მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

ამ დღეებში, თანახმად ყოვლად უსამღვდელოესის ექსარხოსის ვლადიმირის განკარგულებისა, თბილისში მოიყრიან თავსა წარმომადგენელნი მთელი საქართველოს სამღვდელოებისა. ამგვარი საყოველთაო კრება დიდი ხანია აღარა ღირსებია ჩვენს სამღვდელოებასა. არც არქიეპისკოპოსის პავლეს დროსა და არც ყოვლადუსამღვდელოესი პალლადის ყოფნის ჟამს ესრედ წოდებული საეპარქიო კრება არ ყოფილა მოწვეული. ამისთანა სასულიერო კრება მოხდა მხოლოდ მიტროპოლიტის იოანნიკეს ექსარხოსობაში.

ეს იშვიათობა მთელის საქართველოს სამღვდელოების კრებისა ფრიად სამწუხარო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. რუსეთში საეპარქიო კრების გამართვა ბევრად უფრო ხშირია. გარნა ჩვენთვის იგი ერთი სამად და ოთხად უფრო საჭიროა, ვიდრე რუსეთისთვის. იქ ეპარქიებს მართავენ სასულიერო გვამნი, რომელთაც კარგად იციან ერის ენა, ლიტერატურა, ისტორია, წარსული და აწმდგომი თავისი სამწყსოსი და კარგად აქვთ შეგნებული მისი სასულიერო მოთხოვნილებანი. არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენში მეთაური საქართველოს ეკლესიისა მოკლებულია ამ სანატრელს ურთიერთობას თავის სამწყსოსთან. ამის გამო მართვა საქართველოს ეკლესიისა მისთვის ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე რუსეთის მთავარ-ეპისკოპოზებისთვის. მართალია, ცალკე სასულიერო პირთ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ და ტვირთი შეუმსუბუქონ საქართველოს ეკლესიის გამგებელსა; მაგრამ ცალკე პირმა იცის მხოლოდ ერთი ნაწილი სამწყსოსი, [იგი] ადვილად სცდება, ხშირად პირად ინტერესებს ეძიებს და გაადვილების მაგივრად უფრო უმძიმებს უიმისოდაც მძიმე მოვალეობის აღსრულებასა. სრულიად სხვა სამსახურის გაწევა შეუძლიან კრებას სამღვდელოებისას. მასში მონაწილეობას იღებენ ყოველი კუთხის მწყემსნი. იგი აღჭურვილია მთელის სამწყსოს ცოდნით, კარგად აქვს გათვალისწინებული მისი მდგომარეობა, მისი მოთხოვნილებანი და შეუძლიან დაასახელოს სწორედ ზედგამოჭრილი ღონისძიებანი მათ დასაკმაყოფილებლად. ამასთან იგი მოკლებულია ყოველს პირადს ანგარიშს და ხელმძღვანელობს მხოლოდ სამწყსოს სიკეთით, მისი წარმატებით, გაუკეთესოებით. აი, რად არის ფრიად სანატრელი, რომ ჩვენში ხშირად, ხუთს წელიწადში ერთხელ მაინც, მოხდეს ხოლმე მთელის საექსარხოსოს სამღვდელოების კრება.

ჩვენი მხრით გვსურს გავუადვილოთ წლევანდელს საეპარქიო კრებას თავისი რთული მოვალეობის აღსრულება და განვმარტოთ ზოგიერთი სასულიერო მოთხოვნილებანი, რომელთაც კაი ხანია ღაღადებით ითხოვენ დაკმაყოფილებასა.

აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს.

იმ სამწუხარო მოვლენას, რომ ქრისტიანობამ ჩვენში კანს ვერ გაატანა და ვერ გამეფდა სულსა და გულში, ბევრი მიზეზი ჰქონდა, შინაგანიც და გარეგანიც. ამ მიზეზების გარკვევას ჩვენ ახლა ვერ შევუდგებით. დავასახელებთ მხოლოდ იმისთანა მიზეზებს, რომლის თავიდგან აშორებაზედ შეუძლიან მსჯელობა იქონიოს საეპარქიო კრებამ და შესაბამისი გადაწყვეტილებანი დაადგინოს.

თბილისში გოლოვინის პროსპექტზედ, ფოჩტის სადგურის მახლობლად, არის ერთი მაღაზია წიგნებისა, დაარსებული ბრიტანეთის „დაბადების“ საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებას ერთადერთ მიზნად აქვს — ყოველს ენაზედ ბეჭდოს გასაგები ენით დაბადება და ჰფინოს მთელის დედამიწის ზურგზედ. ამ მაღალს დანიშნულებას საზოგადოება ემსახურება სწორედ ინგლისური მხნეობით. დედამიწის ზურგზედ არ მოიპოვება იმისთანა მოზრდილი ქალაქი, სადაც არ ჰქონდეს ამ საზოგადოებას თავისი საწყობი საღვთო წიგნებისა. დაბადება, საღმრთო წერილი მას გადათარგმნილი აქვს და დაბეჭდილი კაცობრიობის ყოველ ენაზედ, რომელიც კი ცოტაოდნად მაინც განვითარებულია და აქვს თავისი ანბანი. დიდს ფულსა ხარჯავს თარგმანში, ბეჭდვასა და საწყობების მართვაში ეს საზოგადოება. ამასთან დაბადებას და სახარებას ჰყიდის ისე იაფად, რომ არა კერძო გამომცემელს არ შეუძლიან ესა. ათასობით, ათი ათასობით იფინებიან მთელს კაცობრიობაში ამ საზოგადოების გამოცემანი და ჰქადაგობენ მაღალს სწავლას მაცხოვრის ჩვენისასა.

დიახ, როგორც მოგახსენეთ, ამ საზოგადოებას ჩვენს დედაქალაქშიც აქვს საწყობი დაბადებისა, სახარებისა. შევიდეთ შიგ და გავშინჯოთ ეს საწყობი. მთელი საწყობი სავსეა მწკრივად დაწყობილი წიგნებით, ლამაზად დაკაზმულით. აი პირველი მწკრივი. იგი იპყრობს დაბადებას რუსულს ენაზედ. აი მეორე მწკრივი. იგი შემდგარია დაბადებიდგან სომხურ ენაზედ. აი აგერ მესამე მწკრივი. აქ ალაგია დაბადება არაბულ ენაზედ. თქვენ აქ ნახავთ დაბადებას ფრანგულს, ნემეცურს, სპარსულს, ოსმალურს თუ სხვა ენებზედ. სომხურს ენაზედ თუ მოიკითხავთ სახარებას, გკითხავენ: რომელ სომხურზედ გნებავთ, ძველზედ, არარატულზედ თუ კონსტანტინოპოლურზედ? და რომელზედაც გინდათ, იმ ენაზე მოგართმევენ…. მხოლოდ ერთი ენის ჭაჭანება არ არის აქა. რომლისა? — სწორედ იმ ენისა, რომლის დედაქალაქი იყო, არის და, იმედია, იქმნება თბილისი. დიახ, დაბადება მხოლოდ ქართულს ენაზედ არ მოიპოვება საწყობში, არც ძველზე და არც ახალზედ. რა ამბავია, რომელი მიზეზის გამო? იქნება ეს ბრიტანეთის საზოგადოების ბრალი იყოს? სრულიადაც არა. თქვენ ამ საწყობში გეტყვიან ბევრი ვეცადენით ქართულს გასაგებ ენაზედ გადაგვეთარგმნა დაბადება, ერთს თქვენს დეკანოზს ათასი თუმანიც შევძლიეთ შრომის ფასათაო ამ ათის წლის წინედა, მაგრამ ხელი არავინ მოგვიმართა, არავინ დაგვეხმარა და ეს არის მიზეზი რომ აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია დაბადებას, წყაროს ქრისტიანობისას.

დიახ, სწორედ მოკლებულია. ამ ათის წლის წინად დაბეჭდილო დაბადება სათვალავში არ ჩაითვლება. პირველად, იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არამც თუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველს დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს დაბადება გადმოითაგმნა. უცხო ენაზედ კი დაბადება ისეა ნათარგმნი, რომ ყოველს წიგნის მცოდნეს შეუძლიან მისი გაგება. მეორედ, მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრ ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღდეგება ნამდვილს აზრსა; მესამედ, დაბეჭდვის დროს ზოგი ადგილი გამოშვებულია, მრავალი სიტყვა გადასხვაფერებული, დამახინჯებული და საზოგადოდ ისე დაუდევრად არის დაბეჭდილი, რომ სიმრავლეს კორექტურულის შეცდომებისა საშინელს ბრაზზედ მოჰყავს ყოველი ქართველი, რომელსაც კი უკითხნია ეს დაბადება; მეოთხედ, ფასი დიდი ადევს, სახელდობ ექვსი მანეთი, მაშინ, როდესაც უცხო ენაზედ დაბადება იყიდება ერთ-ორ მანეთად; მეხუთედ, უცხო ენაზედ დაბადება იბეჭდება წვრილი, გარკვეული კორპუსით; წიგნი გამოდის მორჩილი ტანისა და ადამიანს შეუძლიან ჯიბეშიც კი ატაროს მთელი დაბადება; ჩვენი დაბადების დაბეჭდვის დროს კი ყოველი ღონისძიება უხმარნიათ, რომ წიგნი გამოსულიყო დიდი; ფარღალალათ დაუბეჭდიათ უშველებელი ასოებთა; წიგნს ერთი სამად და ოთხად უმატნია, სასიხარულოდ სტამბისა და კორექტორისა და ისეთ ტლანქი სახე მიუღია, რომ ურმით თუ ატარებთ მას, თორემ სხვაფრივ არ შეიძლება. ამისთანა დაბადების ქონა უდრის არქონასა.

საჭიროა მთელი დაბადება გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ, დაიბეჭდოს იგი ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძლიერ მცირე, ხელმისაწვდომი ჩვენის ღარიბი ხალხისათვის. როცა ამისთანა დაბადება მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში. მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის.

მწყემსმა თავისი სამწყსოს ენა არამც თუ კარგად უნდა იცოდეს, უნდა დახელოვბნებული იყოს მის მარჯვე ხმარებაში, გავარჯიშებული მეტყველებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიან მას იყოს ჭეშმარიტი მქადაგებელი, მთესველი მაცხოვრის მაღალის სწავლისა, გამსპეტაკებელი თავისი სამწყსოს სულისა და გულისა. რა არის მღვდელი, მეტყველებას მოკლებული? არა მწყემსი, არამედ უსარგებლო მოჯამაგირე, მზგავსი უხმო მომღერალისა, მუნჯი მასწავლებლისა, უფრთო ფრინველისა, კუტი შიკრიკისა. ღმერთი მხოლოდ უკიდურეს შემთვევაში დაარღვევდა ხოლმე ბუნების კანონებს, მისგანვე დადგენილს, და იქმოდა სასწაულსა. რამდენად უკიდურესად საჭიროა მღვდელმა სრულიად იცოდეს თავისი სამწყსოს ენა, სჩანს იქიდან, რომ უფალმა მიოციქულების დროს დაარღვია ერთი ძირითადი კანონი ადამიანის ბუნებისა და სასწაულმოქმედებითი ერთბაშად აალაპარაკა სხვადასხვა ენაზედ მოციქულნი, რომელთაც იმ წამამდე იცოდნენ მხოლოდ თავისი სამშობლო ენა — ებრაული. ამით იმან მისცა ყოველს სასულიერო მთავრობას მცნება: ასწავლეთ, რაც შეიძლება უკეთესად, ხალხის ენა მოწაფეებს, რომელნიც მომავალში უნდა გახდნენ მისი სასულიერო მწყემსნი.

ეს მცნება ყველგან დედამიწის ზურგზედ მტკიცედ სრულდება ქრისტიანთა შორის, სრულდება ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. ყოველი ქრისტიანული სარწმუნოება მომავალს სასულიერო მამებს უპირველესად ყოვლისა ასწავლის ერის ენას, მის ისტორიას, ლიტერატურას, ყოფაცხოვრებასა, წარსულსა და აწმყოსა. ეს საგნები ითვლება მთავარ საგნებად ღვთისმეტყველებასთან ერთად და მათი ზედმიწევნით შეთვისება პირველს მოვალეობას შეადგენს მოწაფეთათვის.

