რწმენის ძიებაში

რწმენის ძიებაში

რწმენა არის გზა,რომლითაც ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს შესახვედრად მიდიან. პირველ ნაბიჯს დგამს ღმერთი; მას ყოველთვის და უპირობოდ სწამს ადამიანისა. იგი მას აძლევს ერთგვარ ნიშანს მასთან თავისი მყოფობის ერთგვარ წინარეგანცდას. ადამიანს თითქოს ესმის ღმერთის იდუმალი მოწოდება და ამ მოწოდების პასუხად ღმერთისკენ დგამს ნაბიჯს. ღმერთი ადამიანს უხმობს აშკარად ან ფარულად, საგრძნობლად ან თითქმის შეუმჩნევლად. მაგრამ ძნელია, ადამიანმა ღმერთი ირწმუნოს, თუ მანამდე მისგან მოწოდებას არ იგრძნობს. რწმენა არის საიდუმლოება და იდუმალება. რატომ ხდება, რომ ერთი ადამიანი პასუხობს ღმერთის მოწოდებას, მეორე კი არ ესმის? რატომ ხდება, რომ ერთნი, როგორც კი თავის გზაზე ღმერთს შეხვდებიან, მაშინვე ყოველივეს ტოვებენ და მას მოჰყვებიან, სხვანი კი მას ზურგს აქცევენ და სულ სხვა მხარეს მიდიან? როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: ,,მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას. (მათე 4,18-22). მაინც რაში მდგომარეობს საიდუმლოება გალილეველ მეთევზურთა ამ მზადყოფნისა-გაჰყვნენ ქრისტეს, რომელლსაც ისინი პირველად ხედავენ? და რატომ არ გამოეხმაურა მას მაშინვე მდიდარი ჭაბუკი, რომელსაც ქრისტემ ასევე უთხრა: (მათე 19,21,22)? იმაში ხომ არა, რომ ისინი ღატაკები იყვნენ, ეს კი იყო მდიდარ ფრიად; ცხოვრებაში მათ არაფერი გააჩნდათ ღმერთის გარდა, ეს კი ამქვეყნად საუნჯეს ფლობდა? ყოველ ადამიანს აქვს თავისი საუნჯე ამქვეყნად-იქნება ეს ფული თუ ნივთები, კარგი სამუშაო თუ ყოფითი კეთილდღეობა. უფალი კი ამბობს: ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი (მათე 5,3); ლუკას სახარების ძველ ხელნაწერებში უფრო მარტივად და პირდაპირ წერია ამის შესახებ: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი (ლუკა 6,20). ნეტარ არიან, რომელნიც მიხვდნენ, რომ ვერავითარი მიწიერი მონაპოვარი ადამიანს ღმერთს ვერ შეუცვლის; ნეტარ არიან,რომელნიც მიდიან და ჰყიდიან მთელ თავიანთ მონაგარს, ოღონდაც მოიპოვონ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაით რწმნეა (მათე 13,45,46); ნეტარ არიან, რომლებმაც შეიცნეს, რომ ღმერთის გარეშე-სიღატაკეა, რომლებსაც მოსწყურდათ და მოშივდათ იგი მთელი სულით, გონებითა და ნებით. სიტყვა სარწმუნოების შესახებ არასოდეს ყოფილა ადვილად აღსაქმელი, მაგრამ ჩვენს დროში ადამიანები იმდენად არიან მიწიერი პრობლემებით შთანთქმულნი, რომ ბევრს ამ სიტყვის მოსასმენად და ღმერთზე დასაფიქრებლადაც კი არ სცალია. ხშირად რელიგიურობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ იდეღესასწაულება ქრისტესშობა და აღდგომა, იცავენ კიდევაც რამოდენიმე საეკლესიო წეს-ჩვეულებას, და ისიც იმიტომ, რომ „არ მოსწყდნენ ფესვებს“, ეროვნულ ტრადიციებს. რიგ ადგილებში რელიგია უცებ „მოდაში“ შემოდის და ეკლესაიაში მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ მეზობლებს არ ჩამორჩნენ. მაგრამ ბევრისათვის მთავარი მაინც საქმიანი ცხოვრება და სამუშაოა. „საქმიანი ხალხი“, — ესაა XX საუკუნის განსაკუთრებელი გენერაცია, მათთვის სხვა არაფერი არსებობს, გარდა საკუთარი ფუნქციისა რამე „საქმეში“, ბიზნესში, რაც მთლიანად ნთქავს მათ და ამოსუნთქვის იოტისოდენა საშუალებასაც კი არ აძლევს, ღმერთის ხმა რომ გაიგონონ. და მაინც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სხვადასხვა მოვლენისა და შთაბეჭდილების მიუხედავად, ხმაურსა და ქაოსს შორის ადამიანებს ესმით თავიანთ გულებში ღმერთის იდუმალი მოწოდება. თუმცა, შესაძლოა, ეს მოწოდება ყოველთვის არ შეესაბამებოდეს იდეას ღვთაებრიობის შესახებ, და სუბიექტურად არცთუ იშვიათად ის აღიქმება როგორც ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შინაგანი შფოთი და ძიება. ადამიანი მხოლოდ წლების შემდეგ აცნობიერებს, რომ მთელი მისი წარსული ცხოვება იმიტომ იყო ასეთი არასრულფასოვანი და უსარგებლო, რომ მასში არ იყო ღმერთი, ურომლისოდაც ყოფიერების სისავსე შეუძლებელია. „შენ შეგვქმენიშენთვის, -ამბობს ნეტარი ავგუსტინე,-და მოუსვენრად შფოთავს ჩვენი გული, სანამ შენ მიერ არ დაწყნარდება“. ღმერთის მოწოდება შეიძლება შევადაროთ მშვილდის ისარს, რომლითაც ღმერთი, როგორც გამოცდილი მონადირე, ადამიანის სულს ჭრილობას აყენებს. სისხლმდინარე და შეუხორცებელი ჭრილობა კი ადამიანის სულს აიძულებს, ყველაფერი მიატოვოს და მკურნალი ეძებოს. ადამიანის სული, რომელმაც ეს მოწოდება იგრძნო, ღვთისადმი მხურვალე ლტოლვით შეპყრობილი ხდება, „და ასეთი სულის ზრახვები,-წერს ღირსი მაკარი ეგვიპტელი,-ანთია სულიერი სიყვარულითა დაუოკებელი სწრაფვით სულის სულ უფრო და უფრო დიდებული სიყვარულით ზეციერი სასიძოსადმი და… მიილტვიან ამაღლებულისა და უდიადესისაკენ, რასაც უკვე ვეღარც სიტყვებით გამოხატავ, ვეღარც ადამიანური გონებით მისწვდები… მძიმე შრომის, ძალისხმევის, ხანგრძლივი ღვაწლისა და ბრძოლის გზით… ასეთი სულები ყოველთვის აღტაცებულნი არიან ზეციური სულიერი საიდუმლოებებით და, უკეთესსა და უდიდესს მოწყურებულნი, გატაცებულნი არიან ღვთიური სილამაზის მრავალფეროვნებით, რამეთუ ღვთიურ სულში სხვადასხვაგვარი, ამოუწურავი, გამოუთქმელი და წარმოუდგენელი სილამაზეა, რომელიც ხილულია ღირსეული სულებისთვის მათ სასიხარულოდ და დასატკბობად, სანუგეშოდ და საცხონებელად, რათა წმინდა სულმა, რომელიც მარადჟამ ერთგვარი მონატრებით განიცდის ზეციერი სასიძოსადმი უძლიერეს და მგზნებარე სიყვარულს, უკვე აღარასოდეს მიიხედოს უკან- მიწიერისაკენ, არამედ ყოვლითურთ იქმნეს მისკენ მილტოლვილი“.

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი