იეჰოვას მოწმეები და გამარჯვების დღე (რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები ჯარსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახურზე უარს)

იეჰოვას მოწმეები და გამარჯვების დღე (რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები ჯარსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახურზე უარს)

ინტერნეტში მწვავე დისკუსიებს იწვევს იეჰოვას მოწმეთა პოზიცია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ამ სტატიაში გვსურს იეჰოვას მოწმეთა პოზიციის არათანმიმდევრულობა და მათი მხრიდან ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები გავაშუქოთ. ამისათვის მათ ყველაზე გავრცელებულ არგუმენტებს შევეხებით.

2002 წელს იეჰოვას მოწმეებმა სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალ „გამოღვიძების“ მთელი ნომერი მიუძღვნეს. ჟურნალი ასეთ სიტყვებით იწყებოდა: „როგორი იქნებოდა სამყარო, საზოგადოებრივი წესრიგი რომ არავის დაეცვა? იცით, რა მოხდა 1997 წელს ბრაზილიის ქალაქ რესიფიში, როდესაც 1800 პოლიციელმა გაფიცვა მოაწყო და მილიონზე მეტი ადამიანი დაცვის გარეშე დატოვა? ამ ქალაქში ხუთი დღე ქაოსი იყო, წერდა გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. მკვლელობების რიცხვა სამჯერ იმატა, რვა ბანკი გაიძარცვა; მძარცველები მდიდარ უბნებს აყაჩარებდნენ; არავინ იცავდა საგზაო მოძრაობის წესებს. […] მომატებული კრიმინალის გამო მორგები გადაივსო, უმსხვილეს სახელმწიფო საავადმყოფოში კი, საწოლების უკმარისობის გამო, სროლისა და ცივი იარაღის მსხვერპლნი პირდაპირ იატაკზე იწვნენ კარიდორებში. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომამგვარი უკანონობა ქვეყანას ჯერ არ უნახავს“ („გამოღვიძება», 8.07. 2002, გვ. 2-4 /რუს. ენ./).

ამ ჟურნალის მკითხველთა სრულიად ლოგიკური რეაქცია, რომელიც ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ასე ჟღერდა: „როდესაც სამართალდამცავ ორგანოებზე წავიკითხე სტატია, გამიჩნდა კითხვა: მისაღებია თუ არა იეჰოვას მოწმისათვის ამგვარი პროფესია? ზოგ შემთხვევაში ხომ იარაღის ხელში აღება ან ვიღაცის მოკვლა მოგიწევს?“ (ჯ. ს. ავსტრალია).

გამოიღვიძების“ პასუხი: ამ სტატიების სერიაში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ზოგიერთი დადებით მხარე გაშუქდა, ისინი ხომ წესრიგს იცავენ და სხვა სასარგებლო ფუნქციებსაც ასრულებენ. იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა თავს არიდებს სამსახურს, რომელიც იარაღის ტარებას მოითხოვს, რადგან მათ არ სურთ არავისი მოკვლა და სისხლის ღვრაში მონაწილეობა wol.jw.org/ru/wol/bc/r2/lp-u/102003130/0/0: გამ. 20:13; wol.jw.org/ru/wol/bc/r2/lp-u/102003130/0/1: მათე 26:51, 52)» (wol.jw.org/ru/wol/pc/r2/lp-u/1200274533/32/0: g03 22/2 30). ჟურნალის რედაქციის პასუხი ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს სახელმწიფოში ძალოვანი სტრუქტურების აუცილებლობა კარგად ესმით, მაგრამ ამავე დროს, მათ მიუღებლად მიაჩნიათ იარაღით ხელში სამსახური [1]. რამდენად მისაღებია ასეთ პოზიცია? ისმის კითხვა: როგორ შეუძლია კეისარს განახორციელოს ღმერთის მიერ ბოძებული უფლება ბოროტმოქმედთა იარაღით დასჯისა (რომ. 13: 1-7, 1 პეტ. 2:14), თუ ქვეშევრდომები რელიგიური შეხედულებების გამო უარს იტყვიან სამსახურზე? რათქმაუნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ უარის მთქმელნი ყოველთვის უმცირესობაში არიან, ამიტომ მათი პოზიცია სახელმწიფოსთვის ფატალური არ იქნება. მაგრამ ეს არგუმენტი ზნეობრივად ყალბია. მას საფუძვლად უდევს პოზიცია, რომ უარის მთქმელი თავის სულიერ და ზნეობრივ კომფორტს სხვის ხარჯზე უზრუნველყოფს. სხვისი ცოდვის ხარჯზე წმინდანი ვერ იქნები. ამასთან, არც თუ ისე რთულია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც უარის მთქმელთა რიცხვი კრიტიკული გახდება.

არგუმენტი 1. წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში უარის იეჰოვას მოწმეთა ძირითადი არგუმენტის საფუძველია სახარებისეული მოწოდება, — ვიყოთ არა ამ ქვეყნისანი. აქ შინაგანი წინააღმდეგობაა, რადგან როდესაც იეჰოვას მოწმეები ამ სახარებისეულ პოსტულატს თავისი ხედვით ავრცელებენ (არ იმსახურონ ჯარსა თუ პოლიციაში, არ მისცენ ხმა არჩევნებზე, არ დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობები და ა.შ.), ისინი ფაქტიურად თავად არიან ამა ქვეყნის ნაწილი. ისინი სრულად სარგებლობენ სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის, სამართალდამცველთა მიერ მათი სიცოცხლის დაცვით და ამავდროულად სურთ, რომ არა ამ ქვეყნისანი იყვნენ. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები, ისინი უცხო სახელმწიფოებსაც მიმართავენ დახმარებისათვის, თუ რომელიმე ქვეყანაში მათი საქმიანობა იზღუდება. ეს არის ზნეობრივად ყალბი და არათანმიმდევრული პოზიცია. ქრისტეს მაგალითისადმი აპელაცია ხელოვნურია, რადგან ქრისტე, იეჰოვას მოწმეთაგან განსხვავებით, თანმიმდევრული იყო: მას არც ქონება ჰქონდა, არც მოქალაქეობა; ის არ მიმართავდა სასამართლოებს და არ სთხოვდა სახელმწიფოს დახმარებას. წუთისოფლისგან ნამდვილი განდგომა მხოლოდ საზოგადოებიდან წასვლაა, როგორც მაგალითად, ბერ-მონაზვნობა.

არგუმენტი 2. ჩვენ პავლე მოციქულის მაგალითით შემოგვედავებიან, რომელიც რომის მოქალაქე იყო და სარგებლობდა თავისი უფლებებით. მაგრამ პავლე მოციქულს არ აქვს იეჰოვას მოწმეთა მაგვარი პოზიცია წინააღმდეგობის არ გაწევის თაობაზე. პავლე მოციქულმა ხელისუფლება ღმერთისგან დაწესებულად გამოაცხადა და სახელმწიფომ იარაღის ძალა უნდა გამოიყენოს ბოროტმოქმედთა დასასჯელად (რომ.: 13, 1-7). მოციქული რომაელ ასისთავს, კორნილიუსს, უქადაგებდა და არ სთხოვდა მას ნათლობის მისაღებად სამსახურზე უარის თქმას (საქმე. 10). არც სატუსაღოს მცველისთვის ქადაგებისას არ მოუთხოვია მისთვის სამსახურის მიტოვება (საქმე, 16). არც პროკონსულისთვის უთქვამს, რომ მისი პოლიტიკური თანამდებობა სარწმუნოებასთან შეუთავსებელია (საქმე. 13, 1-12). ცხადია, რომ პავლე მოციქულისთვის ქრისტეს ეს მცნება სოციალურ მარგინალობას არ ნიშნავს. ახალი აღთქმის ენაზე, „არა ამ ქვეყნისაგან“, პირველ რიგში, ცოდვისადმი შინაგან დამოკიდებულებას ნიშნავს: „ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი — გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის“ (1 იოან. 2:16).

არგუმენტი 3. ყველა რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებდეს, ომები არ იქნებოდა. ეს არგუმენტი — უტოპიური ლოგიკის მაგალითია. ანუ, იეჰოვას მოწმეები ამით ამბობენ, რომ ცათა სასუფეველი შეიძლება ღმერთის გარეშეც დადგეს. ქრისტე გვაფრთხილებდა, რომ დედამიწაზე ომები ყოველთვის იქნება: „გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ“ (მათე. 24, 6-7). ამის მიზეზი იმაშია, რომ ბოროტი ნების ადამიანები დედამიწიდან არასოდეს გადაშენდებიან, სანამ საშინელი სამსჯავრო არ დადგება.

არგუმენტი 4. იეჰოვას მოწმეთა ყველაზე გავრცელებული არგუმენტი, რომლითაც ისინი სახელმწიფოსგან დაცვისა და მომსახურების მიღებას ამართლებენ გადასახადების გადახდაა. ასეთი მიდგომა შინაგან არათანმიმდევრულობას ამჟღავნებს. მაგალითად: იეჰოვას მოწმეთა გადასახადები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აბორტებზეც იხარჯება, თუმცა თავად მოწმეები აბორტს არასოდეს მიმართავენ, რადგან აბორტი მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნიათ. ამ შემთხვევაში მათ ესმით, რომ გადასახადების გადახდა მათ არ აძლევთ სახელმწიფოსგან აბორტით სარგებლობის უფლებას, მაგრამ შეიარაღებული პოლიციისა და სასამართლოების მომსახურების შემთხვევაშ მათი პოზიცია იცვლება. თავად მოწმეები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა თავად პოლიციაში არ იმსახურებენ და არ იმუშავებენ მოსამართლეებად, რადგან ეს საქმიანობა ცოდვილად მიაჩნიათ.

არგუმენტი 5. ნეიტრალიტეტის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი შემდეგია: სახელმწიფოები ჯარსა და პოლიციას საკუტარი ინტერესებისთვის უკანონოდ და უსამართლოდ იყენებენ. მართლაც, ომები უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ელიტების გამდიდრების წყაროდ იქცა, ძალას კი ხელისუფლება ხშირად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. მაგრამ აქ მოქმედებს ლოგიკის მარტივი წესი: Abusus non tollit usum (ლათ. ბოროტად გამოყენება არ გააუქმებს მოხმარებას). წამლების ბოროტად გამოყენება არ აუქმებს ფარმაკოლოგიას. ეს არ ნიშნავს, რომ ზნეობრივმა ადამიანმა დანაშაულებრივი ბრძანებები უნდა შეასრულოს. სინდისის კარნახით ის უარს იტყვის მათ შესრულებაზე და ამისათვის უსამართლოდ დაისჯება. ზუსტად ასეთ პარადიგმაში ხორციელდებოდა ქრისტიანთა სამხედრო სამსახური საუკუნეების განმავლობაში.

არგუმენტი 6. რანაირად შეიძლება გამოვიყენოთ იარაღ მოყვასის წინააღმდეგ, როდესაც ქრისტე ამბობს: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას“ (მათე: 5, 39). პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტე აქ პირადი ეთიკას გვაძლევს და არა სოციალურს. ამიტომ, პირადი ეთოსის საზოგადოებრივ ურთიერთობებზე მექანიკური პროექცია მცდარია. თუ „ნუ აღუდგებით წინ ბოროტს“ ნიშნავს იმასაც, რომ ბოროტება არ ავღკვეთოთ იარაღის ძალით სოციუმის კონტექსტში, მაშინ გამოდის, რომ პეტრე და პავლე მოციქულებს, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ხელისუფლება არის „რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ“ (რომ. 13, 4; 1 პეტ. 2, 14), ქრისტეს სწავლება არ ესმოდათ. ისოტრიული და კონტექსტუალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქრისტეს ცნებები ეხებოდა პირადი შეურაცხყოფისა და წყენის თმენას: მარჯვენა ლოყაზე სილის გაწნა ტიპიური იუდეველური შეურაცხყოფა იყო და სულაც არ ისახავდა მიზნად ადამიანის დასახიჩრებას.

არგუმენტი 7. როგორ შეიძლება მივაყენოთ ტკივილი მტერს ან მოვკლათ იგი, როდესაც ქრისტე ამბობს: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (მათე. 5, 43-44)? ქრისტეს სიტყვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქრისტე აქაც პირადი წყენის გადატანას გვთავაზობს. მის იუდეველ მოწაფეებს ამ სიტყვებში უნდა გაეგოთ მოწოდება, გადაელახათ თავისი ეროვნული ჩაკეტილობა და გაეცნობიერებინათ, რომ მათ უნდა უყვარდეთ თავიანთი მტრები — სამარიტელები და წარმართები. ქრისტეს სიტყვები საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ მტრისადმი სიყვარული მტრის მსხვერპლისადმი სიყვარულს უნდა აღემატებოდეს. იმ სიტუაციაში, როდესაც მტრისადმი თუ მისი მსხვერპლისადმი სიყვარულს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მტრის სასარგებლო არჩევანი მის დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს.

არგუმენტი 8. ღმერთს ახლა არ ჰყავს რჩეული ერი და ის უშუალოდ აღარავის აძლევს სანქციას ომზე, ამიტომ ღმერთი ამა თუ იმ კონფლიქტში ვერავის მხარეზე ვერ იქნება. ჯერ ერთი, იმ დროსაც კი, როდესაც ისრაელი ღვთის რჩეული ერი იყო, ღმერთი მაშინაც კი ყოველთვის არ უჭერდა მხარს მათ ყველა ომს. მეორეც, ბოროტებისა და სამართლიანობის ცნებები რჩეული ერის ეპოქის დამთავრებასთან ერთად არ გამქრალა. ღმერთი უცვლელია და ამიტომ ის ახლა იმათ მხარეზეა, ვინც აშკარა ბოროტებას ეწინააღმდეგება. იმის მტკიცება, რომ ღვთის ნებით ქცევა მხოლოდ მისი პირდაპირი გამოცხადებებით შეიძლება, იგივეა, რომ ვამტკიცოთ, რომ ღმერთ არ გმობს მცნებების დარღვევას, რადგან მათი დარღვევისას ზეციდან ხმა არ ისმის.

ორგანიზებული საზოგადოების არსებობა და ფუნქციონირება, რომელშიც წესრიგი და კანონი უნდა სუფევდეს, შეუძლებელია სახელმწიფო სადამსჯელო ძალის გარეშე. არ სშიძლება, კეისრის ხმალს გმობდე და ამავდროულად ისარგებლო საზოგადოებით, რომელიც ამ ხმლის ხარჯზე არსებობს. „ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე. 26, 52) — ეს არის საღვთო სამართლიანობის პრინციპის და უსამართლოდ მოქნეული მახვილისთვის სასჯელის აღიარება და არა პაციფიზმი.

რათქმაუნდა, ზემოთქმული ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი აუცილებლად მეომარი უნდა გახდეს და სინდისის კარნახით იარაღის აღებაზე უარს ვერ ამბობდეს. ეკლესიის ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანები უარს ამბობდნენ იარაღის ხელში აღებაზე. მაგრამ აქ მთავარია: განვკითხავთ თუ არა მათ, ვინც აიღო ხელში იარაღი ბოროტების აღსაკვეთად და მოყვასის დასაცავად.

——

[1] ფორმალურად, იეჰოვას მოწმეს შეუძლია პოლიციაში მსახურება იარაღით ხელში, თუმცა ამ შემთხვევაში ის სულიერად მოუმწიფებელ ქრისტიანად ჩაითვლება, რომელსაც კრებაში მნიშვნელოვანი როლი ვერ ექნება („საგუშაგო კოშკი“, 1983 წ., 15 ივლისი). ფაქტიურად, მოწმეები, პოლიციაში არ მუშაობენ, რადგან სისხლის დაღვრის ეშინიათ.

არტემ გრიგორიანი

წყარო: https://stavroskrest.ru/content/svideteli-iegovy-i-den-pobedy