ათონური გარდამოცემების კრიტიკა

ათონური გარდამოცემების კრიტიკა

ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) – რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ბიზანტიოლოგი და არქეოლოგი; ცნობილია აგრეთვე, როგორც დაუცხრომელი კრიტიკოსი ათონის პოპულარულ ისტორიაში არსებული არასანდო ფაქტებისა. ის ერთ-ერთი პირველი რუს მეცნიერთაგანი იყო, რომელმაც ათონის მონასტრების არქივებში შეაღწია და ბერძნული და სლავური სავანეების ძველ აქტებს გაეცნო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დეკანოზი ალექსი მარჩენკო აანალიზებს ეპისკოპოსის მიერ გამოყენებულ კვლევის კრიტიკულ მეთოდს.

`სიმართლის გარეშე ისტორია მხოლოდ თავშესაქცევი ზღაპარია, მაგრამ მასთან ერთად ის საქმიანი და სასარგებლო ცოდნაა~ (ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი)

ეპისკოპოს პორფირის (უსპენსკი) ცხოვრება და შემოქმედება მიეკუთვნება იმ ეპოქას, როდესაც სამამულო ისტორიულ მეცნიერებაში კვლევის კრიტიკული მეთოდი ყალიბდება. XIX საუკუნის 60-70-იანი წლების პროტესტანტული დასავლეთის ლიბერალურ ეპოქაში შობილი ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება რუსი საეკლესიო ისტორიკოსების საეკლესიო-ისტორიულ თხზულებებში. ახალი მიდგომა ისტორიული მასალისადმი უარყოფდა ძველი ფორმაციის ისტორიკოსებისთვის დამახასიათებელ პრინციპს, სადაც მტკიცედ დამკვიდრებულიყო `შინაგანი ცენზორი~, რომელიც აიძულებდათ, თავი აერიდებინათ `მეტისმეტად თამამი~ განზოგადების, დასკვნებისა და შეფასებებისთვის (*1). ისტორიული გამოკვლევისადმი ახალი მიდგომა მეტნაკლებად მკვეთრად და ნათლად ჩამოაყალიბა აკადემიკოსმა ე. ე. გოლუბინსკიმ: `მიიღე მხოლოდ ის, რაც კრიტიკას უძლებს, საპირისპირო კი უარყავი, და თავი დაანებე ყოველგვარ განსჯას იმის შესახებ, კეთილგონივრულია თუ არა ეს~ (*2).

ე. ე. გოლუბინსკის მიერ სამეცნიერო სიახლედ გამოყენებული და დროთა განმავლობაში ა. ვ. კარტაშოვის მიერ სრულყოფილი კრიტიკული მეთოდი ისტორიული წყაროების გამოკვლევისა მთლიანად აითვისა ეპისკოპოსმა პორფირიმ (უსპენსკი). თუ პირველნი მას აქტიურად მოიხმარდნენ თავიანთ ნაშრომებში რუსული ეკლესიის ისტორიის შესახებ, ყოვლადუსამღვდელოესმა პორფირიმ ის საეკლესიო აღმოსავლეთმცოდნეობის სფეროში გადაიტანა. ისტორიული მასალის გამოკვლევის ანალიზისადმი მეტნაკლებად მკვეთრი კრიტიკული მიდგომა წარმოჩენილია ეპისკოპოს პორფირის ნაშრომში ათონის მთის ისტორიის შესახებ.

ეპისკოპოს პორფირის თანამედროვე ბროშურებსა თუ წიგნებში ათონის მთის შესახებ წმიდა მთას უგალობდნენ, როგორც სიწმინდის აბსოლუტური, უცილობელი შარავანდედის საოცარ ადგილს, მრავალრიცხოვანი ღვთისმოსავი სამონასტრო გარდამოცემებით მოცულს (*3). ასეთი ლიტერატურის ეტალონად (რომლის მიზანიცაა რუსი ადამიანის გული ათონის წმიდა მთისკენ მიაპყროს, ათონის სიწმიდეებისადმი სიყვარული გააღვივოს), გახდა `ათონელის~ — ათონელი სქემოსანი მღვდელმონოზვნის სერგის (ვესნინი, 1814-1853) თხზულებანი. `ათონელის~ ნაშრომები მრავალგზის გამოიცა რუსეთში დიდი ტირაჟით და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა (*4). რადგან ამ ავტორის თხზულებები ძალზე ცნობილი იყო, ათონურმა ზეპირმა გარდამოცემებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს სახალხო მართლმადიდებლურ შემეცნებაში, თავისებურ დაუწერელ წესებად იქცნენ რუსებისთვის ათონისა და მისი ისტორიისადმი ღვთისმოსავ დამოკიდებულებებში.

