ცხოვრების საზრისის მართლმადიდებლური გაგება
ცხოვრებისეული საზრისის პრობლემა ჭეშმარიტებისა და იდეალის ძიების პრობლემაა. მისი შემეცნება განსაზღვრავს ადამიანის მოღვაწეობისა და ხასიათის ძირითად მიმართულებას. თუკი არსებითად განვიხილავთ, ამ პრობლემის გადაწყვეტას განაპირობებს ადამიანის კერძო ეგზისტენციალური განწყობა: მისი თავისუფლება, სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა. ისტორიულ არენაზე ამ საკითხის გადაწყვეტის პრეტენზიას სამი ძირითადი ძალა აცხადებს: რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება. მათი პასუხები მოკლედ შეიძლება ამგვარად გადმოვცეთ: რელიგია, რომელშიც მოვიაზრებთ რწმენის დასრულებულ სისტემას, სადაც ღმერთისა და საუკუნო ცხოვრების იდეა უმთავრესია, — ცხოვრების საზრისს ხედავს ღმერთთან ერთიანობაში. თავის მხრივ, ფილოსოფია ცხოვრების საზრისს ჭეშმარიტების რაციონალურ შეცნობაში ხედავს. რაც შეეხება მეცნიერებას, მისთვის ამ საკითხის გადაჭრა სამყაროს მაქსიმალური შემეცნებითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეს პასუხები მოითხოვს ყოვლისმომცველ ინტერპრეტაციას.












