კაცობრივი ისტორიის დასასრული

კაცობრივი ისტორიის დასასრული

სახარება შეიცავს იმის ნათელ მითითებას, რომ მატერიალურ სამყაროს დასასრული მოელის. ქრისტე ქადაგებს თავისი მოსვლისა და უკანასკნელი ჟამის დადგომის ნიშნებზე: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ( მათე 24, 4-8, 10-14, 29, 30, 36, 42).

ასევე მკაფიოდ გვამცნობენ ქრისტეს მეორედ მოსვლას მოციქულებიც; ადრექრისტიანულ ეპოქაში დიდი იყო რწმენა იმისა, რომ ქრისტეს მოსვლა მალე უნდა მომხდარიყო. მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს., ამბობს იაკობ მოციქული (იაკ. 5, 8). ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს. ამბობს პეტრე მოციქული (1 პეტ. 4, 7). იგი წერს ასევე, უკანასკნელი დღის მოულოდნელ დადგომაზე: ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ. ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს. ( 2 პეტ 3:10-13) პავლე მოციქულიც იგივეს ამბობს: ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. ( 1თეს 5: 1-3, 6 ) როგორც ჩანს, პავლე მოციქული ვარაუდობდა, რომ ქრისტეს მოსვლა მოხდებოდა მის სიცოცხლეში: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ (1კორ 15. 51) თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში იგი ამბობს: ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით. (1 თეს. 4: 15-17) თუმცა, მეორე ეპისტოლეში უკვე ხაზს უსვამს, რომ [ამასთან დაკავშირებული] სიტყვები, პირველი ეპისტოლედან, არ უნდა იყოს ზედმიწევნით გაგებული, ‘თითქოს უკვე მოიწია უფლის დღე~. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ უკანასკნელი დღის მოახლოების ნიშანი, გარდა მწუხარებებისა და უბედურებებისა, ასევე იქნება ანტიქრისტეს. მოსვლა: რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა. (2თეს. 2: 2-4, 8, 9 )

ქრისტიანობის ისტორიის ოცი საუკუნის განმავლობაში, ანტიქრისტეს შესახებ ბევრს მსჯელობდნენ და წერდნენ. რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ‘სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ~, რომელიც მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელს მიეწერება. ამ თხზულებაში ანტიქრისტეს შესახებ ნათქვამია: ‘ქრისტე გამოჩნდა კრავის სახით, ანტიქრისტეც კრავად გამოჩნდება, თუმცა შიგნიდან მგელი იქნება… ქრისტემ მოციქულები ყველა ერებთან წარგზავნა, ისიც წარგზავნის ცრუმოციქულებს~1.
წიგნში ‘სიკვდილისშემდგომი შეგონებანი ღირსისა ნილოს მირონმდინარისა~ (ეს წიგნი გამოჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, და აღწერს მე-16 საუკუნეში მოღვაწე ამ წმინდანის გამოცხადებას ერთ-ერთ ათონელ ბერთან), შესულია მრავალი წინასწარმეტყველება ანტიქრისტესა და უკანასკნელი ჟამის შესახებ2. იქ, კერძოდ, ნათქვამია, რომ ანტიქრისტე ხელში ჩაიგდებს ხელმწიფებას ქალაქებსა და სოფლებზე, იქნება მსოფლიოს განმგებელი და მბრძანებელი. ანტიქრისტეს მოსვლის წინ ქვეყანა ‘განიძარცვება კეთილი საქმეების, სიყვარულის, ერთსულოვნებისა და უბიწოებისაგან~. ეკლესია დასუსტდება ‘სასულიერო მოძღვართა მზრუნველობის სიმცირის გამო~, ანუ ქვეყანა და ეკლესია სულიერად დაკნინდება. წიგნის ავტორი წინასწარმეტყველებს სოციალიზმის დადგომას, კერძო საკუთრების ჩამორთმევას, ასევე სტიქიური უბედურებების გამრავლებას…

უნდა აღინიშნოს, რომ ‘სიკვდილისშემდგომი შეგონებანი ღირსისა ნილოს მირონმდინარისა~, მიეკუთვნება უფრო აპოკრიფებს, ვიდრე პატრისტიკულ ლიტერატურას. გარდა ამისა, რუსი მკითხველისათვის ეს წიგნი ცნობილია ძალიან ტენდენციური, არაზუსტი თარგმანით. ანტიქრისტეს სახე ამ წიგნში, არ შეესაბამება ადრექრისტიანულ წარმოდგენებს მის შესახებ. კერძოდ, წიგნში ნათქვამია მსოფლიოზე ანტიქრისტეს პოლიტიკური ხელისუფლების შესახებ მაშინ, როდესაც პავლე მოციქული და თვით ქრისტე, მიგვანიშნებენ სულიერ ხელისუფლებაზე: ანტიქრისტე გამოჩნდება ღვთის ტაძარში და თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს; ის შეეცდება ქრისტეს შეცვლას (ბერძ. antichristos სიტყვასიტყვით ნიშნავს ‘ქრისტეს ნაცვალი~). ანტიქრისტე იქნება არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური ლიდერი: ზოგიერთი თანამედროვე ავტორიტარული სექტა, რომელთა ლიდერებსაც ქრისტედ მოაქვთ თავი, ანტიქრისტეს წინამორბედებს წარმოადგენენ.

სხვადასხვა ეპოქაში ცდილობდნენ, ეწინასწარმეტყველათ ამა ქვეყნის აღსასრული, თანაც, აპოკალიპტიკური წინათგრძნობა ძლიერდებოდა იქ, სადაც მწვავდებოდა სოციალური და სხვა სახის გაჭირვება. მრგვალი თარიღების მოახლოება ასევე უწყობდა ხელს მსგავსი განწყობის გაღვივებას. ცნობილია, როგორი მითქმა-მოთქმა წარმოებდა მსოფლიოში ქრისტეს შობიდან 1000 წელს, როდესაც მზად იყვნენ ხილიასტური* წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით განემარტათ. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ბევრს ლაპარაკობდნენ ვინმე კალინიკეს, რუმინელი იღუმენის ხილვაზე, რომელსაც, თითქოს, 1848 წელს გამოეცხადნენ წმინდანები ნიკოლოზი და გიორგი, და უთხრეს, რომ ქვეყნის დასასრული ადამიდან 7500 წელს დადგებოდა, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით 1992 წელს. მაგრამ 1992 წელმა განვლო და ქვეყნის დასასრული არ მომხდარა. 2000 წელთანაც აკავშირებდნენ საშიშროებას, მაგრამ იმანაც ისე ჩაიარა, როგორც სხვა წლებმა. თითქმის ყოველ წელიწადს სულ ახალ-ახალი წინასწარმეტყველები და ნათელმხილველები ჩნდებიან ხან იქ, ხან აქ, მონიშნავენ ქვეყნის აღსასრულისა და ანტიქრისტეს მოსვლის თარიღებს. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსგავსი სახის წინასწარმეტყველებებთან? ყველას, ვინც ზემდეტად არის ამით გატაცებული, ცხადია, უნდა შევახსენოთ ქრისტეს სიტყვები: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, ( საქ 1. 7) მოწაფეების შეკითხვაზე „როდის მოხდება ეს?~ ქრისტემ უპასუხა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. ( ლუკა 21.8) ახალ აღთქმაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უფლის დღე მოულოდნელად მოვა არა მაშინ, როდესაც მას გამოიანგარიშებენ, არამედ როდესაც მას არავინ ელის. ამდენად, ყოველი მცდელობა, ქრისტეს მოსვლის თარიღის წინასწარმეტყველებისა, არის გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული შეწინააღმდეგება სახარებისა, რომელიც ჩვენგან [შეგნებულად] ფარავს ამ საიდუმლოებას.

მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მეორედ მოსვლის მოახლოებასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებდნენ არა ქრონოლოგიურ სიახლოვეზე, არამედ, უფრორე, მუდმივ შეგრძნებაზე ქრისტეს მყოფობისა ადრეულ ეკლესიაში (ხშირად გამოყენებული სიტყვა parausia ნიშნავს როგორც ‘მოსვლას~, ასევე ‘დასწრებას~), მასთან შეხვედრის მზადყოფნაზე ნებისმიერ დღესა და ჟამს. ადრეული ეკლესია ანტიქრისტეს მოსვლის შიშით კი არ ცხოვრობდა, არამედ ქრისტესთან შეხვედრის სასიხარულო და მხიარული მოლოდინით, რომლითაც უნდა დასრულდეს კაცობრიობის ისტორია. ესქატოლოგიური უკანასკნელი ჟამი დაიწყო ძე ღვთისას განხორციელების მომენტიდან და გაგრძელდება მის მეორედ მოსვლამდე. ‘ურჯულოების საიდუმლო~, რაზეც პავლე მოციქული საუბრობს (იხ. 2 თეს. 2, 7), სულ უფრო აშკარად გაცხადდება ისტორიაში. მაგრამ ბოროტების გაშიშვლების ამ პროცესის პარალელურად იწარმოებს კაცობრიობის შინაგანი მომზადება თავის მაცხოვართან შესახვედრად. ქრისტეს ბრძოლა ანტიქრისტესტან დამთავრდება ქრისტეს გამარჯვებით: უფალი იესო ურჯულოს შემუსრავს თავის ბაგეთა სულით (შდრ. 2 თეს. 2, 8). ამ გამარჯვებისკენ არის ქრისტიანთა მზერა მიპყრობილი და არა მისი წინმსწრები უბედურებებისაკენ, რომლებიც, სინამდვილეში, უკვე დიდი ხნის წინ არის დაწყებული და შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

ქვეყნის აღსასრული, რომელიც ზოგიერთ ქრისტიანს ეგზომ აშინებს, იქნება არა საყოველთაო ეკოლოგიური კატასტროფა (თუმცა ესეც შეიძლება მას წინ უძღოდეს), არამედ კაცობრიობის გამოხსნა ბოროტების, ტანჯვისა და სიკვდილისაგან. სწორედ ამის შესახებ წერს პავლე მოციქული: აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ. მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ. ( 1 კორ 15: 51-54. ესაია 25.8)

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი