ქრისტიანული სექსუალური რევოლუცია

ქრისტიანული სექსუალური რევოლუცია

აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული, უკვე საუკუნეებია რაც ევროპის სკოლებში წარმართულ სიძველეებსა და ანტიკურობას ერთგვარად ცენზურანარევი, შელამაზებული სახით ასწავლიან. ეგვიპტის ჭაღარა პირამიდებსა და ათასწლეულთა სიბრძნეს ელადის თეთრი მარმარილოს ტაძრები ენაცვლებიან, ღმერთებისა და ხალხების მეგობრობა, ბუნების ძალებთან სიახლოვე და პოეტური უშუალობა…და მათ შემცვლელდ მოსული შავანაფორიანი ბერმონაზვნები და პირქუში შუასაუკუნეები. კონტრასტი იმდენად თვალშისაცემია, რომ საბრალო მოსწავლეს ვეღარასგზით გაუგია, როგორ შეიძლებოდა, ანტიკური უბრალოება და ადამიანურობა შუასაუკუნეების წყვდიადში მოქცეულიყო.

ამ გაოგნებას თავისი მიზეზი აქვს: არცთუ იშვიათად, კარგად ნაკითხი ადამიანის ცოდნაც კი ანტიკური მითოლოგიის სფეროში შემოიფარგლება ნიკოლაი კუნის წიგნით „ძველი ბერძნული მითოლოგია“, რომელიც ძირითადად ბავშვებისათვის არის განკუთვნილი და რომლიდანაც, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელია, გაიგო, თუ რატომ გამოუცხადა ქრისტიანობამ ბრძოლა, ერთი შეხედვით, ესოდენ უწყინარსა და მშვენიერ ზღაპრებს. მოდით, ცენზურის გარეშე გავეცნოთ ორ მათგანს, ორ ყველაზე ცნობილსა და მომხიბვლელ ბერძნულ მითს.

კვიპროსი-„ახალი რუსებისთვის“ ერთობ სანუკვარი სიტყვა. კვიპროსზე ჩასულ ყოველ ტურისტს აუცილებლად უჩვენებენ „სიყვარულის პლაჟს“, რომელზეც გამოსულა ოდესღაც ზღვის ქაფიდან შობილი მშვენიერი აფროდიტე. სკოლებში ამ მითთან გაცნობისას ბოტიჩელის, რუბენსისა და ტიციანის „ვენერას დაბადების“ რეპროდუქციებსაც უჩვენებენ. მაგრამ გიდებიც და მასწავლებლებიც გვერდს უვლიან ერთ გარემოებას, კერძოდ, არაფერს ამბობენ იმ პირველი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზზე, რამაც გამოიწვია პირველშექმნილი ზღვის აქაფება. ამ ამბის მოყოლა კი უნდა დავიწყოთ კრონოსის აჯანყებით საკუთარი მამის-ურანუსის წინააღმდეგ, რომელიც ამ უკანასკნელის კასტრაციით დამთავრდა და შემდეგ „ბასრი ადამანტით წაკვეთილი ნაყოფიერების ასო დიდხანს დაცურავდა ზღვაზე, მის გარშემო თეთრი ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ულამაზესი ქალიშვილი ამოიმართა, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითარას, შემდგომ კი დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი… ამოვიდა ნაპირზე მშვენიერი ქალღმერთი… და ეწოდა მას აფროდიტე, „ქაფიდან შობილი“(ჰესიოდე. თეოგონია. 188-197).

მეორე მითი მოგვითხრობს ათინას დაბადებას მამის-ზევსის თავიდან. უხვი ალეგორიები ამ შემთხვევაშიც ჩრდილში ტოვებს ბუნებრივად გაჩენილ კითხვას: როგორ აღმოჩნდა ათინა ზევსის თავში? ამ ისტორიასაც არცთუ მოსაწონი გაგრძელება აქვს: იმხანად ზევსს ცოლად ჰყავდა ოკეანიდი, სახელად მეტიდა, რომელიც ოჯახური ცხოვრებისთვის საკმაოდ უსიამოვნო-პოლიმორფიზმის თვისებას ფლობდა,მარტივად რომ ვთქვათ, რადაც უნდოდა, იმად გადაიქცეოდა (ჩვეულებრივი ოჯახური დიალოგის დროს, ქმრის სრულიად უწყინარ რეპლიკაზე-„წვნიანს მარილი ისევ აკლია?!“ მეუღლეს შეეძლო დრაკონად გადაქცეულიყო-ასეთის „აღზრდა“ კი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული…). გადაწყვიტა რა მისი თავიდან მოშორება, ზევსმა დაითანხმა მეუღლე, დაპატარავებულიყო… ახლა “ჩექმებიანი კატის“ სიუჟეტიც უფრო გასაგები ხდება. როგორც კი მეტიდა დაპატარავდა, ზევსმა ის გადაყლაპა და რადგან მეტიდა იმხანად ათინაზე გახლდათ ფეხმძიმედ, მთელი ეს დიდი სიბრძნე(ბევრ სხვა თვისებასთან ერთად ათინა გონიერების სიმბოლოსაც განასახიერებდა), ზევსის თავში მოექცა (ჰეს. თეოგონია 886-890). * არანაკლებ შთამბეჭდავია ამ ისტორიის ფინალი: შემდგომში ჰეფესტომ ჩაქუჩით გაუპო ზევსს თავი და ქვეყნიერებას მოავლინა ათინა, უფრო მოგვიანებით კი გააუპატიურა იგი*.(მთარგმნ. შენიშ).

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სახელგანთქმულმა ჰერაკლემ ცხოვრება თვითმკვლელობით (სოფოკლე. ტრაქინელი ქალები) და ბავშვებისადმი გაფრთხილებით დაასრულა: „თქვენ მოწმენი ხართ ღმერთების უდიდესი სისასტიკისა“. მთლიანობაში კი ანტიკურობა საკმაოდ უცნაური გზით წავიდა. ლაპარაკია ჰომოსექსუალიზმზე. უცნაურია, რომ სწორედ ამ მეჩეჩზე შეჯდა და საუკუნეების მანძილზე მასში ჩაიჭედა ის კულტურა, რომელიც აიდეალებდა ვაჟკაცობასა და უშუალობას, ჰარმონიასა და ზომიერებას, კულტურა, რომელიც ხოტბას ასხამდა ჰერაკლესა და ოდისევსის გმირობებს.

პლატონი მამაკაცებს შორის სიყვარულს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე- სიყვარულს ქალსა და მამაკაცს შორის. პლატონისეული მითი ანდროგენების შესახებ შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც ასევე ხშირად „ავიწყდებათ“. ამ მითის თანახმად, ანდროგენებს სამი სქესი ჰქონიათ: მამაკაცური, ქალური და ქალურ-კაცური (საკუთრივ ანდროგენი). როცა მათი გაძლიერებით შეშფოთებულმა ზევსმა პირველი ადამიანი ორად გაჰყო, ყოველმა მათგანმა თავის მეორე ნახევარს დაუწყო ძებნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ადამიანთა მესამედი ეძებს სიახლოვეს საწინააღმდეგო სქესთან, დანარჩენი ორი მესამედი კი საკუთარი სქესის წარმომადგენელს დაეძებს. რა თქმა უნდა, ამ ორ მესამედსაც შეუძლია, ჰქონდეს ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან, მაგრამ მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით: „…რათა კაცისა და ქალის ერთობლიობას გაეგრძელებინა მოდგმა და გაჩენილიყვნენ ბავშვები, ხოლო უშუალოდ შერწყმით მიღებული სიამოვნება მიიღწეოდა მამაკაცების შერწყმით, რის შემდეგაც მათ შეეძლოთ, დაესვენათ და ეკეთებინათ მათთვის საჭირო სხვა საქმე… მამაკაცები, რომლებიც უწინდელი მამაკაცის ნახევარს წარმოადგენენ, მიილტვიან ყოველივე მამაკაცურისკენ: უკვე ბავშვობის ასაკიდან უყვართ მამაკაცები, მათთან წოლა და ალერსი. ისინი საუკეთესო ბიჭები და ყმაწვილკაცები არიან“ (ნადიმი. 191-192).

ასე „ღვთაებრივ ფილოსოფიასთან ერთად გაიფურჩქნა სიყვარული ბიჭების მიმართ“ (ლუკიანე. ორი სიყვარული.35). მოზარდის მხრიდან სექსუალური მომსახურება ითვლებოდა იმ მასწავლებლისათვის ნორმალურ გადახდის ფორმად, რომელიც რაიმე პროფესიის ათვისებაში ეხმარებოდა მას. როდესაც ალკივიადი მოისურვებს, გახდეს სოკრატეს მოსწავლე, „გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც სოკრატე მომთხოვდა. იმედი მქონდა, რომ მას თვალში მოუვიდოდა ჩემი აყვავებული სილამაზე და ეს უდიდეს წარმატებად და საჩუქრად ჩავთვალე: საშუალება მეძლეოდა, მომესმინა ყველაფერი, რაც სოკრატემ იცოდა. ერთხელაც, ასეთი ფიქრებით გატაცებულმა დავითხოვე გამცილებელი, რომლის გარეშე იქამდე სოკრატეს არასოდეს შევხვედროდი, და მასთან პირისპირ დავრჩი… მოუთმენლად ველოდი, როდის დამელაპარაკებოდა ისე, როგორც შეყვარებულები საუბრობენ მოწმეების გარეშე და წინასწარ მიხაროდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მაშინ გადავწყვიტე. შეტევაზე გადავსულიყავი… დავწექი მისი გაცვეთილი მოსასხამის ქვეშ, ორივე ხელი მოვხვიე ამ ადამიანს და მთელი ღამე ასე გავატარე… და მაინც, მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობისა, მან გაიმარჯვა, არად ჩააგდო ჩემი სილამაზე… დაბნეული ვიყავი და თავს უმწეოდ ვგრძნობდი“ (პლატონი. ნადიმი.217-219).

როგორც ხედავთ, აქ სოკრატეს უბიწოება გამხდარა გაკვირვების საგანი. თუმცა სოკრატე არასოდეს განსჯიდა მამათმავლობას, არც არავის მოუწოდებდა, ქალებისკენ მიტრიალებულიყო, ის მხოლოდ ხაზს უსვამდა, რომ მარტო ბიჭის სხეული კი არ ყვარებოდათ, არამედ- მისი სულიც და სულიერი სიახლოვე ხორციელზე მაღლა დაეყენებინათ (ქსენოფონტე. ნადიმი, 8). თუმცა, არც სხეული იწვევდა მასში (თუ პლატონში, რომელიც მისი სახელით წერდა) ნაკლებად ბობოქარ გრძნობებს (პლატონი. ქარმიდი. 155). იდეალური სიყვარულის აღწერა პლატონს მოცემული აქვს „ფედრაში“(255-256). ვისაც იგი ერთხელ მაინც წაუკითხავს, სამუდამოდ თავს შეიკავებს ისეთი მაღალფარდოვანი გამონათქვამისაგან, როგორიცაა „პლატონური სიყვარული“…

ასე ბაძავდნენ ელინები ღმერთებს. „სიყვარულის უცნაურობანი“ ხომ ყოველთვის უხვად იყო ოლიმპოზე: ზევსის საყვარელი ჰანიმედი იყო (ოვიდიუსი. მეტამორფოზები 10,155, ასევე ჰომეროსი. ილიადა. 20,232), ჰერაკლესი-ჰილასი, პოსეიდონის-პელოპი (კლიმენტი ალექსანდრიელი. შეგონება წარმართებს). ოვიდიუსის მიხედვით, სხვა არავინ, თუ არა ორფეოსი „იყო დამნაშავე იმაში, რომ მისი მიბაძვით ფრაკიელთაც გადაიტანეს სასიყვარულო გრძნობები უმწიფარ ჭაბუკებზე“ (ოვიდ. მეტამორფ. 10,83-84).

და უეცრად მთელ ქვეყანაზე გაისმა პავლე მოციქულის სიტყვები: ნუ მოტყუვდებით… მამათმავალნი… ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს (1კორინთ.6,9-11).

მამაკაცური სიყვარული ქალს დაუბრუნდა და საეკლესიო საიდუმლოს მადლით შეიმოსა… ქრისტიანობამ დაუბრუნა კაცები ქალებს, შესაძლოა, სამადლობლად იმისა, რომ სახარებისეული მოვლების ჟამს, არცერთ ქალს, არც სიტყვით და არც საქმით, არაფერი უკადრებია მაცხოვარისათვის (პილატე პონტოელის ცოლიც კი ერთგვარად იესოს ქომაგად გვევლინება).

დღეს კი ქრისტიანობის მიერ ბოძებული ეს ნიჭი კამათისა და დაცინვის საგანი გამხდარა. დღეს კვლავაც მოდაშია და პრესტიჟულად ითვლება სპეციფიკურ „უმცირესობაში ყოფნა“. მხოლოდ ერთი საგაზეთო სტატიით შემოვიფარგლები: „საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ელიზაბეტ გიგუ ბავშვივით ხარობდა, ადგილიდან წამოხტა, იცინოდა და ტაშს უკრავდა საფრ. ეროვნული კრების მემარცხენე ფრაქციების ყველა დანარჩენ დეპუტატთან ერთად. სიხარულის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ: მათ, როგორც იქნა, გაათრიეს ე.წ. »სამოქალაქო სოლიდარობის პაქტი“ (იგივე PACS), რომლითაც საფრანგეთში დაკანონდა ქორწინება ჰომოსექსუალურ წყვილებს შორის. ასეთი შეთანხმების ხელისმომწერთა ურთიერთობას კანონი უკვე განიხილავს საქორწინო ურთიერთობების შესაბამისად. მათ შეუძლიათ, როგორც მეუღლეებმა, ქონება გადასცენ ერთმანეთს, გადაიხადონ ნაკლები გადასახადი- როგორც დაქორწინებულებმა, იცხოვრონ ერთ ჭერქვეშ, აწარმოონ მეურნეობა, მიიღონ ერთმანეთის პენსიები. მათ, ვინც შევიდა PACS-ში, უკვე ერთი წლის შემდეგ შეუძლია, წარადგინოს განაცხადი ნატურალიზაციაზე (ჩვეულებრივი ქორწინება ამის უფლებას არ იძლევა). ამიერიდან, ათასობით უცხოელ ჰომოსექსუალისტ ქალსა და კაცს, რომლებიც ფრანგ ქალთან ან ფრანგ კაცთან ცხოვრობს, შეუძლია, მიიღოს საფრანგეთის მოქალაქეობა. ამ კანონის მისაღებად მემარცხენეებს ერთი წელი და საპარლამენტო სხდომების 120 საათი დასჭირდათ. მიუხედავად მემარჯვენეების გააფთრებული წინააღმდეგობისა, 13 ოქტომბერს PACS მიღებულ იქნა ეროვნული კრების მიერ სოციალისტების, კომუნისტებისა და „მწვანეების“ 315 ხმით, მემარჯვენე დეპუტატების 245 ხმის წინააღმდეგ. მემარცხენეებმა, განსაკუთრებით კი სოციალისტებმა შეასრულეს 1997 წელს მიცემული წინასაარჩევნო პირობა. ჰომოსექსუალისტი ამომრჩევლების ხმები იმ არჩევნებზე, მართალია, გადამწყვეტი არ ყოფილა, მაგრამ არსებითი ფაქტორი გახდა საიმისოდ, რომ სასწორის თეფში მემარცხენე კოალიციისკენ გადახრილიყო. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეწარმეთა და ინტელექტუალების შესაბამისი ლობის მხარდაჭერა. რას იზამთ? კარლ მარქსისა და ვლადიმირ ლენინის მომხრეებს ამპლუა არ შეუცვლიათ: მათ არაერთგზის დაამტკიცეს, რომ არ არსებობს კანონი, რომელსაც არ მიიღებდნენ ხელისუფლების სათავეში უფრო დიდი ხნით გასაჩერებლად… შემთხვევითი არ არის, რომ ამ კანონის წინააღმდეგ პირველი საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია გამოვიდა. »ამ კენნჭისყრის შემდეგ,- ნათქვამია ფრანგი ეპისკოპოსების მიმართვაში,-მთელი სიცხადით , დგება შეკითხვა, გვსურს, თუ არა, შევინარჩუნოთ მომავალში ქორწინების ინსტიტუტი, გვსურს, თუ არა, მოვამზადოთ ახალგაზრდობა ოჯახის შექმნისათვის? გვსურს, თუ არა, უზრუნველვყოთ ეს ოჯახები გადარჩენის შესაძლებლობით, იმისათვის, რომ შეასრულონ თავისი მისია, თავისი შეუცვლელი მოვალეობა ადამიანის აღზრდისა?“სამღვდელოებას პასუხი არ მიუღია პოლიტიკოსებისაგან.

პასუხს არც ჩვენ დავუცდით. უბრალოდ, უნდა გავისიგრძეგანოთ, თუ სახელდობრ რომელი „ქრისტიანული მემკვიდრეობა“აღმოჩნდა დრომოჭმული იმ „ახალი მსოფლიო წესრიგისათვის», რომელიც უკვე ხმამაღლა ახდენს მესამე ათასწლეულის პრივატიზებისადმი თავისი მიდრეკილების დეკლარირებას. სან-ფრანცისკოს სკოლებში კი პირველკლასელებს უკვე კარნახობენ ისეთ თხზულებებს, რომლებშიც ტრადიციული „იყო და არა იყო რა, იყვნენ მოხუცი და დედაბერი…“, შეცვლილია „ოჯახური“ ურთიერთობის ახალი მოდელით: „იყო და არა იყო რა, იყვნენ ჯონი და ჯეკი…“

უკვე გული გერევათ? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში ჯერ კიდევ ცოცხლობს ქრისტიანული კულტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმოშობით ქრისტიანული შუასაუკუნეებიდან ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ „ახალ მსოფლიო წესრიგში“, 21-ე საუკუნეში თქვენ პრობლემები გექნებათ.

არქიდიაკონი: ანდრია კურაევი

თარგმნა დავით ქოქრაშვილმა