როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 3

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 3

ავტორი წერს:

 და ასეთი რწმენა აბსოლუტურად ლოგიკურია! არალოგიკური კი ზუსტადაც ის თეორიაა, რომ იესო ზეცაში თითქოსდა ხორციელი სხეულით დაბრუნდა! ბიბლია ამას ნათლად და არაორაზროვნად განმარტავს შემდეგი სიტყვებით: «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს» (1კორინთელები 15:50). მაშ, რამდენად მცდარს და შეცდომაში შემყვანს წარმოადგენს იესო ქრისტეს «ხორცში და სისხლში» ზეცაში დაბრუნების შესახებ მოსაზრება! უფრო მეტიც, ასეთი სწავლება განდიდებული ღვთის ძის უზომო დამცირებას ემსახურება, რომელსაც მამამ წინანდელი დიდება დაუბრუნა!

 

ბიბლია ზუსტადაც იმას ამბობს ნათლად და ცალსახად, რომ იესო მამის მარჯვენით ხორციელი სხეულით დაჯდა; ის იგივე სხეულით და ხორცით დაჯდა (საქმე. 2, 31) – „σάρκα καὶ ὀστέα“ (ლუკა. 24, 39-43); ამ სხეულით დაჯდა ის მამის მარჯვენით (1 პეტრე. 3, 22); ქრისტეს ანგელოზები და ძალები მაშინაც დაემორჩილნენ, როდესაც ის ხორცით ამაღლდა. თუ პავლე მოციქული წერს, რომ სისხლი და ხორცი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს (1. კორ. 15 ,50), იქვე წერს, რომ „ვერც ხრწნილება (ἡ φθορὰ) დაიმკვიდრებს უხრწნელობას“; აქ მთელი კონტექსტი ამ აღმდგარი სხეულის სულიერ ხარისხზე საუბრობს (ლუკა. 24, 39-43), მაგრამ აქ არ არის სუფთა სულიერება, რადგან სუფთა სულიერება სულს უტოლდება — ქრისტე ხომ თავად უარყოფდა მოწაფეთა წინაშე, რომ ის სული არ არის. პავლე მოციქულის სიტყვები სწორად რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის სიტყვა „ხრწნას“/“ἡ φθορὰ“ ამბობს, რაც ბერძნულად ბუნებრივ ფუჭებას ნიშნავს, ანუ ადამიანური ბუნება ცოდვის გამო ფუჭებას დაექვემდებარა, გაუხეშდა და ასეთი სხეული ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. პავლე იესოს აღმდგარ სხეულს არსად უარყოფს და ამიტომაც აზუსტებს, რომ ჩვენ ყველანი შევიცვლებით (1 კორ. 15, 51). ცვლილება ადამიანური ბუნების ხარისხის ცვლას გულისხმობს. ლუკა მოციქული ქრისტეს სხეულზე ამბობს, რომ ის ხორცით აღდგა, ოღონდ სულიერი, სახეცვლილი სხეულით. ქრისტემ ჩვენი სხეული მიიღო, ამიტომ ჩვენ ყველას გველის სხეულის ცვლა და არა მისი განადგურება, ამაზე წერილში არც არის საუბარი. რაც შეეხება პავლე მოციქულის ტერმინოლოგიის ნიუანსებს (ხორცი/სხეული), ჩვენ ამის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ.

ესმოდა რა ეს მნიშვნელოვანი გარემოება, მოციქული პავლე თავის ძმებს არწმუნებდა: «ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად, ახლა აღარ ვიცნობთ» (2კორინთელები 5:16). ეს სიტყვები შეკითხვის დასმისაკენ აღგვძრავს: რა იგულისხმება აქ, რადგან მოციქულებმა ხომ მშვენივრად იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა იესო თავის სხეულში მიწიერი მსახურებისას და მკვდრეთით აღდგენის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთობაც კი ჰქონდათ მასთან? მაშ ეხლა რატომ «აღარ იცნობენ ქრისტეს  ხორციელად»? იმიტომ ხომ არა, რომ იესოს სხეულმა სრულიად განსხვავებულისულიერი (ანუ არა ხორციელი) – იერი მიიღო? ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ მოციქული პავლე ქრისტეს «სულიერ კლდეს» ადარებს (1 კორინთელები 10:3,4).

 

2 კორ. 5, 16 — ში ზუსტადაც რომ უხეშ სხეულზეა საუბარი, რომელიც ქრისტე აღდგომის მერე აღარ გააჩნდა; ეს იყო ხორცი ვნებების გარეშე (ქრისტეს შემთხვევაში უყვედრელი ვნებები იგულისხმება), თუმცა ბუნებით მაინც ხორცი (ლუკა. 24, 39-43) იყო, საბოლოოდ განმღრთობილი, ბუნებით განახლებული და ამიტომაც სულიერი. ზუსტად ამიტომ ამბობს პეტრე მოციქული (დავით წინასწარმეტყველის ციტირებით), რომ ქრისტეს სხეულს ხრწნა არ უნახავს (საქმე. 2, 31); მის ხორცს ვნებები აღარ ჰქონდა, რომლებიც ქრისტეს აღდგომამბე ამძიმებდა — ძილი, დაღლილობა, შიმშილობა, წყურვილი და ა. შ. ავტორი საკუთარი სიტყვებით წერილს არ უნდა ცვლიდეს: „იმიტომ ხომ არა, რომ იესოს სხეულმა სრულიად განსხვავებულისულიერი (ანუ არა ხორციელი) – იერი მიიღო?“ ლუკა მოციქულის თანახმად, ქრისტემ მოციქულებს თავისი ხორცი უჩვენა, ხოლო „სულიერი კლდე“ ქრისტეს იმიტომ ეწოდა, რომ ის ადამიანისა და მთელი ადამიანური ბუნების პირველშობილი და განმაახლებელია, მან სულისა და ხორცის განახლებაში ჭეშმარიტი სულიერება მოგვანიჭა.

ამის გარდა, 2 კორ. 5, 16  შეიძლება ასედაც გავიგოთ: პავლე მოციქული ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ადამიანი, სანამ ის ქრისტიანი გახდებოდა: „ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი“ (2 კორ. 5, 17). თუ ტექსტს მთლიანად წავიკითხავთ, პავლე მოციქულის აზრს ვნახავთ, რომ ქრისტეს წინაშე ყველანი წარვსდგებით და არ აქვს მნიშვნელობა, იცნობდა ადამიანი ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისას თუ არა (2 კორ. 5, 10).

ეჭვგარეშეა, რომ ხორციელ სხეულს ღვთის ძე მხოლოდ მიწიერი მსახურების დროს ფლობდა, როგორც ეს ახსნილიც იყო ებრაელების 2:14,17-ში. თანაც, იმავე წერილში მოციქული პავლე კიდევ ერთ საგულისხმო აზრს ამატებს, როდესაც ამბობს: «ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო» (ებრაელები 5:7). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, ზუსტად იესოს მიწიერი მსახურების დრო იყო ის «დღეები», როდესაც მას ხორციელი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პავლე არ გამოყოფდა იმ მიწიერ პერიოდს და არ უწოდებდა მას იესოს «ხორცში ყოფნის» დღეებს. მოციქულის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ იესოს ფიზიკური სხეული მხოლოდმისი მიწიერი მსახურების დროს ჰქონდა. ხოლო ბიბლია თუ იესოს ცხოვრების იმ პერიოდს ისე ახასიათებს, როგორც დროს, როდესაც მას სხეული ჰქონდა, მაშინ სრულიად ნათელია, რომ დღეისათვის ზეცაში დაბრუნებული იესო ფლობს უკვე არა ფიზიკურ, არამედ უფრო დიდებულსულიერ სხეულს. სხეულს, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა მას.

 

მაგრამ, პავლე მოციქული ებრ. 2, 14 და 17-ში არ ამბობს, რომ ქრისტემ ხორცი გააუქმა. აქ ასეთი რამ არ არის. ლოგოსმა ჩვენი სიუხეშე მიიღო (ნებაყოფლობითა და განგებით) განკაცების მომენტში, რათა ის თავის თავში განეკურნა და ჩვენთვის განახლებული, შეცვლილი ხორცი უკვე ახალი თვისებებით მოეცა — სრულყოფილებაში და სულიერად განახლებული. ამიტომ წერს პავლე ქრისტეზე, რომ ის (ებრ. 5, 9): სრულქმნილი (τελειωθεὶς), მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა; და თუ ებრ. 5, 7–ში წერია: „მისი ხორციელად ყოფნის დღეებში“, – ეს 1) არ აუქმებს ლუკა 24, 39-40-ს, რომ ქრისტე ხორცითა და ძვლით გამოეცხადა და 2) პავლე იქვე იძლევა მითითებას (წერილი ხომ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ), თუ რა ხორცი იყო ეს — ეს იყო უხეში, ხრწნადი, ბუნებრივი ფუჭის — ἡ φθορὰ — მქონე ხორცი, რომელის მასში „ცრემლს“ იწვევდა, ცრემლი კი ვნების ნიშანია, თუმცა კი უყვედრელის. ამიტომ წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ვერც ხრწნილება (ἡ φθορὰ) დაიმკვიდრებს უხრწნელობას (ἀφθαρσίαν); ანუ მწუხარება ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

ის, რომ იესო სულიერ სხეულში აღდგა მკვდრეთით და არა ფიზიკურ სხეულში, ასევე  სხვადასხვა ბიბლიური მაგალითებიდანაც ჩანს, რომლებიც ქრისტესთვის სიცოცხლის დაბრუნების შემდგომ დღეებს აღწერენ. რადგან გვახსოვს, რომ იესოს მოწაფეები მისი ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ მის გარეგნობასა და თვისებებს მის ხორციელ სხეულში, თვალში გვხვდება მათ მიერ, მათი მკვდრეთით აღმდგარი მასწავლებლის ვერ ცნობის არაერთი შემთხვევა. ამის მთავარ მიზეზს, იესოს ახალი სხეულის არაჩვეულებრივი თვისებები წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი გარეგანი მონაცემებისა და თვისებების ცვლილება შეეძლო. მკითხველს თავად შეუძლია ყურადღება მიაქციოს სახარებებში აღწერილ ამ შემთხვევებს.

იოანე 20:14-16 – მარიამი ვერ ცნობს მკვდრეთით აღმდგარ იესოს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან საუბრობს.

იოანე 21:4-12 – იესოს მოციქულები ვერ ცნობენ მას.

იოანე 20:19,26 – იესოს შეუფერხებლად შეუძლია დაკეტილ სახლებში გაჩნდეს.

ლუკა 24:31 – იესოს მოულოდნელად გაქრობა შეუძლია.

 

უნდა ითქვას, რომ მოწაფეებმა ვერ იცნეს ქრისტე არა იმიტომ, რომ ის უსხეულოდ აღდგა, რაიმე სულიერ სხეულში, როგორც ამას ავტორი ამბობს, არამედ იმიტომ ვერ იცნეს, რომ მისი სხეული განახლდა და ეს ვერ ცნობა ღვთის განგებულებით იყო, ანუ ქრისტე მათ უვლენდა თავის გადასხვაფერებას, ვისთვისაც თავად სურდა; თუ მარიამმა ის ვერ იცნო (იოანე. 20, 14-16), ორივე მარიამმა კი იცნო; როდესაც ქრისტე ემაუსში მიმავალ ორ მოწაფეს მიუახლოვდა, მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი (ლუკა. 24, 16). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მოწაფეები მას იცნობდნენ, მაგრამ თავად ღმერთმა განგებით დაუკავა მათ თვალები. ანუ, ქრისტეს ცნობა — ვერ ცნობა ქრისტეს სურვილზე იყო დამოკიდებული და არა მხოლოდ მის განახლებულ სხეულზე.