ამ მსოფლიო მოვლენაში ერთადერთს გამოკლებას მთელს დედამიწის ზურგზედ შეადგენს მხოლოდ ქართული სემინარია, დაარსებული თბილისში. ეს სემინარია ქართულია მხოლოდ მიზნით — მოუმზადოს ქართველ ერს სულიერნი მწყემსნი. სხვა მხრივ კი ისეა მოწყობილი, თითქო აქ ქართველობის ჭაჭანება არ არის, თითქოს მიზნის მიუხწეველობა, წახდენა მის დანიშნულებას შეადგენს. აქ არამც და თუ არც ერთი საგანი არ ისწავლება ქართულს ენაზედ, თვითონ ქართული ენა მხოლოდ სახელით არსებობს. ჯერ ერთი ესა, რომ სამშობლო ენის და ლიტერატურის შესწავლა მდგომარეობს თითქმის მარტო იმაში, რომ საეკლესიო წიგნებს ძველს ქართულს ენაზედ კითხულობენ და თარგმნიან რუსულად. ამასთან საუბარი მასწავლებელს და მოწაფეთ შორის სწარმოებს არა ქართულ ენაზედ, არამედ რუსულზედ. მკვდარის ენების გაკვეთლებზედაც კი ყველგან ცდილობენ ამ ენებზედ ილაპარაკონ, და ქართული ცოცხალი ენა კი დამარხულია თავის საკუთარს გაკვეთილებზედ. ეს არც სადმე გაგონილა და არც სადმე ნახულა. ნაყოფიც შესაბამისი მოაქვს ამ წესსა, წინააღმდეგს ბუნებისა და ღთისა. ჩვენი სემინარიელები, შემდეგ ცამეტ-თოთხმეტის წლის სწავლისა და კურს დასრულებისა, იმდენად უმეცარნი არიან არამც თუ ქართულ მეტყველებაში, არამედ მეხნიკურს კითხვაში, რომ მათ გაცილებით სჯობიან უვიცი პრიჩეტნიკები. და რაც უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ, რომ ქართველი ერი მოკლებულია არა მარტო ქრისტიანულს ქადაგებას, არამედ რიგიანს წირვა-ლოცვასა, რიგიანს საეკლესიო კითხვასა და გალობასა, და ამის გამო ეძლევა თანდათან წარმართობასა და ზნეობით გახსწნასა.

სამართალი მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ამ ყოვლად შეუსაბამო წესის დადგენაში ახალი სასულიერო მთავრობა არაფერ შუაშია, რადგანაც იგი შემოღებულ იქმნა წინედ.

სამღვდელოების კრებამ უნდა ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამ დიდ ნაკლსა, რომელიც ნამდვილი ორგანული სენია, და სთხოვოს ყოვლადსამღვდელო ვლადიმირსა, რათა აზრი ბატონი მიტროპოლსკისა შესახებ ქართლის ენის ცალკე კათედრისა თბილისის სემინარიაში — განხორციელებული იქმნას და აგრეთვე საღვთისმეტყველო სახელმძღვანელონი დაიბეჭდონ პარალელური ქართული ტექსტით.

ყოველი სამღვდელოება იმდენად უფრო ძლიერია, რავდენიც უფრო მეტია მასში რიცხვი პირთა, რომელთაც მიუღიათ მაღალი სასულიერო განათლება. ევროპაში თითქმის მთელი სამვდელოება შესდგება პროფესორთაგან, რომელთაც დაუსრულებიათ უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. რუსეთში სასულიერო აკადემიაში ისე ბევრია კურსშესრულებული, რომ სოფლის სამრევლოებიც კი ნახევრობით მათ აქვთ დაჭერილი. ამ გზასვე ადგანან ჩვენი იღბლიანი და მარჯვე მეზობლები — სომხები. კაი ხანია მათ გახსნეს საკუთარი სასულიერო აკადემია ეჩმიაძინში, საიდანაც განათლებულნი ღვთისმეტყველნი ყოველს წელს ოცობით გამოდიან და ხდებიან ნამდვილი მწყემსნი თავისი ერისა. აქაც ჩვენ სავალალო გამოკლებას შევადგენთ. ჩვენი სასულიერო სემინარიიდან, რომელიც ერთადერთია მთელს საექსარხოსოში ან არ იგზავნება არავინა და თუ იგზავნება — თითო-ოროლა. ამის გამო ჩვენს სამღვდელოებაში ისეთ მცირენი არიან აკადემიელნი, რომ თითებზედ ჩამოთვლით. ეს ძლიერ აუძლურებს ჩვენს სამღვდელოებას, აღატაკებს თაოსნობით, გარკვეული აზრებით, მაღალი მისწრაფებით და აბუდრუგუნებს ვიწრო წრეში, გარემოცულში პატარა, ვიწრო გორიზონტით.

დიდად დაეხმარება ჩვენის სამღვდელოების გაძლიერებას ეპარქიული კრება, თუ იგი მიმართავს ყოვლად სამღვდელო ვლადიმირს თხოვნით, რომ მან კეთილ ინებოს და იშუამდგომლოს უმაღლეს მთავრობის წინაშე, რათა ჩვენი სემინარიიდგან ყოველ წლივ იგზავნებოდეს ყველა რუსულს სასულიერო აკადემიაში ორ-ორი სტუდენტი. რადგანაც რუსეთში ოთხი აკადემია, ამიტომ ყოველ წლივ რვა მოწაფე წავა მაღალი სასულიერო განათლების მისაღებად და ჩვენი სამღვდელოება მოკლე ხნის განმავლობაში გამდიდრდება გაბნათლებული ღვთისმეტყველებითა.

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
ზღვარი 2005 №1(5)