იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ
იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
ეგრეთ წოდებული აგრაფები ანუ აგრაფა (ბერძნ. ἄγραφα – „დაუწერელი“) იესო ქრისტეს გამონათქვამებია (ლოგიები), რომლებიც ოთხ კანონიკურ სახარებაში არ შესულა, არამედ ისინი ზეპირად გადაეცემოდა და ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ ჩაიწერა, რაც ეკლესიის გადმოცემას შეესაბამებოდა. აგრაფები ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში, ოფიციალურ საეკლესიო ლიტურგიკულ-კანონიკურ ძეგლებში და სხვა ძველ წყაროებში გვხვდება. ტერმინი „აგრაფები“ პირველად ლეიპციგელმა პროფესორმა ი. კერნერმა შემოიღო წიგნში „იესოს დაუწერელ გამონათქვამებზე“ (De sermonibus Christi agraphois. Lpz., 1776). პროფესორმა 16 აგრაფი გამოიკვლია. ამ ტერმინით ი. კერნერი მოწმობდა, რომ ადრეულ ეკლესიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქრისტეს გამონათქვამების ნაწილი მხოლოდ ზეპირი ტრადიციით გადაეცემოდა.