რთულია იესოს სხეულის ასეთი უნარების, მისი ფიზიკური შესაძლებლობებით გამართლება. რთულია უკვე იმიტომ, რომ ღვთის ძის მიწიერი მსახურების ისტორიაში, იმის არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ის ზუსტადაც რომ ფიზიკური ხასიათის გამოცდებსა და ტანჯვას განიცდიდა. მაგალითად, შიმშილს, დაღლას, ცემას, ტკივილს და ძელზე თანჯვით სიკვდილს. თუმცა თუ დავუშვებთ, რომ იესოს სხეული მის სიკვდილამდეც ისეთივე თვისებებს ფლობდა, როგორსაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მაშინ ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და შეკითხვა ჩნდება, რომლებსაც ადამიანის რწმენის მოსპობაც კი შეუძლია. ამგვარად, ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება წარმოადგენს არა მხოლოდ მცდარს, არამედ უკიდურესად სახიფათოსაც კი ქრისტიანის რწმენისათვის! იმ ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ არ შეუძენია რწმენა, ეს წინააღმდეგობები შეიძლება იესოს სიყვარულისა და საშინელი ტანჯვის დაუჯერებლობის მიზეზი გახდეს.

 

ეს აიხსნება არა ქრისტეს ფიზიკური შესაძლებლობებით, არამედ მისი განგებით. ამით შეიძლება მხოლოდ ისეთი ადამიანის რწმენა განქარდეს, რომელსაც აღდგომის საკითხის ანთროპოლოგიური საფუძველი და ზოგადად ანთროპოლოგია არ ესმის. თუ ეს საკითხების წორად გვესმის, ეს არავითარ ზიანს არ მოგვიტანს. დანარჩენზე აღარ განვმეორდებით.

იმის მაგალითები, რომ იესო თავის მოწაფეებს ძელზე გაკვრისას მიღებულ ჭრილობებს აჩვენებდა, სრულიადაც არ წარმოადგენს მისი ხორციელი აღდგომის თეორიის დაცვის საფუძველს. ქრისტეს ასეთი საქციელი აბსოლუტურად გონივრულ საქციელს წარმოადგენდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მის  გამოჩენაზე მოციქულების პირველი რეაქცია მისი მოჩვენებასთან ასოციაცია იყო (მით უმეტეს, რომ ასეთ უკიდურესიბებამდე ისინი მისი მიწიერი მსახურების პერიოდშიც კი ეშვებოდნენ) (მათე 14:25-28; ლუკა 24:36-43). უკვე სულიერი სხეულის მქონე მკვდრეთით აღმდგარი იესო, ითვალისწინებდა რა თავისი მოწაფეების გრძნობებს, მათ წინაშე ისეთი სახით ჩნდებოდა, როგორითაც მანამდე იცნობდნენ მას. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ გავიხსენებთ, იესოს მოციქულების რწმენაში გამაგრება და მათთვის ბოლო დარიგების მიცემა სჭირდებოდა

 

