი დაწყებული იყო, ამიტომაც საქვაბე ქვანახშირზე მუშაობდა. ნახშირი ჯერ ქუჩაში დაყრილი დიდი გროვიდან ურიკაზე უნდა გადაგეტვირთა, მერე საქვაბეში შეგეტანა და გახურებულ ღუმელში შეგეყარა. სწორედ ამ საქვაბეში მომიწია მენახა ყველაზე შთამბეჭდავი ილუსტრირება იმისა, რაც კი იქამდე ანტიქრისტეზე წამეკითხა. ცეცხლფარეშები სამ დღეში ერთხელ მთელ დღე-ღამე მორიგეობდნენ. მეც პერიოდულად ვსტუმრობდი საქვაბეს, ჩემ მეგობარ ლიოშკასთან ერთად ჩაის მივირთმევდი, და სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდი. ისიც მორწმუნე ადამიანია და უფრო მეტიც, გარკვეულ წილად მისი დამსახურებაა ჩემი ნათლობაც.

ერთხელ სერგეი ნილუსის ახალ წიგნს განვიხილავდით, სადაც საუბარი იყო ანტიქრისტეზე, მისი მოსვლის დროის მიმანიშნებელ მოვლენებსა და ამასთან დაკავშირებულ ათას სხვა რამეზე. საქვაბეში ჩვენს გარდა კიდევ ერთი ადამიანი იყო, ლიოშკას მეწყვილე ცეცხლფარეში კოლია შიგაი 5-ჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჯანმრთელობა ციხეში დატოვა და ახლა სეზონური სამუშაოებით ირჩენდა თავს. ის თავისი მშობლების სახლში მარტო ცხოვრობდა, რადგან დედა ერთ-ერთი პატიმრობის დროს გარდაეცვალა. საღამოობით კოლია საქვაბეში არა სამუშაო დროსაც მოდიოდა, უბრალოდ ადამიანებთან ერთად რომ ყოფილიყო. იმ საღამოს ის ღუმელთან ჩაცუცქული აგიზგიზებულ ცეცხლს აკვირდებოდა. ხანდახან ღუმელის კარს აღებდა და საჩხრეკით ნაცარს ქექავდა. ციხეში შესისხლხორცებული ტრადიციის მიხედვით ის სხვის საუბარში არასოდეს ერეოდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ანტიქრისტეს თემამ დააინტერესა და ყურადღებით გვისმენდა. მეც მომინდა გამეგო რას ფიქრობდა გაგონილზე ასეთი სპეციფიური ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი და ვკითხე: -კოლია, შენ რას ფიქრობ მოსმენილზე?

კოლიამ აუჩქარებლად გამოაღო ღუმელის კარი, საჩხრეკით ნახშირი ამოაბრუნა და ისე, რომ არ მობრუნებულა მკითხა:

— ე.ი. ამბობ, რომ როცა მოვა ის… ანტიქრისტე მაღაზიებში ყველაფერი უფასოდ იქნება?

— დიახ,- ვუპასუხე,- ამბობენ, რომ ასე იქნება.

— და შესაძლებელი გახდება მიხვიდე და აიღო ყველაფერი რაც გინდა,-ნუ-საჭმელი, ტანსაცმელი, ტელევიზორი…

— დაახლოებით ასე. ყოველ შემთხვევაში ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილდება.

კოლია ცოტა ხანს კიდევ იქექებოდა ღუმელში, მერე გავარვარებული საჩხრეკი გამოიღო, მოტრიალდა და მკაფიოდ და მშვიდად გამოაცხადა:

— თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ ამბობ,- მაშინ მე მზად ვარ საკუთარი ხელით ამ რკინით შებლზე სამი ექვსიანი ამოვიტვიფრო.

— კოლია, შენ ხომ ამით სამუდამოდ სულს დაიღუპავ, არ გენანება?

— კოლიამ როგორც სულით ავადმყოფებს თანაგრძნობით შემოგვხედა, ჩაიღიმა, არაფერი არ გვიპასუხა, შეტრიალდა და ისევ ნაცრის ქექვა გააგრძელა. ცეცხლის ანარეკლები თამაშობდნენ მის გამომშრალ, დანაოჭებულ სახეზე. მე ვუყურებდი მას და შეძრული ვფიქრობდი, რომ ამ ცხოვრებისგან ნაცემი, ხანდაზმული კაცის მარტივი ლოგიკა არის სწორედ ძირითადი საყრდენი, რაზეც დაფუძნდება ანტიქრისტეს ხანმოკლე მეფობა- მატერიალური კეთილდღეობა, -სულის მარადიულობის სანაცვლოდ