არაბიბლიური სწავლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში მკვდრეთით აღდგომის შესახებ

არაბიბლიური სწავლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში მკვდრეთით აღდგომის შესახებ

იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი კონფესიის მოძღვრება, სწავლება ბიბლიას ეფუძნება. თუ ვინმე ყურადღებით წაიკითხავს ამ ორგანიზაციის პუბლიკაციებს, წიგნებს და შეადარებს წმინდა წერილის ტექსტებს, რომელიც თითქოსდა საფუძვლად უდევს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ დადგენილ სწავლებას, დაინახავს აშკარა სხვაობას, უფრო მეტიც საპირისპირო მტკიცებულებას ბიბლიასა და იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას შორის. მოცემულ მცირე სტატიაში წარმოგიდგენთ, რამოდენიმე ასეთ ფაქტს.

  1. არაბიბლიური სწავლება მცირე რიცხოვანი ნაწილის (144 000 წევრის) დაუყონებლივ მკვდრეთით აღდგომის შესახებ

პუბლიკაციაში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ წერია:

როცა ჩვენს დროში ერთგულ ცხებულ ქრისტიანთა დედამიწაზე დარჩენილი მცირერიცხოვანი ნაწილიდან ვინმე კვდება, მისი აღდგენა ზეციერი ცხოვრებისთვის დაუყოვნებლივ ხდება (1 კორინთელები 15:51—55). ადამიანთა უმრავლესობა კი მკვდრეთით აღდგება მომავალში დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად.“[1]

აღნიშნული ორგანიზაციის სწავლების მიხედვით 144 000 ცხებული ქრისტიანთა დასის წევრების მცირერიცხოვანი ნაწილიღაა დარჩენილი დედამიწაზე და როდესაც ისინი გარდაიცვლებიან, ხდება მათი მყისიერი, ანუ დაუყონებლივი მკვდრეთით აღდგომა. ამ სწავლების დასადასტურებლად, ზემოთ მოყვანილ ციტატაში მითითებულია, პავლე მოციქულის წერილი 1კორ.15:51-55, მაგრამ მოციქულის სიტყვებში საერთოდ არ არის ნახსენები 144 000 ქრისტიანთა დასი და არც ის, რომ ამ ქრისტიანთაგან დედამიწაზე „დარჩენილი მცირერიცხოვანი რიცხვთაგან“, ვინმეს გარდაცვალების შემთხვევაში ხდება მისი დაუყონებლივი მკვდრეთით აღდგომა. 1კორ.15:52 — ში ნათქვამია „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით.“[2] პავლე მოციქული აღნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგომა მოხდება „უკანასკნელ საყვირზე“. ამ საყვირზე ის საუბრობს თესალონიკელთა წერილშიც (1თეს.4:16-17), როდესაც უფალი მოდის და ხდება კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომა(იოან.5:28-29). არც კორინთელთა წერილში და არც თესალონიკელთა წერილში ნახსენებიც კი არ არის 144 000 ქრისტიანთა განსაკუთრებული მკვდრეთით აღდგომის პირობები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების წიგნში (გამოცხ.7:1-8; გამოცხ.14:1-5), სადაც ვკითხულობთ 144 000 ქრისტიანთა შესახებ, საერთოდ არაა საუბარი, მათი გარდაცვალებისთანავე დაუყონებლივ მკვდრეთით აღდგომაზე. უფრო მეტიც, ახალი აღთქმის არცერთ ტექსტში არ არის სწავლება 140 000 ქრისტიანთაგან „დედამიწაზე დარჩენილი მცირერიცხოვანი ნაწილიდან გარდაცვალების შემთხვევაში“ მათი დაუყონებლივი მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

 

  1. არაბიბლიური სწავლება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის უარყოფის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილში არის სწავლება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომაზე (იოან.5:28-29; საქმ.24:15) იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ანუ „ერთგული და გონიერი მონა“ ასწავლის, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელებსაც ღმერთი არასოდეს აღადგენს მკვდრეთით. ამის შესახებ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ვკითხულობთ:

ნიშნავს ეს იმას, რომ აღდგება ყველა, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია? არა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზოგი გარდაცვლილი „გეენაშია“ (ლუკა 12:5). „გეენას“ ეძახდნენ ნაგავსაყრელს, რომელიც ძველი იერუსალიმის გარეთ იყო. იქ მკვდარ ცხოველებს, ადამიანთა გვამებსა და ნაგავს წვავდნენ. გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ამ ადგილზე ყრიდნენ, ებრაელები დამარხვისა და აღდგომის ღირსად არ მიიჩნევდნენ. ამიტომაც „გეენა“ მარადიული განადგურების სათანადო სიმბოლოა. მართალია, ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ იესოა დანიშნული, მაგრამ საბოლოო განაჩენი იეჰოვას გამოაქვს (საქმეები 10:42). იგი  არასოდეს აღადგენს მათ, ვისაც, როგორც ბოროტ და გამოუსწორებელ ადამიანებს, გამოუტანა განაჩენი.“[3]

აქ მოყვანილ ციტატაში იგულისხმება, რომ მიუხედავად ქრისტეს შემდეგი სიტყვებისა „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის(იოან.5:28-29)“[4] და მიუხედავად პავლე მოციქულის სწავლებისა „…რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქმ.24:15)“[5], არის კატეგორია ხალხისა, რომლთაც ღმერთი არასოდეს აღადგენს, რადგან მათი შეხედულებით ეს ის ხალხია, რომლებიც გეენაში ხვდებიან და გეენაში მოხვედრილი ადამიანი არ აღდგება მკვდრეთით. როგორც ზემოთ მოყვანილ ციტატაში ვხედავთ ამ მოსაზრების დასადასტურებლად მითითებულია ლუკ.12:5 „მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ“, მაგრამ იესო ქრისტე არც ამ სიტყვებში, არც სახარების სხვა ტექსტში არ ასწავლის, რომ გეენაში ჩაგდებული ადამიანი არ აღდგება მკვდრეთით. ბიბლიაში არ მოიძებნება ტექსტი, რომლის თანახმადაც მზგავსი სწავლების დადასტურება არის შესაძლებელი. იეჰოვას მოწმეებს სჩვევიათ სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან საუბარში შემდეგი მოწოდება „მოდით წავიკითხოთ ის რაც წერია ბიბლიაში“, მართლაც თუ წავიკითხავთ მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მხოლოდ იმას რაც ბიბლიაში წერია, ადვილად დავრწმუნდებით, რომ წმინდა წერილში არ არის მუხლი, რომლის მიხედვითაც გარკვეული კატეგორიის ადამიანები მკვდრეთით არ აღდგებიან.

 

 

 

 

  1. არაბიბლიური სწავლება ქრისტეს სხეულის გაქრობის შესახებ

იეჰოვას მოწმეების სწავლებაში ვაწყდებით მორიგ არაბიბლიურ სწავლებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ეს ეხება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე“ ეგრედწოდებული „ერთგული და გონიერი მონა“ ასწავლის:

უნდა აღინიშნოს, რომ მკვდრეთით აღგომის შემდეგ იესო თავის მოწაფეებს ეცხადებოდა ხორციელ სხეულში. მაგრამ რატომ ვერ ცნობდნენ ზოგჯერ მას?(ლუკ.24:15-32; იოან.20:14-16). ერთხელ იესო თომას გულისთვის მოწაფეებს ხორციელ სხეულში ეჩვენა და მას ხელებზე და ფერდში ნაჭრილობევი ჰქონდა. მაგრამ როგორ აღმოჩნდა ის მოწაფეებს შორის, მაშინ როცა კარები ჩაკეტილი იყო? (იოან.20:26-27). ასეთ შემთხვევებში იესო, როგორც ჩანს, ხორცს ისხამდა იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებიც წარსულში ადამიანებს ეცხადებოდნენ. იესოს აღდგომის დროს მისი ფიზიკური სხეულის გაქრობა რთული არ იქნებოდა ღვთისთვის. თუმცა ღმერთმა სამარხიდან იესოს სხეული გააქრო (როგორც ჩანს, მოწაფეებისთვის რწმენის განსამტკიცებლად, რომ იესო ნამდვილად აღდგა), სელის ქსოვილი, რაშიც ის გაახვიეს, იქვე იყო; მიუხედავად ამისა, მოწაფეებს იესო ყოველთვის ჩაცმული ეცხადებოდა (იოან.20:6-7).[6]

ზემოთ მოყვანილ ციტატაში საყურადღებო საკითხი ის არის, რომ თითქოს ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ხორცს ისხამდა როგორც ჩანს, მოწაფეებისთვის რწმენის განსამტკიცებლად, რომ იესო ნამდვილად აღდგა[7] ,  „თუმცა ღმერთმა სამარხიდან იესოს სხეული გააქრო.[8]

იეჰოვას მოწმეების არცერთი ეს სწავლება არ შეესაბამება ბიბლიურ ტექტს. წმინდა წერილის არცერთ წიგნში არაა ნათქვამი, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეების რწენის განსამტკიცებლად ისხამდა სხეულს და რომ ღმერთმა სამარხიდან იესოს სხეული გააქრო. ლუკას სახარებაში თვითონ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ეუბნება მოწაფეებს შემდეგ სიტყვებს: «ამას ლაპარაკობდნენ, როცა იესო მათ შორის ჩადგა [[და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა“]]. ისინი კი შეძრწუნდნენ და შეშინდნენ, ეგონათ, სულს ხედავდნენ.  მან უთხრა მათ: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ (ლუკ.24:36-39).“[9]  ღთის ძის ეს სიტყვები ადასტურებს, რომ მას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აქვს ძვალი და ხორცი, ანუ მატერიალური სხეული. ქრისტეს სხეული, რომ აღსდგა მკვდრეთით და არ გაქრა, ამას ადასტურებს პეტრე მოციქულის სიტყვები, რომელიც ფსალმუნიდან ციტირებს (ფს.15(16):9-10) წინასწარმეტყველებას იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ და განმარტავს, რომ იესოს სხეული არ გაიხრწნებოდა და არც გაგქრებოდა: „ძმებო, თქვენთან შეიძლება თამამად ითქვას მამამთავარი დავითის შესახებ, რომ ის მოკვდა და დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენ შორისაა. ამიტომ, რადგან ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, შენი საზარდულის ნაყოფს დავსვამო შენს ტახტზე, მან წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ყველანი ვართ. ამიტომ, რადგანაც ის ღვთის მარჯვნივ ამაღლდა და აღთქმული წმინდა სული მიიღო მამისგან, გადმოგვაფრქვია ის, რასაც ხედავთ და ისმენთ (საქმ.2:29-33).“[10]

პავლე მოციქული ასწავლის „რომელიც ჩვენს დამცირებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით, რომლითაც შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავს დაუმორჩილოს (ფილიპ.3:21).“[11]  ქრისტეს აქვს სხეული და მისი სხეულის მგავსად იქნება გარდაქმნილი ყოველი ქრისტიანის სხეული მკვდრეთით აღდგომისას: „მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაიმკვიდრებს უხრწნელობას. წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დავიძინებთ სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით, ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით(1კორ.15:50-53).“[12]  (1თეს.4:13-18).

შევახსენოთ პატივცემულ იეჰოვას მოწმეებს „მოდით წავიკითხოთ ის რაც წერია ბიბლიაში“ და არა ის, როგორც ჩვენ გვესმის ან როგორც ჩვენ გვსურს, რომ გავიგოთ.

 

(ავტორი: ლაშა ბართია)

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ რესურსი:

  1. მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე. (Reasoning From the Scriptures), Watchtower Bible and Tract Society of New York, INC. Brooklyn, New York, U.S.A, 2007. – 445 გვ.

 

  1. რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? (What Does the Bible really teach? Georgian (bh-GE)). Watchtower Bible and Tract Society of Pennsylvania; Druck und Verlag: Wachtturm Bibel – und Traktat-Gesellschaft, Selters/Ts. 2016 წლის თებერვლის გამოცემა. დაბეჭდილია გერმანიაში. – 224 გვ.

 

  1. https://www.jw.org

[1] რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? (What Does the Bible really teach? Georgian (bh-GE)). Watchtower Bible and Tract Society of Pennsylvania; Druck und Verlag: Wachtturm Bibel – und Traktat-Gesellschaft, Selters/Ts. 2016 წლის თებერვლის გამოცემა. დაბეჭდილია გერმანიაში. -74 გვ.

[2]https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

[3] რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? (What Does the Bible really teach? Georgian (bh-GE)). Watchtower Bible and Tract Society of Pennsylvania; Druck und Verlag: Wachtturm Bibel – und Traktat-Gesellschaft, Selters/Ts. 2016 წლის თებერვლის გამოცემა. დაბეჭდილია გერმანიაში. – 73 გვ.

[4] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

[5] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

 

[6] მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე. (Reasoning From the Scriptures), Watchtower Bible and Tract Society of New York, INC. Brooklyn, New York, U.S.A, 2007. – 177-178 გვ.

[7] მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე. (Reasoning From the Scriptures), Watchtower Bible and Tract Society of New York, INC. Brooklyn, New York, U.S.A, 2007. – 177-178 გვ.

[8] მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე. (Reasoning From the Scriptures), Watchtower Bible and Tract Society of New York, INC. Brooklyn, New York, U.S.A, 2007. – 177-178 გვ.

[9] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

[10] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

[11] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.

[12] https://www.jw.org წმინდა წერილს ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდა