პასუხი დოკინზს: ადამიანი, როგორც ილუზია

პასუხი დოკინზს: ადამიანი, როგორც ილუზია

დოკინზს ბევრჯერ უსაუბრია ბიოლოგიაზე — და აქ ,უდავოდ გამომჟღავნდა მისი, როგორც მეცნიერ- პოპულარიზატორის ნიჭი. როდესაც ის საუბრობს საგანზე, რომელიც იცის და უყვარს, საუბრობს საინტერესოდ, ღრმად და ამავე დროს, გასაგებად. როდესაც იმ საგანზე გადადის, რომელშიც ვერ ერკვევა და რომელიც არ უყვარს ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაზე — მაშინ აშკარა შეცდომებს უშვებს.

არაფერი გასაოცარი და სამარცხვინო ამაში არაა — ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს ან რაღაცაში ვერ ვერკვევით , თანამედროვე მეცნიერება ვიწრო სპეციალიზაციას მოითხოვს, რაც უფრო კარგი სპეციალისტია ადამიანი ერთ სფეროში, მით უფრო ცუდად ერკვევა ყველა დანარჩენში.
მე არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი დოკინზთან კამათს ბიოლოგიის სფეროში — აქ იგი ნამდვილი სპეციალისტია, მე კი — არა. ფილოსოფიის სფეროში არც ერთი ვართ სპეციალისტი და არც მეორე , მაგრამ მე მოყვარული მაინც ვარ, ამიტომაც გავბედავ და შეგახსენებთ, რამდენიმე აშკარა შეცდომას. თუმცა ეს პირადად დოკინზის შეცდომები კი არა, ეს იმ მსოფლმხედველობის პრობლემებია, რომელსაც ის წარმოადგენს. http://www.pravmir.ru/materialist — chelovek — kak –illyuziya/

ილუზია, რომელიც ილუზიისაგან იტანჯება.

დოკინზის თვალსაზრისით (აქ იგი წარმოგვიდგება, როგორც თანმიმდევრული მატერიალისტი):” როგორც მატერიალისტი, იმ აზრზე ვდგავარ, რომ ცნობიერება — ესაა რაღაც, რაც წარმოსდგება ტვინიდან, მის შიგნით. მე ვფიქრობ, რომ კომპიუტერებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება ამ თვალსაზრისით, .. მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ,რაც კომპიუტერში ხდება, განსაზღვრულია სხვა მოვლენებით გარესამყაროში და — დიდი ხარისხით — თვით კომპიუტერის შიგნით. ასე რომ, ამ თვალსაზრისით კომპიუტერებს თავისუფალი ნება არა აქვთ, მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, არც ჩვენ გაგვაჩნია…ჩატარდა ცდები ნევროლოგიის სფეროში, როდესაც ადამიანები იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მაგალითად ხელს იწვდიდნენ ჭიქის ასაღებად. რაღაც მომენტში ხელს ვიწვდი და ვფიქრობ, რომ ვიღებ გადაწყვეტილებას ახლა, მაგრამ ექსპერიმენტალური ცდები აჩვენებს, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილება რამდენიმე წამით ადრე იქნა მიღებული, რადგანაც ტვინის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება განსაზღვრო რა ხდება. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რას ნიშნავს ეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს იმას , რომ როდესაც მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებ, როდესაც ჩემში მყოფი ილუზორული არსი, რომელიც ჩემი საკუთარი თავი მგონია, იღებს გადაწყვეტილებას, ის უკვე მიღებულია”. მართლაც, მატერიალიზმის ჩარჩოებში ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, — მათ შორის ჩვენი აზროვნება და ქმნადობა- სავსებით განისაზღვრება მატერიის მოძრაობით, რაც, თავის მხრივ, განისაზღვრება სისტემის წინა მდგომარეობითა და ბუნების უცვლელი კანონებით. მატერიალიზმი ადგილს მარტო ღმერთისათვის კი არა, ადამიანისათვისაც არ ტოვებს; რჩება მხოლოდ “ილუზორული არსი ჩემში, რასაც საკუთარ “მე”-დ ვთვლი”.

ბევრი ადამიანი, მათ შორის, ვინც მატერიალისტად თვლის თავს — ამ პრობლემას არ უღრმავდება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. აი, რას წერს კიდევ ერთი მატერიალისტი, ნეიროფიზიოლოგი ფრენსის კრიგი: “თქვენ,თქვენი სიხარული და მწუხარება, თქვენი ხსოვნა და მისწრაფებანი, თქვენი პირადი იდენტურობის გრძნობა და თავისუფალი ნება სხვა არაფერია, თუ არა ნერვული უჯრედებისა და მათთან დაკავშირებული მოლეკულების უზარმაზარი გროვის განსაზღვრული ქცევა. თქვენ ნეირონების კრებული ხართ, მეტი არაფერი..თუმცა კი გვგონია, რომ თავისუფალ ნებას ვფლობთ, ჩვენი გადაწყვეტილებები უკვე განსაზღვრულია და ამის შეცვლა არ შეგვიძლია”.

მას ეთანხმება სტივენ ჰოკინსი, რომელმაც თავის სულ ახლახან გამოცემულ წიგნში დაწერა:”თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაზღვრული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, ბიოლოგიის მოლეკულური საფუძვლების სფეროში ჩვენი ცოდნა ცხადყოფს, რომ ბიოლოგიური პროცესები ემორჩილება ფიზიკისა და ქიმიის კანონებს, ამიტომაც ისევეა დეტერმინირებული, როგორც პლანეტების ორბიტა…ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ გამოვლინდება თავისუფალი ნება, თუკი ჩვენი ქცევა ფიზიკური კანონებით განისაზღვრება. ამიტომაც, ჩვენ წარმოვადგენთ ბიოლოგიურ მანქანას, ხოლო თავისუფალი ნება ილუზიაა მხოლოდ”.

თავისუფალი ნების მოჩვენებითობა — მატერიალიზმის უცილობელი შედეგია. ესაა მსოფლმხედველობა, რომელიც თქვენგან ითხოვს ილუზიად გამოაცხადოთ არა მხოლოდ ლოცვისა და ღმერთთან ურთიერთობის მისტიკური გამოცდილება, არამედ თავისუფალი ნების ყოველდღიური გამოცდილებაც. მაშ ამ შემთხვევაში ვინ იტანჯება ილუზიისაგან? დოკინზმა ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა ეს მსჯელობა:” ილუზორული არსი ჩემს შიგნით, რომელსაც საკუთარ “მე”-დ ვთვლი”. მაგრამ ეს “მე”ვინღაა, რომელიც შეცდომით თვლის “თავს” საკუთარ “მედ”?ილუზია, რომელიც ილუზიისაგან იტანჯება? თანმიმდევრობითი მატერიალიზმი გვაიძულებს უაზროდ ჩავთვალოთ არა მარტო თეოლოგიური მსჯელობანი, არამედ ზნეობრივიც — ხომ სისულელეა წაუყენო მორალური პრეტენზიები ფიზიკისა და ქიმიის კანონებს. ამაზე წერს კიდეც დოკინზი თავის ერთ-ერთ სტატიაში, სადაც განმარტავს, რომ განრისხდე არამზადაზე (რომლის ქმედებები ბუნების კანონებითაა დტერმინირებული, ისეთივე სისულელეა, როგორც მრისხანების ჟამს ურახუნო მანქანას, რომელიც არაფრით იქოქება.

მართალია, ეს მას (და სხვა მატერიალისტებსაც) ხელს სულაც არ უშლის გამოთქვან ზნეობრივი პრეტენზიები და მძაფრი რეაგირება მოახდინონ მორწმუნეთა ცოდვებზე. შეუთავსებლობაა, არა? მაგრამ როგორ შეიძლება წაუყენო მოთხოვნები ლოგიკურ შეუთახმებლობაზე პროცესს, რომელიც მთლიანად ფიზიკისა და ქიმიის კანონებით განისაზღვრება? როგორ შეიძლებაა გააზრებულ დისკუსიაში შეხვიდე ასეთ პროცესთან?
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში ილუზორულია ნებისმიერი მსჯელობა საერთოდ, მათ შორის ზემოთმოყვანილიც, — ავტორი ხომ ამ დასკვნამდე მივიდა, საკუთარი აზროვნებისა და თავისუფალი ნების გამოყენებით, მაგრამ ნება ხომ ილუზორულია, ხოლო აზროვნება მთლიანად დეტერმინირებულია ბუნების კანონებით.

მატერიალიზმის საოცარი წინააღმდეგობრიობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები რაციონალური მსჯელობის მიმართ თავის ნიჭს იყენებენ იმისათვის, რათა წინ წამოსწიონ იმ სამყაროს სურათი, რომელშიც ჩვენი აზროვნება და ქმნადობის აქტები მთლიანად განისაზღვრება გარერაციონალური და გარეპიროვნული მიზეზებით, რადგანაც თვით აზროვნება და ქმნადობა ილუზიაა და სხვა არაფერი.

მაშ რაღაა ის ექსპერიმენტები, რომელიც “ამტკიცებს”, რომ თავისუფალი ნება ილუზორულია? პარადოქსი იმაშია, რომ მათ რომ ეს “დაემტკიცებინათ”, ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვეღარ დაამტკიცებდა — რადგანაც რომ მიიღოთ მტკიცებულება და გადახედოთ თქვენს შეხედულებებს, უნდა შეასრულოთ აზროვნებისა ( რომელიც სავსებით დეტერმინირდება მატერიალური მიზეზით) და თავისუფალი ნების აქტი, რომელიც თქვენ არ გაქვთ!

ეს იგივეა, რაც ადამიანმა ამტკიცოს, არ ვარსებობო — ამ შემთხვევაში ვის უმტკიცებთ? როგორ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ოპონენტის გონებასა და ნებას, თუკი ესეც და ისიც — ილუზიაა, დაბადებული ძალიან რთული, მაგრამ წმინდა მატერიალისტური პროცესებით თავის ტვინის ქერქში — უარესიც -, თქვენი საკუთარი აზროვნება და ნებაც ასევე ილუზორულია, არა?

მაშ რაღას ამტკიცებს ექსპერიმენტები? უკეთეს შემთხვევაში — თუკი მათში არანაირი სხვა შეცდომა არაა -რომ ჩვენ ვრეაგირებთ სტიმულებზე. რა თქმა უნდა, სტიმულს შეუძლია გამოიწვიოს სურვილი — საჭმლის სუნს, როცა მშია, შეუძლია გამოიწვიოს ჭამის სურვილი, გონივრულ რეკლამას — საქონლის ყიდვის სურვილი, ან უფრო მარტივად ვთქვათ — ჩემსკენ გამოსროლილი საგანი მაიძულებს ავიცილო ის. მაგრამ ეს ვერაფრით ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის გადაწყვეტილებები სტიმულით განისაზღვრება — მე შემიძლია გადავწყვიტო და არ ვჭამო, არ ვიყიდო და არც გვერდი ავუქციო.

ექსპერიმენტის ჩატარება ძვირადღირებული აღჭურვილობის გარეშეც შეიძლება — ვთქვათ, მივდივარ ღვეზელების დახლს გვერდით და ვგრძნობ გამომცხვარის სურნელებას. ჩემს ტვინში ავტომატურად წარმოიქმნება შესაბამისი რეაქცია — ვიყიდო ღვეზელი და წავიხემსო, თანაც ეს რეაქცია სტიმულზე იმის გამო ჩნდება, როგორადაც მე აღვიქვამ. მივდივარ და ვყიდულობ ღვეზელს. “ვაშა!” — წამოიძახებენ ბრიტანელი მეცნიერები, ბინოკლით რომ მაკვირდებიან, — ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს! ტვინის მდგომარეობა წინ უსწრებს შეგნებულ გადაწყვეტილებას!” ნუთუ მართლა? და რას იტყვით, თუკი მე მივიღებ გადაწყვეტილებას და არ ვიყიდი ღვეზელს? რადგანაც საკვების სუნზე ავტომატური რეაქციის წარმოშობა არ ნიშნავს იმას , რომ ჩემი გადაწყვეტილებაც ავტომატურია — მე, იქნებ, გადავწყვიტე, რომ ღვეზელი — არაჯანსაღი საკვებია და სჯობს სახლამდე მოვითმინო.

მეცნიერული მეთოდი, სილამაზე და დახვეწილობა
მაგრამ მოდით გადავეშვათ დუალისტური ილუზიის მორევში — ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვარსებობთ, როგორც პიროვნებები, რომელთაც შესწევთ უნარი არაილუზორული აზროვნებისა და ქმნადობისა. განვიხილოთ მტკიცებულება ღმერთის არარსებობის შესახებ, რომელიც წამოსწია დოკინზმა — და რომელიც ბევრს სარწმუნოდ ეჩვენება:” რატომ აფუჭებთ ლამაზ და დახვეწილ თეორიულ ნაგებობას, რომელიც აღწერს ხილულ მატერიალურ სამყაროს, გაუგებარი ღმერთით, როდესაც ყველაფერი ისედაც ადვილად იხსნება დეტერმინიზაციის პრინციპებით, პარალელური სამყაროების არსებობით და ა.შ.”

რაშია აქ შეცდომა? ნებისმიერი გამონათქვამი რომ გავიგოთ — და მისი ღირსებაც შევაფასოთ — უნდა განვიხილოთ მაში გამოყენებული ტერმინები (რას აღნიშნავს ესა თუ ის სიტყვა) თუ წინაპირობანი — რა იგულისხმება მათში ანუ რა არ ითქვა. წინაპირობები კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამას ერთი ძველი ანეკდოტი გვახსენებს:
“ღამით კარზე კაკუნია.

ეკითხებიან :” -მასპინძელო, შეშა არ გინდათ?”

პატრონი პასუხობს — :”არა- არ გვჭირდება” .

..დილით იღვიძებენ — ეზოში შეშა აღარაა”.

პატრონები იმ განზრახვით ამბობენ უარს, რომ ჰგონიათ, ვიღაც შეშას ყიდის. ხოლო მათი ღამის სტუმრები გულისხმობენ — შეუძლიათ თუ არა წაიღონ შეშა.ხოლო დოკინზი ( და ვინც მის არგუმენტს სარწმუნოდ მიიჩნევს ) რაღა წინაპირობით გამოდის?

დავიწყოთ სიტყვით “რატომ” — რას გულისხმობს იგი ? დოკინზი საყვედურობს თავის ოპონენტებს, რომ ისინი აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც საჭირო არაა. მაგრამ ნებისმიერი “რატომ” გულისხმობს რაღაც მიზანს. რიტორიკული კითხვა “რა საჭიროა აქ ტომოგრაფი?” გულისხმობს რაღაც კონტექსტს ‘აქ ანუ ” სად? და რა მიზნით?
ნებისმიერი მსჯელობა იმის შესახებ, რომ რაღაც “საჭიროა” ან “არაა საჭირო” ყოველთვის გამომდინარეობს რაღაც “რისთვის”-გან. რა მიზანი აქვს მხედველობაში დოკინზს? მისი მსჯელობებიდან გამომდინარე, მისი მიზანია — “აღწეროს მატერიალური სამყარო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამით ახსნას ყოველივე”. მაგრამ მოდით დავაზუსტოთ ტერმინების მნიშვნელობა — რა არის “აღწერა” და “ახსნა-განმარტება”? მოვიყვან მაგალითს. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის აღწერა ქიმიის თვალსაზრისით — და აქ, თვით ყველაზე შინაარსიანი ადამიანიც კი 70% -ით წყლისაგან შედგება. ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ იგი მისი შესახედაობით — სიმაღლე, კანის, თმის , თვალების ფერი, განსაკუთრებული ნიშან-თვისებები. მედიცინის თვალსაზრისითაც შეგვიძლია აღვწეროთ — მას სჭირს რაღაც დაავადება, კუჭი წესრიგში არა აქვს, ხოლო გული მშვენივრად მუშაობს.

ან აღვწეროთ მისი ბიოგრაფია და პირადი მიღწევები. აღვწეროთ მისი გამოცდილებანი, რომელიც დაუგროვდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის განმავლობაში — არის ის პატიოსანი ადამიანი თუ, პირიქით, თაღლითია და ა.შ. ჩვენი აღწერილობა იმაზეა დამოკიდებული, რა მიზანს ვისახავთ — რა გვინდა ამ ადამიანისგან? ვიპოვოთ და დავაპატიმროთ? ვუმკურნალოთ? სამუშაოზე ავიყვანოთ? რა თეორიული აგებულებაა აქ “საკმარისი” ამ ადამიანის აღწერილობისათვის? ეს ჩვენი მიზნებით განისაზღვრება.
ქიმიკოსი და ხელოვნებათმცოდნე სხვადასხვანაირად აღწერს სურათს — ქიმიკოსი მოგვიყვება საღებავის შემადგენლობაზე, ხელოვნებათმცოდნე — იმაზე, რა უნდოდა ეთქვა მხატვარს, მისი ხატვის სტილზე რამ იქონია ზეგავლენა და ა.შ. რომელი აღწერილობა იქნება საკმარისი? გააჩნია რა გინდათ რომ უყოთ ამ სურათს — ჩაწვდეთ მას თუ შექმნათ სპეციალური საცავი მის შესანახად.

ზუსტად ასევე მატერიალური სამყაროს ჩვენეული აღწერილობა იმაზეა დამოკიდებული, რა მიზანს ვისახავთ. თუკი საკითხს ასე დავსვამთ — “როგორ გადადის მატერია ერთი მდგომარეობიდან მეორეში ბუნების ჩვენთვის ცნობილი კანონებისდა მიხედვით” — მაშინ ასეთ აღწერილობას ღმერთის ხსენება არც სჭირდება. ზუსტად ისევე, როგორც სურათზე საღებავების ქიმიური შემადგენლობის აღწერილობა სრულიად არ საჭიროებს მხატვრის ვინაობისა და მისი სურათის შინაარსის ხსენებას. მაგრამ ქიმიკოსი, რომელიც გააცხადებს რომ აქ არაფერია, გარდა ქიმიისა, და ნუ გააფუჭებთ ჩემს უმშვენიერეს ქიმიურ აღწერილობას “მხატვარზე” საუბრებით, ნუ ახსენებთ “დიადი რენესანსის სტილს” და სხვა, ქიმიის თვალსაზრისით, უაზრო რამეებს” — ის ნამდვილად შეცდება. ასევე ცდება დოკინზიც(და მისნაირებიც) , როდესაც ამტკიცებს, რომ მატერიის აღწერილობა მისი მოძრაობიდან გამომდინარე ამ მოძრაობის მიზნებსა და მიმართულებას რაღაცნაირად აკნინებს.

რა არის “ახსნა-განმარტება”? განმარტო — ნიშნავს მიუთითო მიზეზები, რომელთა გამოისობით რეალობის ესა თუ ის ელემენტი სწორედ ასეთია და არა სხვანაირი. მაგალითად, ევოლუციის თეორია განმარტავს, თუ რატომ აქვთ ჟირაფებს გრძელი კისერი, მაგრამ თუ შეუძლია მას ახსნას, რატომ დაწერა პუშკინმა ლექსი “მახსოვს უმშვენიერესი წამი”? არა? რატომაც არა, ძალიან კარგადაც შეუძლია.

ბიოლოგიის თვალსაზრისით, პუშკინი — ძუძუმწოვარი მამრია, რომელსაც რეპროდუქტიული ასაკის მდედრის ყურადღების მიქცევა სურდა; მსგავსად იქცევიან მაკაკებიც და ფარშევანგებიც, მხოლოდ ესაა, რომ პოეზიის ნაცვლად ბუმბული და კუდები აქვთ. მართებულია თუ არა ასეთი ახსნა? დიახ, პუშკინი მართლაც ძუძუმწოვარი მამრია, ამას ძნელია შეეწინააღმდეგო. განიცდიდა თუ არა ის სქესობრივ ლტოლვას ანა კერნის მიმართ, რომელიც დარვინის ევოლუციის თანახმად, მასში მილიონობით წლის წინ იყო ჩადებული? დიახ, რაღაც ამდაგვარს ჰგავს, მართლაც განიცდიდა. ძუძუმწოვრები ასეთნი არიან. რატომღა გავაფუჭოთ ლამაზი და დახვეწილი თეორიული ნაგებობა, რომელიც პუშკინის ქცევას აღწერს, გაუგებარი “რუსული და მსოფლიო ლიტერატურით” , “პუშკინის პირადი ისტორიით”, “მისი პირადი დამოკიდებულებით ანა კერნის მიმართ’”, როდესაც ყოველივე შეგვიძლია მშვენივრად ავხსნათ ბიოლოგიის ჩარჩოებში?

ალბათ იმიტომ, რომ “საოცარი წამის” დაყვანა ბიოლოგიამდე კატასტროფულად არასრულ აღწერილობას გვაძლევს — კადრს მიღმა რჩება რეალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. სწორედ ასევე სამყაროს საბუნებისმეტყველო-მეცნიერული აღწერილობა ზუსტია — მაგრამ არავითარ შემთხვევაში სრული. სამეცნიერო მეთოდის ჩარჩოებში ჩვენ არ ვსაუბრობთ ღმერთზე — ზუსტად ისევე, როგორც ქიმიის ჩარჩოებში არ ვსაუბრობთ ფერწერაზე. მაგრამ ეს მეთოდების ჩარჩოების საკითხია, და არა ღვთის არსებობისა თუ არარსებობის.

თუკი ვეცდებით ეს შეცდომა ერთი ფრაზით აღვწეროთ, მაშინ ეს იქნებოდა აღრევა მეთოდოლოგიური და ონთოლოგიური მსჯელობებისა. მეთოდოლოგიური მტკიცებულებანი, როგორც ეს თვით სიტყვიდან გამომდინარეობს, განეკუთვნება მეთოდს, იმას, თუ როგორ ვწყვეტთ ამა თუ იმ ამოცანებს.
სამეცნიერო მეთოდი არ ითხოვს, რომ გამუდმებით ღმერთს მოვუწოდებდეთ — ის ითხოვს რწმენას სამყაროს წესრიგზე, მაგრამ მისი პრაქტიკული გამოყენება ათეისტსაც შეუძლია. მეცნიერული მეთოდი განიხილავს ბუნებას, როგორც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჩაკეტილ სისტემას, რომელსაც უპიროვნო კანონები განაგებენ. ის, რაც ამ სისტემის მიღმაა — მეთოდის მიღმაცაა.
ონთოლოგიური მტკიცებულებანი რეალობას ეხება, იმას, რაც სინამდვილეში არსებობს. მეთოდოლოგიური თეზისიდან “ჩვენ არ მივმართავთ ზებუნებრივ ძალებს მეცნიერული თეორიის აგებისას’ არ გამომდინარეობს ონთოლოგიური თეზისი “ზებუნებრივი არ არსებობს”.

ზუსტად ისევე, როგორც სამედიცინო დიაგნოზი შეიძლება იყოს ზედმიწევნით ზუსტი და, ამასთან, არც კი ახსენოს პაციენტის ოჯახური სტატუსი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს სტატუსი არა აქვს! მეთოდის მიღმა მდებარე რაღაციდან , რასაც ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყენებთ, სულაც არ გამომდინარეობს, რომ ეს რაღაც რეალობის მიღმაცაა.

ძალიან კარგი ბინოკლი მაქვს, რომლითაც რადიოტალღებს ვერ ვხედავ — ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რადიოტალღები არ არსებობს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ბინოკლი მათ აღმოსაჩენად არ ვარგა.

სილამაზისა და ჭეშმარიტების ფასი

მივაქციოთ ყურადღება სხვა სიტყვებს, რომელთაც იყენებს დოკინზი — “ლამაზი” და “დახვეწილი”, მეტიც. ის გულისხმობს, რომ “სილამაზე” და “დახვეწილობა” ღირებულებას ფლობს და მათი გაფუჭება არასწორია. მაგრამ თუკი ვსაუბრობთ “ლამაზსა “ და “მართებულზე”, სამეცნიერო მეთოდის საზღვრებიდან გავდივართ.
მეცნიერებას არაფრის თქმა არ შეუძლია ფასეულობებზე — მარტო ფაქტებზე. ამას ყურადღება მიაქცია ჯერ კიდევ დევიდ იუმმა მე-18 საუკუნეში — და მის მიერ შემოტანილი პრინციპი დღემდე ატარებს საშინელ სახელს ‘იუმის გილიოტინა”. თუკი “არსებობს” (ემპირიული ფაქტები სამყაროზე) ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეც “უნდა იყოს”(რაღაც ფასეულობები და ვალდებულებები).

უნდა ითქვას, რომ დოკინზი ფართოდ იყენებს ღირებულებით-დატვირთულ ენას. მოვიყვან ვრცელ ციტატას:’ მე ვფიქრობ, რომ ეს ლამაზია, იმდენად მშვენიერია, რომ თითქმის შეუძლებელია დაჯერება, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენს პლანეტაზე, ან იქნებ სხვა მილიარდობით პლანეტაზეც, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე უტყუარად, — რაღაც მომენტში ფიზიკის კანონები ისე დალაგდა, რომ ატომების შეჯახებით წარმოიშვა ის, რაზეც ვერც ერთი ფიზიკოსი იოცნებებდა — გაჩნდნენ ჩვენი მსგავსი არსებები, მცენარეები, ხეები, კენგურუ, მწერები და ჩვენ თვითონაც.

