ურწმუნო თომა

ურწმუნო თომა

„ უკეთუ არა ვიხილო, არა სადა მრწმენეს,“ — ასე უპასუხა თომამ, ქრისტეს თორმეტი მოწაფიდან ერთ-ერთმა, როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა სიხარულით აუწყეს, რომ თავისი ჯვარცმული და მომკვდარი უფლის აღდგომა იხილეს. სახარება მოგვითხრობს, რომ რვა დღის შემდეგ, როდესაც მოწაფეები ისევ ერთად შეიკრიბენ, ქრისტე მივიდა მათთან და თომას უთხრა: „ მოჰყუენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.“ და თომამ შესძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ მაშინ იესომ მიუგომას: „რამეთუ მიხილე და გრწამს ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.“

მილიონობით ადამიანი თომასავით ფიქრობს და მიაჩნია, რომ მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ერთადერთი სწორი და შესაფერისი დამოკიდებულებაა: „უკეთუ არა ვიხილო, არა სადა მრწმენეს.“ ესე იგი, არსებობდა სხვა დამოკიდებულებაც, სხვა საზომი, სხვა შესაძლებლობა. „დიახ, არსებობდა, — „ გვპასუხობენ,- „ მაგრამ ეს გულუბრყვილო, არარაციონალური, მოკლედ რომ ვთქვათ, არამეცნიერული დამოკიდებულებაა, ეს ჩამორჩენილი ადამიანებისათვის არის. მე კი თანამედროვე ადამიანი ვარ, ასე რომ, თუ არ ვიხილავ, არა მწამს.“

ჩვენი უდიდესი გამარტივების, და აქედან გამომდინარე, უკიდურესად გაღარიბებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. „ მეცნიერულია,“ „არამეცნიერულია,-„ ადამიანები იმეორებენ ამ სიტყვებს, თითქოს ისინი თავისთავად ცხადი, აშკარა აზრის მქონე იყოს; იმეორებენ იმიტომ, რომ ამ სიტყვებს ყველა იმეორებს; იმეორებენ ისე, რომ არც უფიქრდებიან და არც განსჯიან. სინამდვილეში კი თვითონ ზუსტადაც რომ ბრმად და მარტივად სწამთ ამ სიტყვებისა. ამიტომაც ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება არასერიოზულია და ყურადღების ღირსიც კი არ არის. საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ მართლაც ასეა?

ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ უკიდურესად გაღარიბებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. მართლაც, თუ თავისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე კაცობრიობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „თუ არ ვიხილავ, არ ვიწამებ“ და ეს დასკვნა მას უმაღლეს სიბრძნედ და აზროვნების უდიდეს მონაპოვრად მიაჩნია, მაშინ ჩვენი სამყარო ღარიბი, ერთფეროვანი და რაც მთავარია, საოცრად მოსაწყენი ყოფილა. თუ მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც ვხედავ, ვეხები, ვზომავ, ვანაალიზებ, რა ცოტა მცოდნია?! ამ შემთხვევაში უარყოფილია ადამიანის მთელი სულიერი სამყარო, ის აზრები, ის ღრმა ცოდნა, რომელიც „მე ვხედავ,“  „ მე ვეხები“-დან კი არ მომდინარეობს, არამედ იქიდან, რასაც „მე ვფიქრობ“ და რაც მთავარია, რასაც „ვჭვრეტ.“ უარყოფილია ის ცოდნა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დამყარებული იყო არა გარეგან ემპირიულ გამოცდილებაზე, არამედ ადამიანის რომელიღაც სხვა, გასაოცარ და აუხსნელ უნარზე, რაც მას ყველა სხვა არსებისაგან გამოარჩევს და ჭეშმარიტად განუმეორებელს ხდის. ჩვენ დღეს უკვე ვიცით, რომ შეხება, გაზომვა, ზუსტი ცნობების მოცემა, წინასწარი გათვლაც კი არა მარტო ადამიანს, არამედ რობოტს, მანქანას, კომპიუტერსაც შეუძლია. უფრო მეტიც, რობოტი ადამიანზე უკეთ, უფრო ზუსტად, უფრო „მეცნიერულად“ გაზომავს, შეადარებს, უშეცდომო, ზუსტ ცნობებს მოგვაწვდის; მაგრამ ვერცერთი რობოტი ვერასდროს, ვერანაირ პირობებში ვერ შეძლებს აღფრთოვანდეს, გაუკვირდეს, შეიმეცნოს, გაუხარდეს, გული აუჩუყდეს, დაინახოს სწორედ ის, რისი დანახვაც არანაირი გაზომვებით და ანალიზით არ შეიძლება. ვერცერთი რობოტი ვერ გაიგებს იმ უჩუმარ ბგერებს, საიდანაც მუსიკა და პოეზია იბადება, ვერ ატირდება, ვერ იწამებს. ნუთუ ყოველივე ამის გარეშე, ჩვენი სამყარო უფერული, მოსაწყენი და, მე ვიტყოდი, უსარგებლოც არ გახდება? რა თქმა უნდა, თვითფრინავები და კოსმოსური ხომალდები უფრო ზუსტ ანალიზებს ჩაატარებენ, მაგრამ რისთვის? მიპასუხებენ: „კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.“ მესმის და მეც ვპასუხობ: „ ქვეყანაზე ივლის ჯანმრთელი, მაძღარი, თვითკმაყოფილი ადამიანი, მაგრამ იგი იქნება სრულიად ბრმა და ყრუ, ისე რომ ვერც მიხვდება, რომ იგი ბრმა და ყრუა.“

„უკეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს.“ მაგრამ ემპირიული გამოცდილება ხომ ცოდნის მხოლოდ ერთ-ერთი, თანაც ყველაზე მარტივი და ამიტომ ყველაზე დაბალი სახეა. ემპირიული გამოცდილება საჭირო და აუცილებელია, მაგრამ კაცობრიობის მთელი ცოდნის მასზე დაყვანა იგივეა, რაც ნახატის სილამაზის აღქმა საღებავების ქიმიური ანალიზით. ის, რასაც ჩვენ რწმენას ვეძახით, ფაქტობრივად, ადამიანის ცოდნის მეორე, უმაღლესი დონეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცოდნის, რწმენის გარეშე ადამიანი ერთი დღეც ვერ იცოცხლებდა. ყველას რაღაცის, ვიღაცის სწამს და საქმე მხოლოდ იმაშია, ვისი რწმენა, ხედვა თუ სამყაროს შემეცნება არის ყველაზე სწორი, სრული და უფრო მეტად შეესაბამება სიცოცხლის მთელ მრავალფეროვნებასა და სირთულეს.

ამბობენ, რომ ქრისტეს აღდგომა გამოგონილია, რადგან მკვდრები არ აღდგებიან. ასეა, თუ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, სიკვდილი უნდა დამარცხდეს, რადგან ღმერთი არ შეიძლება იყოს ხრწნისა და სიკვდილის ღმერთი. მაშინ ამბობენ: „ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი არავის უხილავს:“ მაგრამ რა ვუყოთ მაშინ გამოცდილებას მილიონობით ადამიანისა, რომლებიც სიხარულით მოწმობენ, რომ იხილეს არა ფიზიკური, არამედ შინაგანი, ღრმა და უტყუარი ხედვით?

ორი ათასი წელი გავიდა და ისევ თითქოს ზეციდან გარდამოსულ სიტყვებზე: „ქრისტე აღდგა,“ ისევ ის მოზეიმე პასუხი ისმის: „ჭეშმარიტად აღდგა!“ ნუთუ ვერ ხედავთ, ნუთუ არ გესმით? ნუთუ გულის სიღრმეში ყველანაირი ანალიზის, გაზომვისა და შეხების მიღმა ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ მარადიულ ბრწყინვალე ნათელს, არ გესმით მარადიული ხმა: „მე ვარ გზა, აღდგომა და ცხოვრება?“ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სულის სიღრმეში, ჩვენში, ჩემში არსებულ ურწმუნო თომას პასუხობს ქრისტე: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე…“

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი