ნუ გეშინიათ ჩიპების!

ნუ გეშინიათ ჩიპების!

ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)

იოანეს აპოკალიპსში აღწერილია, რომ ქვეყნის აღსასრულს ბოროტი ძალა (მხეცი) ყველა ადამიანს აღბეჭდავს თავისი ნიშნით შუბლზე და მარჯვენა ხელზე. ზოგიერთი ამას სიტყვა-სიტყვით იგებს და ჰგონია, რომ მოვა ვიღაც და შუბლზე ან მარჯვენა ხელში ჩაუმონტაჟებს ჩიპს ან რაღაც ამგვარს. ასეთი მიდგომა იგივეა, რომ სახარების სიტყვები “თუ გაცდუნებდეს თვალი შენი, ამოიღე და გადააგდე იგი” ისე გავიგოთ, რომ ცდუნებისგან თავის დასაცავად პირდაპირ ამოვითხაროთ თვალები და თავი დავიბრმავოთ. ან სიტყვების „თუ გაცდუნებდეს ხელი შენი, მოიჭერი და გადააგდე იგი“ მოსმენისას, პირდაპირი გაგებით მოვიჭრათ ხელი, რათა ცუდი საქმე არ ჩავიდინოთ. ასეთ პრიმიტიულ და სწორხაზოვან გაგებას ყოველთვის გმობდა და ებრძოდა ეკლესია. გაიხსენეთ ორიგენე (+254), რომელმაც პირდაპირი გაგებით, ხორციელად დაისაჭურისა თავი (სტერილიზაცია გაიკეთა), რათა მთლიანად ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. სწორედ ამ დანაშაულის გამო დასაჯა იგი ეკლესიამ და არ მიიღეს სასულიერო დასში.

ანტიქრისტეს ნიშანი შუბლზე და მარჯვენა ხელზე ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობისაა ვიდრე, რაღაც მატერიალური ელექტრო ჩიპი, ბარათი თუ ამპულა. ეს არის არამატერიალური ბეჭედი, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით უპირველესად დაბეჭდავს ადამიანის გონებას (შუბლი) და საქმეს (მარჯვენა). შუბლი ადამიანში განასახიერებს მის გონებას, აზროვნებას, შემეცნებას. შუბლი ადამიანის თავშია და წინ იყურება. თითქოს მისი გონების მიმართულებას და სიდიდეს ადამიანის შუბლი გვიჩვენებს. მარჯვენა ხელი მთავარი, წარმმართველი ხელია ადამიანების უმრავლესობისთვის. მარჯვენა ხელი განასახიერებს ადამიანის ყველა წამოწყებას, საქმეს, შემოქმედებას. აქედან გამომდინარე, ანტიქრისტეს ბეჭედი შუბლზე და მარჯვენა ხელზე ეს არის პირველ რიგში ცოდვით დაბნელებული გონება და ბოროტების კეთებით დამძიმებული მარჯვენა ხელი ანუ საქმე.
ნუ გეშინით ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ სიბნელის და უძრაობის თქვენს გონებაში, რომლითაც შეიძლება მართლაც დაიბეჭდოს ჩვენი ცნობიერება!

გეშინოდეთ მავნე და არაფრის მომტანი საქმეების, რომლითაც შეიძლება დაიბეჭდოს მარჯვენა ჩვენი!
„ამინ! ჰე, მოდი, უფალო იესო! მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყველა თქვენთაგანთან. ამინ!“ (გამოცხადება იოანესი, 22, 20-21)

 

ავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე

წყარო: http://tornikeeristavi.blogspot.com