ტერმინების — „სახარება“ და „კანონი“ — წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება
იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
ცნობილია, რომ წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისას მოციქულები ანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორის — ფილოსოფოსის, პოეტის, და ზოგადათ კლასიკოსის, და ა.შ. — ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიღწევებით სარგებლობდნენ. მოციქულებს ესმოდათ, რომ მიზნის მიღწევა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებელი წარმართის (რომლისთვისაც იუდეური აზროვნება უცხო იყო) კულტურულ-მენტალურ ნიადაგზე დადგებოდა. მოციქულებს, როგორც იუდეველებს, კარგად ესმოდათ, რომ მათი იუდეური აზროვნება ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა წარმართებისთვის ღვთივგამოცხადებული ახალაღთქმისეული სარწმუნოების ქადაგებისას (რომელიც ძველი აღთქმის სრულყოფას წარმოადგენდა და თავდაპირველად იუდეველთა წრეში იქადაგებოდა (ებრ. 10, 1, 12-14), რადგან წარმართები სრულიად განსხვავებულ კულტურულ-მენტალურ ტრადიციას მიეკუთვნებოდნენ.












