ქრისტეს ქადაგება და იუდეველთა არაბიბლიური გადმოცემა
იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
მკითხველის წინაშე მდებარე სტატია არ წარმოადგენს სპეციალურ კვლევას, არამედ, ის ერთგვარი შეთავაზების ფორმაა, სადაც ძირითადი აქცენტებია გადანაწილებული, რაც ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. სახარებისა და ძველი აღთქმის ტექსტების ურთიერთმიმართება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით სახარებისა და იუდეველთა გადმოცემის მიმართ ურთიერთმიმართებაზე, რადგან ეს საკითხი ნაკლებად არის განხილული. სახარების კითხვისას ადვილად შევნიშნავთ, რომ მაცხოვარი, თავისი ქადაგების დამკვიდრებისა და მეტი ხელმისაწვდომობისათვის, ებრაელთა გამო, ძველი აღთქმის ავტორიტეტს მიმართავს. ძველი აღთქმისადმი ხშირი მიმართვა, ძველი აღთქმისეული ალუზიები მისი სიტყვების ავტორიტეტულობის დამოწმებას ისახავდა მიზნად. ძველი აღთქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების პრინციპი სავსებით კანონზომიერი იყო.