ეპისკოპოსი პორფირი ღირსეულ პატივს მიაგებს `ათონელის~ ლიტერატურულ ტალანტს და საკმაოდ მკვეთრად მიუთითებს მისი თხზულებების სამეცნიერო უსუსურობასა და მითოლოგიურობაზე. ის განმარტავს: `სერგი პოეტი იყო და არა ისტორიკოსი ან არქეოლოგი. მისი მეტყველება სუფთა რუსული, სასიამოვნო და მომხიბლავია. მაგრამ მის მონათხრობში ათონის შესახებ ადგილობრივების მრავალი მოსიარულე ბოდვაა. ამიტომ ამ მთის შესახებ ამჟამინდელ თუ მომავალ მწერლებს ამ მონათხრობებით გატაცებას არ ვურჩევდი. ცოდვაა სიცრუის ლაპარაკი ისეთი წმიდა ადგილის შესახებ, როგორც ათონის მთაა. ეს მთა მხოლოდ ისტორიული სიმართლის გაშუქებითაა მიმზიდველი~ (*5).

ეპისკოპოსი პორფირი ერთ-ერთი პირველი რუს მეცნიერთაგანია, ვისაც შესაძლებლობა მიეცა, ათონის მონასტრების არქივებში შეეღწია და ბერძნული და სლავური სავანეების ძველ აქტებს გასცნობოდა: საიმპერატორო და საპატრიაქო ქრისობულებს, სიგილიონებს, სამონასტრო მატიანებსა და სხვა `ათონურ ჟამთააღმწერლებს~, რომლებიც წმიდა მთის რეალურ ისტორიას ასახავდნენ (*6). ეპისკოპოს პორფირის ხელთ აღმოჩენილმა მდიდარმა დოკუმენტურმა მასალამ საბოლოოდ დაარწმუნა ის, რომ უნდა შებრძოლებოდა ამ `ღვთისმოსავ სიცრუეს~, რაც ათონის პოპულარულ ისტორიაზე გავრცელებულიყო.

მეუფე პორფირი წერდა: `არაერთი ზღაპარი დაწერილა ათონის შესახებ ამ მთის სწრაფად მომნახულებელთაგან, რომლებიც მინდობილად უსმენდნენ იქაურ მთხრობელებს (ამ უკანასკნელთ საკუთარი თავის წმიდა ჭეშმარიტებასავით სწამთ, მაგრამ საკუთარ მონათხრობს არასოდეს ამოწმებენ). ძალზე სამწუხაროა, რომ ისეთი წმიდა ადგილი, როგორიც ათონია, სიცრუით იმოსება. ამ წუხილთან ერთად, ისე გინდება, თქვა სიმართლე მის შესახებ; ის სიმართლე, რომელიც ათონის არქივებში იმალება~ (*7).

ეპისკოპოს პორფირის მოცულობითი თხზულების — `ათონის ისტორია~ — მეორე ნაწილში (ქრისტიანული, საერო ათონი) კრიტიკულადაა გარჩეული 11 ათონური გარდამოცემა ათონზე ქრისტიანობის დასაწყისის შესახებ, რომლებიც შეგვიძლია, ორ ძირითად ნაწილად დავყოთ: პირველი – წმიდა მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და პავლე მოციქულის სტუმრობის შესახებ და მეორე – ათონის მონასტრებისა და ტაძრების აღმშენებლობასა და განახლებაზე ცნობილი პირების მიერ. განსაკუთრებულად არის გამოყოფილი გარდამოცემა ათონის მცხოვრებთა გადასახლებაზე პელოპონესში და ათონზე ბერების დასახლებაზე.

გარდამოცემა ათონზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიბრძანების შესახებ ფართოდაა ცნობილი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი მომლოცველებისთვის ღირსი სტეფანე ათონელის ინტერპრეტაციით. ის ამტკიცებს, რომ ყოვლადწმიდა ქალწულმა სული მანუგეშებელის (სულიწმიდა) მოლოდინში მოციქულებთან ერთად კენჭი ჰყარა, თუ რომელი ქვეყანა ერგებოდა სახარების საქადაგებლად თითოეულ მოწაფეს. ღვთისმშობელს ივერიის მიწა ხვდა წილად. სულთმოფენობის შემდეგ იქ გამგზავრებასაც აპირებდა, მაგრამ უფლის ანგელოზმა აუწყა, რომ იერუსალიმი არ უნდა დაეტოვებინა. `შენი წილხვედრი (საქართველო) უკანასკნელ ჟამს შენი სახელით გაბრწყინდება, ახლა კი ღვაწლად უნდა იდო წასვლა სხვა მიწაზე, რომელზეც უფალი მიგითითებს.~ მეოთხე დღეს მკვდრეთით აღმდგარი ლაზარს თხოვნით ღვთისმშობელი მისთვის გამოგზავნილი გემით იოანე მოციქულთან ერთად კვიპროსისკენ გაემართა. უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და გემი ათონის მთის კლიმენტის ნავსადგურს მიაყენა, რომელიც კერპებით იყო სავსე. იქ მდებარეობდა ყველა ბერძენისთვის ცნობილი აპოლონის საკერპე. მოულოდნელად ათონის კერპები ალაპარაკდნენ და წარმართებს უბრძანეს, ნავსადგურში წასულიყვნენ და `მიეღოთ მარიამი, დიდი ღმერთის – იესოს დედა~. გაოცებული ხალხი ზღვის ნაპირას ჩავიდა, ყოვლადწმიდა მარიამი გემიდან ჩამოიყვანა და მიიყვანა იმ ადგილას, სადაც სახალხო განსჯა იმართებოდა. იქ დედა ღვთისამ მათ უამბო მისგან შობილი ღვთის, იესოს შესახებ. ათონელებმა მაცხოვრისა ირწმუნეს და მოინათლნენ. დედა ღვთისამ მათ დამმოძღვრელად და მასწავლებლად კლიმენტი დაუდგინა და უთხრა: `აი ხვედრი ჩემი ძისა და ღვთისგან.~ შემდეგ ხალხი დალოცა და კვლავ უთხრა: `მადლი ღვთისა დაივანებდეს ამ ადგილებზე და აქ ჩემი ძის მცნებებით, ღვთის რწმენითა და შიშით მცხოვრებლებზე~ (*8).

ეპისკოპოსმა პორფირიმ ეს მონათხრობი შეადარა 11 ძველ წყაროს, რომლებიც დედა ღვთისმშობელზე მოგვითხრობენ (მათ შორის ევსევის, სოკრატეს, სოზომენის, ევაგრეს, წმიდა ანდრია კრიტელის, წმიდა სვიმეონ მეტაფრასტისა და სხვების ნაშრომებს) და დაასკვნა, რომ ათონის მთაზე დედა ღვთისას მოგზაურობა სანდო წყარო არ იყო. `არცერთ მათგანში ნახსენები არ არის, რომ ყოვლადწმიდა ქალწული ათონზე იმყოფებოდა; პირიქით, თითოეული მათგანი დანამდვილებით ადასტურებს, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ის მიძინებამდე სიონში იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და მხოლოდ მისი მიძინების შემდგომ წავიდა მოციქული ეფესოში…~ (*9)

გარდამოცემის გაჩენის დროდ ეპისკოპოსმა პორფირიმ 1568-1659 წლები განსაზღვრა. ავტორის აზრით, სავარაუდოდ, ის შეთხზეს თურქეთის სულთან სელიმის მმართველობისას, რომელმაც ყველა მონასტერს მათი კუთვნილი მამულები წართვა. `ის შეთხზეს ბერძენმა ბერებმა, რომლებიც ათონზე ქართულ (ივერონის) მონასტერს დაეუფლნენ…~ ათონისთვის ამ მძიმე წლებში მონასტრები მხოლოდ და მხოლოდ მრავალრიცხოვანი მომლოცველის მიზიდვით არსებობდნენ. `მათი ეს თხზულება გაჩნდა და გავრცელდა ისეთ დროს, როდესაც ყველა ათონელი ბერი, ნებსით თუ უნებლიედ, აქებდა და ადიდებდა თავის წილხვდომილ მონასტერს და მას მიაწერდა არარსებულ სიძველეს ერთმანეთთან მეტოქეობის გამო~. ეპისკოპოსი პორფირი კატეგორიულად მსჯელობს: `ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ათონზე არ ყოფილა და იქ წასვლა არც უფიქრია~ (*10).

ამის მიუხედავად, გვიანდელი ფენების მოცილებისას ეპისკოპოსი პორფირი გარდამოცემაში მართლა ფესვებსაც ეძიებს და აკვირდება. ავტორის აზრით, საუბარია არა ღვთისმშობლის ნამდვილ სტუმრობაზე ათონის მთაზე, არამედ ამ წმიდა მთაზე ღვთისმშობლის ხატის პირველ გამოჩენაზე, რომელსაც იქ ათონელთა პირველი მომნათვლელი, იერუსალიმის ეპისკოპოსი კლიმენტი მიაბრძანებდა (*11).

ეპისკოპოს პორფირის მცდელობა ყველაზე ცნობილი ათონური გარდამოცემის (ღვთისმშობლის წილხვედრსა და ათონის მთაზე მის მოგზაურობაზე) სხვაგვარად გააზრებისა დღემდე ვერ თავსდება ათონის მთის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შემეცნებაში. ამასთან დაკავშირებით, `ათონის ისტორია~ და მისი ავტორი არაერთგზის გააკრიტიკეს ძალზე მწვავედ ათონის მონოზვნობის წარმომადგენლებმა, მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ და საეკლესიო იერარქებმა. თავისი პრინციპულობის გამო ეპისკოპოსმა პორფირიმ (უსპენსკი) აკადემიკოს ე. ე. გოლუბინსკის ხვედრი გაიზიარა, რომელიც თავის ნაშრომებში უარყოფდა ღირსი ნესტორ ჟამთააღმწერლის რუსული ეკლესიის ისტორიისთვის ფუნდამენტურ გარდამოცემას ანდრია მოციქულის მიერ კიევის გორაკებზე სტუმრობისა და თავად რუსული ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობის იდეას. (*12)

XVII საუკუნის დასასრულს ეპისკოპოსი პორფირი `ათონის კარაკალის მონასტრის დაარსების შესახებ გარდამოცემის გაჩენას რომის იმპერატორ ანტონიუს კარაკალს (211-217 ქ. შ.) მიაწერს. ამ ლეგენდის თანახმად, წმიდა პარასკევას სასწაულებით თავზარდაცემულმა ანტონიუს კარაკალიმ ქრისტე იწამა და მისთვის ათონზე კარაკალის მონასტერი ააშენა.

ეპისკოპოსი პორფირი სვამდა კითხვას: `როგორ უნდა დაესახელებინათ კარაკალის ბერებს თავიანთ ქტიტორად ეს იმპერატორი, რომელიც კერპთაყვანისმცემელი და ქრისტიანთა მოწინააღმდეგე იყო?~ მისი წარმომავლობა დაკავშირებული იყო თურქეთის მონობის იმავე სამწუხარო ეპოქასთან, როცა მონასტრები ღრმა სიძველეს მიიწერდნენ და თავიანთ სამეფო ქტიტორად დედოფალ პულქერიას, იმპერატორ თეოდოსისა და კონსტანტინეს ასახელებდნენ. ზოგიერთი მონასტრის მშენებლობას თავად ღვთისმშობელსაც მიაწერდა.
კარაკალის ქტიტორობის საკითხს ეპისკოპოსი პორფირი ერთმნიშვნელოვნად წყვეტს: `კარაკალი საერთო საცდურში ჩავარდა და შეეცადა, სხვებზე უფრო ძველი სამეფო ქტიტორი გამოეძებნა. ვიღაც გაუნათლებელმა კარაკალელმა გაიხსენა მონასტრის თანამოსახელე რომაელი იმპერატორი კარაკალი… და თანამოძმეებს შესთავაზა, ის თავიანთი მონასტრის დამაარსებლად გაესაღებინათ (*13).

ეპისკოპოს პორფირის აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს და `არარსებულია~ ვათოპედის გარდამოცემათა ციკლი `ვათოპედო-დიმიტრის სკიტის ადგილას დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მიერ ტაძრის აშენების შესახებ~, კონსტანტინე დიდის დროს კარიესის ტაძრისა და ვათოპედისა და კოსტამონიტის მონასტრების აშენება და მათი შემუსრვა იულიანე განდგომილის მიერ~, `ვათოპედის ეკლესიის აშენება იმპერატორ თეოდოსის ძმის მიერ მისი ვაჟის დახრჩობისგან გადარჩენის აღსანიშნავად~, `ვათოპედის აღდგენაზე თეოდოსი დიდისა და მისი ძის, არკადის მიერ~, `მეფე თეოდოსის ასული, პლაკიდიას მიერ ვათოპედის მონახულებაზე~. ყველა ეს გარდამოცემა ანაქრონიზმებითაა აღსავსე და არც ბიზანტიის ისტორიით დასტურდება და არც ათონის უძველესი ძეგლებით. `ათონის ყველა მონათხრობს არ უნდა დაუჯეროთ… ვათოპედური მონათხრობები გამართულ ზღაპრებზე უარესია.~ (*14)

