როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

არსებობს სამი მიზეზი, რომელიც ამართლებს მხილებას ქრისტიანული პოზიციიდან. პირველი ორი დამყარებულია მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყოველი საზოგადოება წარმოადგენს სტრუქტურათა შესაკრებელს — ოჯახიდან სახელმწიფომდე. ყოველი სტრუქტურა ემორჩილება იერარქიულ წესრიგს. ამგვარ სტრუქტურაში პასუხისმგებელ ადამიანს აქვს იმათი მხილების უფლება, ვინც იმყოფება მის დაქვემდებარებაში; ეს არის ხელმძღვანელი პირის უფლება. მხილების მეორე სახეობა, მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული — გახლავთ მშობლის ვალი შვილების აღზრდაში, სადაც მხილება წარმოადგენს პედაგოგიკის ერთ-ერთ მეთოდს. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე მღვდელმსახურთა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესახებაც მრევლის ცოდვების სამხილებლად. მხილების სხვა სახეობა თვისებრივად განსხვავდება უკვე განხილულთაგან, ეს არის ძმური მხილება, რომელიც ემყარება არა იმდენად მოვალეობის გრძნობას, რამდენადაც სინდისისმიერ შინაგან მოთხოვნილებას. ეს უკანასკნელი სახეობა დაფუძნებულია მხოლოდ ზნეობრივ ფაქტორზე და მოკლებულია ძალაუფლებისა და იურიდიული სამართლის გარეგნულ ნიშნებს.

სამწუხაროდ, მხილება ნაკლებად ეფექტური გახდა იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში ეფუძნება არა სიყვარულის გრძნობას, მოწოდებულს თვით პიროვნების გამოსასწორებლად (და არა მარტო ბოროტების დასათრგუნად), არამედ პირად ემოციებსა და განწყობილებებს. ძალიან ხშირად სხვათა მამხილებელი პიროვნება ამ გზით ახდენს საკუთარი ვნებების რეალიზებას: ქედმაღლობის, პატივმოყვარეობის, სიამაყის და ზოგჯერ მრისხანებისა და შურისაც კი. ამიტომ მხილებამდე თავდაპირველად ადამიანმა უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში, ხომ არ ბუდობს იქ რაიმე ვნება ან შელახული თავმოყვარეობა? წმინდა მამები კრძალავენ მხილებასა და დასჯას მრისხანების ჟამს. უხეში და ავი სიტყვა ან თუნდაც გარეგნულად სამართლიანი შეგონება, მაგრამ სიმკაცრითა და ბოროტებით ნათქვამი, ერთგვარი უარყოფითი ენერგიით არის ავსილი და სხვა ადამიანის გული მისგან თავდასაცავ ზღუდეებს აღმართავს. თუ გადავხედავთ ჩვენს საკუთარ ცხოვრებას, განსაკუთრებით ბავშვობის პერიოდს, გავიხსენებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო ყოველივე ის, რასაც ყვირილით, გაღიზიანებით ან აწეული ტონით გვაკეთებინებდნენ; სათქმელს არ დავამთავრებინებდით, ისე უარვყოფდით წინასწარ იმ სიტყვებს, რომლის მოსმენაც სულ ცოტა ხანში გვიწევდა. მეორე პირობაა: ვინც ამხილებს, მან უნდა შეამოწმოს საკუთარი სული — ხომ არ მოუცავს იგი ისეთსავე მანკიერებებს, რომელთა მხილებაც მას გადაუწყვეტია? ეს თუ ასეა, მხილება არ იქნება შინაგანად დამაჯერებელი — მხილებული და მამხილებელი იმყოფებიან ერთი და იმავე ვნების სამოქმედო არეში.

წმინდა მამები გვირჩევენ, მაშინვე კი არ ვამხილოთ ადამიანი, რაჟამს ცოდვიან საქციელს ჩაიდენს, არამედ დავიცადოთ, ვიდრე ემოციები ჩაწყნარდება და გამოფხიზლდება გონება, მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდად უნდა ითქვას სათქმელი. მით უფრო, თუ ეს ეხება დასჯას. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას თანამედროვე ოჯახში. როგორც წესი, მამხილებელი დარწმუნებულია, რომ ის არის სწორედ სიმართლისა და სიკეთის ერთადერთი მატარებელი, ხოლო მხილებული მიიჩნევს, რომ მასზე ხორციელდება გაუმართლებელი ძალმომრეობა. ამიტომ მშობელი ან აღმზრდელი თვით უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ პიროვნებად, როგორადაც მას სურს იხილოს თავისი შვილები და აღსაზრდელები. რაც შეეხება ძმურ მხილებას, აქ საერთოდ გაუმართლებელია პროკურორისა თუ მოსამართლის ტონი — შეიძლება საკმარისი იყოს ურიგო ქცევების ახსნა-განმარტება და მათი დამღუპველი შედეგების მითითება. ამასთანავე, მამხილებელმა საკუთარი თავიც არ უნდა გამორიცხოს გამოსასწორებელთა სიიდან. მორწმუნე ადამიანმა, ვიდრე ის სხვა ადამიანებს ამხილებდეს, უნდა სთხოვოს უფალს, რათა მან მიანიჭოს ცოდვით დაცემულის მიმართ სიყვარული და გულის კარი გაუღოს ამ უკანასკნელს მისი სიტყვების მოსასმენად. აქ ალბათ ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ ჰიპოკრატეს წესი: «უპირველესად არ ავნო, ხოლო შემდეგ — დაეხმარე».

დეკანოზი ლევან მათეშვილი