წარმოიშვა მატერიის გროვა, ატომების გროვა, რომლებიც მარტო პასიურად კი არ ემორჩილებიან ნიუტონის კანონებს — ისინი მათ, რა თქმა უნდა, არ არღვევენ — მაგრამ ემორჩილებიან არა პასიურად, არამედ მოძრაობენ, ხტიან, ნადირობენ, დარბიან, ჯვარდებიან, ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ გვეხება — და ეს სავსებით გასაოცარია, რომ ეს მოხდა!”

მაგრამ დოკინზის სამყაროში რა იგულისხმება სიტყვებში “ეს მშვენიერია” , “ეს გასაოცარია’? იმისათვის, ვისაც შემოქმედის სჯერა, სამყარო შექმნილია მხატვრის მიერ, რომელსაც ურჩევნია სილამაზე და არა სიმახინჯე, წესრიგი და არა ქაოსი. ის, ვინც დაგვაჯილდოვა ნიჭით ვუცქიროთ ამ სილამაზეს და დავტკბეთ მისით. როგორც მეფსალმუნე ამბობს,”რაკი გამამხიარულე უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ “(ფს.91:5). როცა ვამბობთ “ეს მშვენიერია”, ჩვენ ღირსეულად ვაფასებთ ესთეტიკურ ღირებულებას, რომელიც ჩადებულია სამყაროში მისი შემქმნელის მიერ, აღტაცებული ვართ მისით, ვაღიარებთ რაღაც ობიექტურ რეალობას.
დოკინზის თვალსაზრისით კი, არავითარი აზრი სამყაროში არ დევს, როგორც ის წერს თავის წიგნში “ბრმა მესაათე” : ”ჩვენს სამყაროს სწორედ ისეთი თვისებები გააჩნია, როგორიც უნდა გააჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი მას საფუძვლად არ უდევს არავითარი ჩანაფიქრი, არც მიზანი, არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება, არაფერი, გარდა ბრმა, სასტიკი გულგრილობისა”.

მაშ რატომღა აღმოხდება ასეთი სამყაროს ხილვისას წამოძახილი “მშვენიერია”, “საოცარია”? მასში ხომ არაფერია, რაც უნდა ღირსეულად შევაფასოთ — მასში მხოლოდ ფაქტებია, მაგრამ არა ღირებულებები. აღტაცების სუბიექტური განცდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, — მაგრამ ის ილუზორულია იმ თვალსაზრისით, რომ რეალობასთან არანაირი შეხება არა აქვს.

დავაზუსტებ, რაზეა საუბარი: აღტაცების ჩვენეული გრძნობა შეიძლება აღმოჩნდეს ყალბი, ცრუ, ილუზორული. ნარკოტიკებით მოწამლულ ადამიანებსაც შეუძლიათ აღტაცებული იყვნენ — მაგრამ ეს მოწამვლის შედეგია, ბოროტი ილუზიაა. თუმცა ის ჭეშმარიტიც შეიძლება იყოს — შეიძლება აღვფრთოვანდეთ იმით, რაც აღტაცების ღირსია ხელოვნების დიადი ნიმუშით, მაგალითად.

დოკინზის სამყაროში კი ნებისმიერი აღტაცება ილუზიაა — სამყაროში უბრალოდ არაფერია “უმშვენიერესი” და “ჯანსაღი” – “არანაირი ჩანაფიქრი ან მიზანი, არც სიკეთე, არც ბოროტება, არაფერი, გარდა ბრმა, სასტიკი გულგრილობისა”.

როდესაც აფასებს რამეს, დოკინზი აშკარად ვარდება თავისივე შექმნილი სამყაროს სურათის ჩარჩოებიდან — თუმცა ძნელია უსაყვედურო. როდესაც ჩვენ აღტაცებული ვართ ანდა ვმრისხანებთ, ვაქებთ თუ ვაძაგებთ, ვკამათობთ თუ ვეთანხმებით, უბრალოდ, როცა ვაზროვნებთ — ჩვენ უცილობლად ვცდებით თანამიმდევრული მატერიალიზმის ჩარჩოებს.

ავტორი:სერგეი ხუდიევი