ათონის იმ გარდამოცემათა შორის, რომლებიც ეპისკოპოსმა პორფირიმ უარყო, აღმოჩნდა თხრობა — `ათონის მცხოვრებთა გადასახლებაზე პელოპონესში და ამ მთაზე ბერების დასახლების შესახებ~. გარდამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ათონის მთაზე სამონოზვნო ცხოვრების დასაწყისის უმნიშვნელოვანესი სტატუსის დამოწმებაზე აქვს პრეტენზია. ის ამტკიცებს, რომ წმიდა კონსტანტინე დიდმა ათონის ყველა მცხოვრები პელოპონესში გადაასახლა და მთა ბერებს გადასცა. მან მათ კარიესში საკათედრო ტაძარი და ვათოპედისა და კოსტამონიტის მონასტრები აუშენა.

ეპისკოპოსი პორფირი ამ გარდამოცემის `უსაფუძვლობას~ ხედავს მის დაპირისპირებულობაში ბიზანტიელი ისტორიკოსების მონაცემებთან, რომლებიც კონსტანტინეს დროს ათონზე მონოზვნების დასახლებაზე არაფერს ყვებიან. ამაზე დუმს ათონის მონასტრებისთვის ნაბოძები სამეფო და საპატრიარქო სიგელებიც. და ბოლოს, ეს ლეგენდა გაჭირვებით ეწერება თავად მონოზვნობის ისტორიაშიც. `კონსტანტინე დიდის მეფობისას მონოზვნობა ის-ის იყო იწყებოდა ეგვიპტეში, პალესტინასა და სირიაში, რომსა და მთელ დასავლეთში კი, კონსტანტინეპოლში, ფრაკიაში, მაკედონიაშიც, სადაც ათონი მდებარეობს, ერთი მონასტერიც არ ყოფილა.~ (*15)

`კონსტანტინეს ათონურ საქმიანობებზე~ გარდამოცემის საპირისპიროდ კი ეპისკოპოსმა პორფირიმ წამოსწია თავისი ვერსია ათონის მთის მონოზვნებით დასახლების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთის საერო მცხოვრებნი აქედან კონსტანტინე დიდმა (IV ს) კი არ გაასახლა, არამედ ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პოგონატმა (VII ს). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (680 წ.) ცოტა ხნით ადრე დაცარიელებული ათონი მონოზვნებს საცხოვრებლად გადასცა მეფე კონსტანტინე პოგონატმა, რის შემდეგაც მის სახელმწიფოში 676 წლიდან მშვიდობამ დაისადგურა. მეუდაბნოეები, მონასტრის ბერები და ღვთისმოსავი ერისკაცნი იქ მცირე სავანეებს იშენებდნენ დაცარიელებული ქალაქებისა და სოფლების მასალებიდან, აარსებდნენ თავიანთ ცენტრალურ მმართველობას ათონის ყელზე ბერთა კათედრის სახელწოდებით~. (*16)

`ათონის ისტორიის~ ავტორი გაცილებით მეტად ენდობა ათონურ გარდამოცემას `ესთიგმენის მონასტრის (421-452 წწ) დედოფალ პულქერიას მიერ აშენების~ შესახებ. ის ეყრდნობა ბიზანტიური წყაროების მონაცემებს, რომლებიც ამოწმებენ, რომ `პულქერიამ ბევრი ეკლესია, ხანაგა (დავრდომილთა თავშესაფარი), უცხოთშემწყნარებელი სახლები და მონასტრები ააშენა და ყველა მათგანისთვის მეფური შესაწირავი გაიღო~. ეპისკოპოსი პორფირიმ პულქერიას ერთ-ერთი ეკლესია დაათვალიერა კიდეც ესთიგმენის სავანის ძველ ნანგრევებში. ის ოცნებობდა, ეს ჰიპოთეზა არქეოლოგიის მონაცემებით შეემოწმებინა. `ვიმედოვნებ არქეოლოგიური სიმართლის დადგენას, როცა შესანიშნავი ესთიგმენის ნანგრევების გათხრები პულქერიას ეპოქის ქრისტიანულ ძეგლებს გამოავლენს – წარწერებს, მონეტებს, ქარტიებს. ერთი სული მაქვს, ეს სიმართლე დადგინდეს… მანამდე კი ვარაუდით დავკმაყოფილდები…~ (*17)

მხოლოდ ერთმა ათონურმა გარდამოცემამ დაიმსახურა ბოლომდე ისეთი მომთხოვნი ისტორიკოსის ყურადღება და პატივისცემა, როგორიც ეპისკოპოსი პორფირია. ის ათონის ყელის ზედა ნაწილში მდებარე ქ. აპოლონიაში (ერისო) პავლე მოციქულის ყოფნის შესახებ მოგვითხრობს.