ლუკა. 24, 36-43 და საქმე. 2, 31 ქრისტეს ხორციელი აღდგომის ყველაზე პირდაპირი მტკიცებულებაა ბერძნული ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, რაზე დაწვრილებით ზემოთ ვისაუბრეთ. თუ ეს ავტორს არ მოსწონს, ჩვენ აქ ვერაფერს გავხდებით. როგორ შეიძლება მათე.14:25-28 და ლუკა.24:36-43-ს შედარება? მათე.14:25-28 -ში მოწაფეებს ესმოდათ, რომ ქრისტე ჯერ კიდევ ცოცხალია და მათთანაა, ხოლო ლუკა.24:36-43-ში მოწაფეებმა უკვე იციან, რომ ის ჯვარს ეცვა და მოკვდა და გამოეცხადა მათ. როგორ შეიძლება ორი შეუდარებელი ფრაგმენტის შედარება — ერთი ქრისტეს სიკვდილამდე და მეორე ქრისტეს სიკვდილის შემდეგ? როდესაც მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ის მკვდარია და მისი სიკვდილის შემდგომი გამოცხადება მათთვის იმდენად შოკი იყო, რომ როდესაც ის ხორციელად აღმდგარი ნახეს (ლუკა.24, 39-43), არ დაუჯერეს (მათე.28, 17). ავტორის წერილისადმი დამოკიდებულება საკვირველია.  წერია, რომ ქრისტე მოწაფეებს ხორციელად გამოეცხადა, ე.ი. ხორციელად აღდგა; არსად წერია ქრისტეს სულიერ სხეულზე, რომლითაც ის გამოეცხადებოდა, ანუ ასეთი რამ ქრისტეზე წერილში არ წერია, მაგრამ არის ლუკა და პავლე მოციქულების საპირისპირო მოწმობები. აქ ისმის კითხვა: რისთვის სჭირდება ავტორს ეს ყველაფერი? … II საუკუნეში დოკეტ–გნოსტიკოსებს არ სჯეროდათ ქრისტეს ხორციელი აღდგომის (მაგ., ტერტულიანეს მოწმობა — Tertull. De earn. Chr. 5. 2-3; 9). ეს გასაგებია, რადგან მათთვის ამგვარი პლატონური აზრი მისაღები იყო. მათთვის ხორცი ბოროტება იყო. ნუთუ ავტორისთვისაც ბოროტებაა ქრისტეს აღმდგარი სხეული? დოკეტი გნოსტიკოსები ქრისტეს მოჩვენებით ხორციელებას მიაწერდნენ და ქრისტეს ასეთ გარეგნობაში მისი პიროვნების განსაკუთრებულ განგებულებით მნიშვნელობას ხედავდნენ [1].

მოციქულების წინაშე თავისი პირველი გამოჩენის შემთხვევაში იესომ მათ საჭმელიც კი სთხოვა, მაგრამ აშკარად არა იმიტომ, რომ მშიერი იყო! და ეს არ წარმოადგენდა მისი მხრიდან რაიმე სახის ტყუილს. მსგავსი საქციელი მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ზღვის პირას გამოცხადებისას (იოანე 21:4-14). თუმცაღა ის, რომ უფალმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არაერთხელ ჭამა ფიზიკური საკვები, არანაირად არ გვაიძულებს ისეთი დასკვნის გაკეთებას, თითქოს აქედან მოყოლებული და მარადიულად მას საკვების რეგულარული მიღება სჭირდება, როგორც ეს მისი მიწიერი მსახურებისას იყო. გასაგებია, რომ თავისი ასეთი საქციელით მოძღვარი თავისი მოწაფეების დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ის რეალურად აღდგა მკვდრეთით, რითაც საბოლოოდ გაფანტა მათ გონებაში არსებული ეჭვები. მცირე რწმენის მქონე თომას შემთხვევაში კი, ღვთის ძემ პირადად მისცა მას იმის შემოწმებისა და დარწმუნების შესაძლებლობა, რომ ის არა მოჩვენება, არამედ მისთვის მომკვდარი და მკვდრეთით აღმდგარი უფალი იყო (იოანე 20:24-29). ყოველივე ეს იესოს მოწაფეებს იმაში ეხმარებოდა, რომ სრულიად დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ნამდვილ იესოს ელაპარაკებოდნენ და არა მოჩვენებას, რომელიც თავს იესოდ ასაღებდა. მით უმეტეს, მან იცოდა, რომ მოწაფეები შეიძლება მიდრეკილნი ყოფილიყვნენ ეფიქრათ, რომ გარდაცვლილი იესოს სხეული, რომელიმე არაკეთილისმოსურნემ «გაიტანა» აკლდამიდან და არა სასწაულებრივ აღდგომად (იოანე 20:15). ეჭვგარეშეა, თავისი მოწაფეების გონებაში ეჭვები და მათი რწმენის ნგრევა რომ არ დაეშვა, ღვთის ძე არაერთხელ გამოეცხადა მათ, მათთვის ნაცნობი გარეგნობის გამოყენებით.

 

მოძღვარი თავისი მოწაფეების დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ის რეალურად აღდგა მკვდრეთით“ — მაგრამ რეალური აღდგომა შეუძლებელია რეალურად აღმდგარი სხეულის გარეშე. თუ აღდგა არა ხორცი, არამედ „სულიერი სხეული“, ეს არის არა აღდგომა, არამედ ილუზია. ზუსტად ამიტომ ითხოვა საჭმელი, რათა დაემტკიცებინა, რომ ის სული არ არის და სულიერი სხეულით არ აღმდგარა. რათქმაუნდა, მიწიერი ცხოვრებისას ქრისტე შიმშილსა და წყურვილს განიცდიდა, მაგრამ ლუკა 24, 39-43-ში ის ჭამს თავისი აღმდგარი სხეულის დასამტკიცებლად, რათა ეჩვენებინა, რომ ეს ზუსტად ის სხეულია, რომელიც მან აღადგინა. სხვაგვარად, „სულიერი სხეულის“ გამო ჭამას აზრი არც აქვს. რეალურ ხორცს „სჭირდება“ (ამ შემთხვევაში ხორციელ აღგომის დასტურისთვის) ჭამა და არა სულს. ამიტომ, ადამიანებს ცათა სასუფეველში აღარც მოსწყურდებათ, აღარც მოშივდებათ (გამოცხ. 7, 15-16), რადგან ამ განახლებულ ხორცს სათავე თავად ქრისტემ დაუდო. სახარების თანახმად აღმდგარმა ქრისტემ ოთხჯერ იგემა ფიზიკური საკვები იმის დასამტკიცებლად, რომ მას რეალური ფიზიკური ხორცის/სხეული გააჩნია (ლუკა 24, 30, 42-43; იოანე 21, 12-13; საქმე. 1, 4).

თავად მკვდარი იესოს ფიზიკური სხეულის სამარხიდან მოცილება კი იეჰოვას ბრძნულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ადამიანებისათვის და, მით უმეტეს, მოწინააღმდეგეებისთვის, ასეთი სხეულის არსებობა იმის მოხერხებული მტკიცებულება გახდებოდა, რომ იესო მკვდრეთით არ აღმდგარა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ზუსტად ქრისტეს სხეულის ასე შენახვაზე ზრუნავდნენ ფარისეველები. ამისათვის მათ პილატეს ისიც კი გამოსთხოვეს, რომ მას უფლება მიეცა მათთვის, «ეზრუნათ სამარხის დაცვაზე, ლოდი დაებეჭდათ და დაცვა დაეყენებინათ» (მათე 27:62-66).

გარდა ამისა, იესოს დარჩენილი ფიზიკური სხეული, არასწორი აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება გამოეყენებინათ გაღმერთებისა და კულტობრივი თაყვანისმცემლობისათვის, ზუსტად ისევე, როგორც ძველმა ისრაელებმა გააკეთეს სპილენძის გველთან მიმართებაში, რომელიც მოსემ გააკეთა და რომელსაც ნეხუშთანს უწოდებდნენ, ან როგორც დღეს არსებულ რიგ .. «ქრისტიანულ» რელიგიებში ყვავის «წმინდანთა» ნაწილების თაყვანისცემის კულტი (რიცხვები 21:8,9; 4მეფეები 18:4).

 

ქრისტეს აღმდგარი ხორცის „მოცილება“, ისევე, როგორც მისი აღდგომა არის არა მხოლოდ იეჰოვა ღმერთის ქმედება, როგორც ავტორი ამბობს, არამედ თავად ღმერთი-ლოგოსის, ანუ ქრისტეს ქმედებაც: იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი; ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან (იოანე. 10, 17-18) ან იოანე.2, 19-21. ქრისტეს სხეული დედამიწაზე არ უნდა დარჩენილიყო, რადგან მას თავისი სხეული მამის ტახტზე უნდა აეყვანა და ამით თავის თავში ღმერთთან მთელი კაცობრიობა, მთელი ადამიანური ბუნება შეერიგებინა, რადგან ქრისტე  — განკაცებული ლოგოსი ამბობს: რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. (იოანე. 16, 7). ქრისტეს თავისი ადამიანობა მამასთან საყდარზე უნდა აეყვანა, ღვთის მარჯვენით დაესვა (ებრ. 12, 2; 10, 12). ამიტომ დედამიწიდან ქრისტეს ხორცის მოცილების მიზეზი სულაც არ  მდგომარეობს იმაში, რაზეც ავტორი მცდარად წერს — „იესოს დარჩენილი ფიზიკური სხეული, არასწორი აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება გამოეყენებინათ გაღმერთებისა და კულტობრივი თაყვანისმცემლობისათვის“; ქრისტეს სხეულის დედამიწიდან მოცილების მიზეზი იმაშია, რომ თუ ქრისტეს ხორცით არ აღვიდოდა ზეცად, ნუგეშისმცემელი არ მოვიდოდა, ეს კი საჭირო იყო ღმერთისა და ადამიანური ბუნების შერიგებისათვის.

ამავდროულად სულიერ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი იესოს მატერიალიზების შესაძლებლობა ისე არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რაღაც საკვირველება. ამისათვის საკმარისია ბიბლიის მიერ აღწერილი არაერთი მსგავსი შემთხვევა გავიხსენოთ ღვთის სხვა სულიერი ქმნილებებისანგელოზების მონაწილეობით (დაბადება 18:1-8; 19:1-3,10,16; 32:24-26; ოსია 12:3,4). დასახული მიზმების შესასრულებლად, ღმერთი მათ ფიზიკური სხეულის მიღების უფლებას აძლევდა, ისე რომ ადამიანებსაც კი არ შეეძლოთ მაშინვე მათში ანგელოზების ამოცნობა და სხვა ადამიანებად აღიქვავდნენ. თუმცა განა მოუვიდა ისრაელის რომელიმე პატრიარქს ამის გამო თავში იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის ანგელოზებს ზეცაში ფიზიკური სხეულები ჰქონდათ? ასეთი აზრი ჩვენ აბსურდული მოგვეჩვენებოდა! მაგრამ მაშინ დღეს რატომ ჩქარობს ზოგიერთი ადამიანი დაასკვნას, რომ თუ ღვთის მიერ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესაც შეეძლო მსგავსად ფიზიკური სხეულის მიღება, მაშინ ის მარადიულად მატერიალიზებული დარჩა? ძალიან უცნაურია

ავტორი შეუდარებელს ადარებს, რადგან მის მიერ მოყვანილი მაგალითები არის მხოლოდ ანგელოზების ხილული (ილუზირებული) მატერიალიზების მაგალითები. ანგელოზთაგან არც ერთი არ განკაცებულა რეალურად, ისე რომ ღმერთთან შესარიგებლადაც დასჭირვებოდა თავისი ხორცის აღდგომა. ღმერთთან შერიგება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეეძლო, ამიტომაც განკაცდა ღვთიური ლოგოსი. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? (ებრ. 1, 13). არავისთვის ანგელოზთაგან ღმერთს ასეთი რამ არ უთქვამს, რადგან ისინი მომსახურე სულები არიან (1, 14); ანგელოზებს კი არ დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი სამყარო (2, 5); „რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ — აბრაამის მოდგმას» (2,16), არამედ, ადამიანურ ბუნებას აღიქვამს ღვთიური ლოგოსი, რადგან ის იყო გამოსასყიდი და საცხოვნებელი, რადგან კაცობრიობა ცოდვას დაემონა (2, 17).

_ _ _ _ _

 

[1] იხ. Л.И.Писарев. Очерки из истории христианского вероучения патристического периода. СПб., 2009. С.175.