როცა პავლე მოციქული ადგილობრივ წარმართებს უქადაგებდა და მათ კეთილგონივრულ ცხოვრებასა და ვნებებისგან თავშეკავებას ასწავლიდა, მაშინ ზოგიერთმა მათგანმა, ურცხვმა და ბიწიერმა, მისი ძალით გაკავება და კერპთაყვანისმცემლობით შებღალვა გადაწყვიტა. მოციქულმა ხარების ჯოგს შეაფარა თავი. მაგრამ ბოროტ განმზრახველებმა ის აღმოაჩინეს და გარს შემოეტყნენ. ამ დროს მოციქულის ფეხქვეშ მიწა გაიხსნა და ის პასანდრაში (პალინიში) აღმოჩნდა, აპოლონიიდან 50 მილში. პავლე მოციქულის გადარჩენის ადგილას, ყუთლუმუშის მონასტრის მახლობლად, არის პატარა წყალსატევი – ნაპრალი, საიდანაც წყალი მოედინება. ბერები მას პატივს მიაგებენ, როგორც პავლე მოციქულის აიაზმას. (*18).

ამ გარდამოცემის ჭეშმარიტების დასაზუსტებლად ეპისკოპოსი პორფირი გამოწვლილვით იკლვლევდა მასში აღწერილ ადგილს და დაასკვნა, რომ ის სავსებით შეესაბამებოდა ადგილობრივ მცხოვრებელთა მიერ რწმუნებული გარდამოცემის გარემოს. `სამწუხაროდ, წყალსატევის სიღრმე ვერ გავზომე, რადგან წინასწარ არც თოკი მომიმარაგებია და არც რამე საზომი და ვერც წყალი დავათვალიერე, რადგან ძალიან ამღვრეული იყო~, — წუხდა ეპისკოპოსი პორფირი. პავლე მოციქულის შესახებ ათონური გარდამოცემის დადასტურება მეუფემ წმიდა წერილში ამოიკითხა. `საქმე მოციქულთა~-ში (თავი 17) წერია, რომ პავლე მოციქული მაკედონიის ქალაქ ფილიპიდან თასალონიკში ჩავიდა ამფიპოლისა და აპოლონიის გავლით, რომლებიც ათონის ყელზე მდებარეობს. ეპისკოპოსმა პორფირიმ არქეოლოგიური და ეგზეგეტიკური ანალიზი ჩაატარა და დაასკვნა: `სანდოდ ვაღიარებ ერისოს გარდამოცემას მისი მითიური გარემოების გარეშე; სანდოდ ვაღიარებ, რამეთუ ის შეესაბამება `საქმე მოციქულთა~-ს მონათხრობს და დავამატებ, რომ პავლე მოციქულს ათონო-მაკედონიის აპოლონიაში გადახდა ის განსაცდელი, რომლის შესახებაც საუბრობს კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში (2 კორ. 7, 15). (*19)

ამრიგად, პოპულარული ათონური გარდამოცემების კრიტიკამ ეპისკოპოსი პორფირი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მათი უმეტესობა `გამონაგონია~ და ისტორიული ფაქტებით არ დასტურდება. ამის მიუხედავად, `ათონის ისტორიის~ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ავტორი ფაქიზად და ფრთხილად ეკიდება ათონის სიძველეებს და მონათხრობში მათი მართალი საფუძველის არსებობას არ უარყოფს, რაც შელამაზებისა და ანაქრონიზმების ნაგვის ქვეშ იფარება. მისი სამეცნიერო დასკვნები ამ საკითხში ფრთხილ ჰიპოთეზებს არ სცილდება. `ამ გარდამოცემებს არ უარვყოფ, რამეთუ ისინი ლეგენდარული შელამაზების გარეშე შესაძლოა, დადასტურდეს ქრისტიანული ძეგლების აღმოჩენებით, და იმიტომაც, რომ მათ თავდებად უდგება ათონის მკვიდრთა მემკვიდრეობითობა… არ უარვყოფ, მაგრამ ათონზე მომავალ აღმოჩენათა მოლოდინში ვსარგებლობ მათით, როგორც ისტორიულ ვარაუდებზე მიმნიშნებლებით… ჩემთვის ფასეულია მათი არსი, მათი ყალბი მოპირკეთება კი ისეთი იაფფასიანია, რომ ხურდაშიც კი არ ვიღებ, — წერდა ეპისკოპოსი პორფირი.

მეუფე მკაცრად მისდევდა სანდოობის პრინციპს და მთლიანად ეყრდნობოდა სამეცნიერო კრიტიკას, როგორც საუკეთესო საშუალებას ჭეშმარიტებასთან მისაახლოებლად. მაგრამ მისი კრიტიკული მეთოდი ქრისტიანული რწმენის საფუძვლებისთვის დამანგრეველი იარაღი არ არის და ნაკლებად აქვს რამე საერთო დასავლელი ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო ისტორიკოსების პოზიტივისტურ შეხედულებებთან. წმიდა წერილი და ეკლესიის წმიდა გარდამოცემა ეპისკოპოს პორფირისთვის ყველა საეკლესიო-ისტორიული თხრობის ურყევი ჭეშმარიტება, უმნიშვნელოვანესი წყარო და სანდოობის კრიტერიუმია.

ათონური გარდამოცემების ნამდვილობას ეპისკოპოსი პორფირი კრიტერიუმების მის მიერ შემუშავებული ორიგინალური სისტემით არკვევს. `ათონელი ბერები იმეორებენ რამდენიმე ძველ გარდამოცემას მის დასაწყისზე და გვიჩვენებენ წიგნებსა და რვეულებს, სადაც ისინია ჩაწერილი. მაგრამ არის კი სანდო ეს გარდამოცემები? დასტურდება კი ათონის მცხოვრებთა და იქაური მატიანეების მემკვიდრეობითობის უწყვეტობით, რაიმე სახის სამეფო თუ საპატრიარქო სიგელებით, სასამართლო სიგელებით ან თვენის მონათხრობებით? ხომ არ ეწინააღმდეგებიან მათ? შეგნებულად ხომ არ გამოიგონეს? ხომ არ ეფუძნება ზეგარდამო გამოცხადებად მიღებულ სიზმრებს, რაც ზოგჯერ ბერებს ემართებათ? ხომ არ არის ისინი დამახინჯებული? გადატანითი მნიშვნელობით ხომ არ უნდა გავიგოთ? ეთანხმებიან მას ბიზანტიელი ისტორიკოსები? ხომ არ უარყოფენ მას ჯანსაღად მოაზროვნე და განათლებული ათონელები, როგორც ათონის ანგარებიანი მხარდაჭერისთვის შეთხზულ და ზოგიერთი მონასტრის განსადიდებლად გამოგონილ გამონაგონს? აი, კითხვები, რომლებიც უნდა გაირკვეს ყველა იქაური გარდამოცემის განსჯისას, თან საფუძვლიანად და კეთისინდისიერად უნდა გადაიჭრას.… ამის გადაწყვეტის გარეშე ეს მონათხრობები გონიერი ადამიანის ვერც ყურადღებას მიიპყრობს, ვერც ნდობას ისტორიკოსისადმი და ჩაითვლება იმ მონათხრობთა რიგში, რომელსაც იგონებს ფრაუს პია – იეზუიტის ღვთისმოსავი ტყუილი. ღმერთმა მეც და ყველა გვიხსნას იეზუიტობისგან~. (*20)

ყოვლადუსამღვდელოესი პორფირის ეს სიტყვები იმდენად სახელმძღვანელო როდია ისტორიკოსების ობიექტურად გამოსაკვლევად, რამდენადაც სამწყემსო მოწოდებაა ჭეშმარიტების საძიებლად, სიმართლის მოსაძიებლად როგორც საეკლესიო ისტორიის დაწერისას, ისე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ეპისკოპოს პორფირის გამოცდილება კრიტიკული ანალიზის სფეროში ათონურ გარდამოცემებთან დაკავშირებით შესაძლოა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს დღეს, რადგან მეტისმეტი მითიურობა და ჭეშმარიტი გარდამოცემის დამახინჯება უწინდებურად გამუდმებული თანამგზავრია თანამედროვე მომლოცველობით საქმიანობაში. მაგრამ ის ვერ იქნება თანამედროვე ისტორიული მეცნიერების უნივერსალური საშუალება, რომელმაც XIX საუკუნის შუა ხანების ისტორიკოსების ზღვარს გვარიანად გადააბიჯა. ეპისკოპოს პორფირის ვერ დაეთანხმები იმის მტკიცებით, რომ ჭეშმარიტების აღმოსაჩენად კრიტიკა უნივერსალური საშუალებაა. წერილობითი წყაროების არქონა ან მათი ფორმალური ურთიერთდაპირისპირება ყოველთვის როდი ნიშნავს გამოსაკვლევი საეკლესიო გარდამოცემის სიცრუეს. ერთი კი უეჭველია – ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ საეკლესიო სიძველეებს და ფაქიზად და ფრთხილად შემოვინახოთ საეკლესიო გარდამოცემები, სწორად და ჯანსაღად გავიგოთ ისინი. `გარდამოცემა პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ მისი გაგება და სწორად გადმოცემა უნდა შეგეძლოთ~. (*21)

 

(*1) ფლოროვსკი გ., რუსული ღვთისმეტყველების გზები, ვილნიუსი, 1991, გვ. 367.

(*2) პოლუნოვი ა. ი., სოლოვევი ი. ვ. აკადემიკოს ე. ე. გოლუბინსკის ცხოვრება და შრომები, მოსკოვი, 1998, გვ. 10-11.
(*3) მონოზონი აზარია, ათონის მთის უზენაესი მფარველობა ანუ თხრობანი წმიდა სასწაულთმოქმედი, ათონზე გაბრწყინებული ღვთისმშობლის ხატებისა და სხვა სიწმიდეების შესახებ; СПб.,1860; იგივე ავტორი, ათონური პატერიკი, ანუ ათონის მთაზე გაბრწყინებულ წმიდანთა ცხოვრება, ორ წიგნად; СПб.,1860; თხრობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ეკლესიის სწავლების მიხედვით, წინასწარმეტყველებანი დედა ღვთისაზე და მისი სასწაულები. СПб.,1869.
(*4) მღვდელმონოზონი სერგეი ვესნინი, წერილები მეგობრებს ათონის წმიდა მთის შესახებ, СПб.,1856; იგივე ავტორის გზამკვლევი ათონის წმიდა მთაზე, მისი სიწმიდეებისა და სხვა ღირსესანიშნაობათა გზამკვლევი, М.,1854; იგივე ავტორი, ათონის მთის ამჟამინდელი პანტელეიმონის მონასტერი, 1854; ათონელის თხზულებანი და წერილები, შეკრებულნი მისი გარდაცვალების შემდეგ, СПб.,1858.
(*5) ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი), ათონის ისტორია, მოსკოვი, 2007, წიგნი პირველი, ნაწილი მესამე, სამონოზვნო ათონი, გვ. 1013.
(*6) ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი), ათონის წმიდა მთის სავანეებში დაცული აქტების მისათითებელი, СПб.,1847; იგივე ავტორი, ათონის მონასყრების აღწერა 1845-46 წწ. СПб.,1848; იგივე ავტორის – პირველი მოგზაურობა ათონის მონასტრებსა და სკიტებში არქიმანდრიტის, ამჟამად ეპისკოპოს პორფირი უსპენსკისა 1845 და 1846 წლებში; წიგნი პირველი და მეორე, კიევი, 1877; იგივე ავტორის – მეპორე მოგზაურობა ათონის წმიდა მთაზე 1858, 1859 და 1861 წლებში და ათონის სკიტებიოს აღწერა, მოსკოვი, 1880 წ.
(*7) ეპისკოპოსი პორდირი (უსპენსკი), ათონის ისტორია, მოსკოვი, 2007 წ., წიგნი პირველი, ნაწილი პირველი, წარმართული ათონი, გვ. 33-34.
(*8) ეპისკოპოსი პორდირი (უსპენსკი), ათონის ისტორია, მოსკოვი, 2007 წ., წიგნი პირველი, ნაწილი მეორე, ქრისტიანული საერო ათონი, გვ. 201-202.
(*9) იქვე, გვ. 214-216;
(*10) იქვე, გვ. 210-211, 213;
(*11) იქვე, გვ. 212;
(*12), გოლუბინსკი ე. ე., რუსული ეკლესიის ისტორია, მოსკოვი, 1997, ტომი პირველი, გვ. 30;
(*13) ეპისკოპოსი პორდირი (უსპენსკი), ათონის ისტორია, მოსკოვი, 2007 წ., გვ. 222-223;
(*14) იქვე გვ. 222-258;
(*15) იქვე, გვ. 225-230;
(*16) იქვე გვ. 329-330;
(*17) იქვე გვ. 258-261;
(*18) იქვე გვ. 217-218;
(*19) იქვე გვ. 220;
(*20) იქვე, გვ. 198
(*21) იქვე გვ. 197.

 

ავტორი — დეკანოზი ალექსი მარჩენკო